Home Blog Page 2388

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში გაეჩხიროს” – ლევან ხაბეიშვილი

რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს – მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია”.

მისი თქმით, „რუსული პარტია ახორციელებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“.

„ისინი აკეთებენ ყველაფერს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ომს აბრალებენ ამერიკას, ისინი ომს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს – მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არ უნდა მოახერხოს ივანიშვილმა და თუ დაგვჭირდა პოლიტიკური ფეხებიც უნდა მივამტვრიოთ იმ კარებში ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ვეთანხმები კელი დეგნანს” – თამარ ჩიბურდანიძე

დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აუცილებელია, შევისწავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები და მოლდოვას მსგავსად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

„არის საკითხი, რაშიც სრულიად ვეთანხმები ამერიკის ელჩს, დიახ, გვერდით უნდა გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც სრულ პოლარიზაციას იწვევენ ქართულ საზოგადოებაში და ცდილობენ, დეზინფორმაციით თავს მოახვიონ საკუთარი ყალბი პოლიტიკა. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები არა მარტო გვერდით უნდა გავწიოთ, არამედ საერთოდ ჩამოვაცილოთ პოლიტიკას და თუ საჭირო იქნება, პასუხიც ვაგებინოთ ქვეყნის წინაშე განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. ასეთ შემთხვევაში სხვა ვეღარ გაბედავს მსგავს ქმედებას.

სწორედ ამ პროცესს იწყებს ჩვენი მოძრაობა შემოდგომიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება. ამ ინიციატივამ უკვე გამოიწვია დიდი მოწონება ქართველ ხალხში. დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ” – დიმიტრი მედვედევი ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ლიდერებს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ – მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.”

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასევე გადაუხადა მადლობა მედვედევს „2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, „შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება.”

“ყველა პრორუსთან ყოველთვის პოლარიზებული ვიქნები” – გიორგი ვაშაძე

მე პირადად გეუბნებით – ყველა პრორუსთან ყოველთვის პოლარიზებული ვიქნები! – დეპოლარიზაცია იმთავითვე შეუძლებელი იყო, რადგან რუსულ ინტერესებს ატარებს კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ამიტომაც არის პრობლემები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეთანხმება კელი დეგნანის განცხადებას, რომ რუსული დეზინფორმაციული ძალები დასავლეთთან ინტეგრაციის შეფერხებას ცდილობენ, “უბრალოდ, დააზუსტებს, რომ ეს ძალა არის “ქართული ოცნება”.

მან ასევე შეაფასა კელი დეგნანის ელჩობის პერიოდი და აღნიშნა, რომ უამრავი პროექტი განხორციელდა ამ პერიოდში ხალხისთვის სასიკეთოდ და ელჩს ამაში დიდი როლი აქვს. ვაშაძის განცხადებით, სხვა ხელისუფლების პირობებში, გაცილებით მეტის რეალიზების შესაძლებლობა იქნებოდა, მათ შორის, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის.

“რომ არა კელი დეგნანი, მისი პერსონალური, აქტიური მუშაობა, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა, რადგან ხელისუფლებაში გვყავს ძალა ღარიბაშვილ-კობახიძე- ივანიშვილის დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შენი მეგობარია, მტრად აქციოს. მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ადამიანს, რომ მიუხედავად მასზე პერსონალური თავდასხმებისა, “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა გაეფუჭებინა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. დღეს აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კი მოვიცილებთ “ქართულ ოცნებას”, ამ პარტნიორობას მყისიერად მივცემთ იმ დიდ პერსპექტივას, რომელიც ასე უნდა ქართველ ხალხს.

გავრილოვის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როცა დაიწყო იმის თვალნათლივ გამოაშკარავება, რომ “ქართული ოცნება” რეალურად არის რუსული ინტერესების გამტარებელი. მე პირადად გეუბნებით – ყველა პრორუსთან ყოველთვის პოლარიზებული ვიქნები, რადგან ჩემი სამშობლოს, ჩემი ქვეყნის, ჩემი პირადი არჩევანი არის ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად და არა რუსეთის მონობაში მყოფი საქართველო. შესაბამისად, აქ დეპოლარიზაცია იმთავითვე შეუძლებელი იყო, რადგან რუსულ ინტერესებს ატარებს კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ამიტომაც არის ეს პრობლემები,”- განაცხადა ვაშაძემ.

“პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისგან „ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არასდროს ყოფილა და უსაფრთხოების გარანტიები არც პრიგოჟინს უთხოვია არასდროს.

„პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე რიგში, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ მივუახლოვდით. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. მე ვეუბნები: „ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ქვეყანას, თქვენ კი პასუხი მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ ხელს უშლით ქვეყნისა და თბილისის განვითარებას” – ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს უპასუხა.

ზურაბ აბაშიძე: „ზოგიერთი ოპონენტისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელია ზაფხულში მუშაობა, რადგან შვებულებების პერიოდია. ამ პოზიციამ გუშინ კომისიის სხდომაზეც არაერთხელ გაიჟღერა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან საკრებულო ვალდებულია, ქვეყნისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წლის ნებისმიერ დროს განიხილოს.

 ამ საკითხის სიღრმეებში აღარ შევალ. აქ არის ერთი მარტივი და მნიშვნელოვანი რამე – არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელმაც დღეს თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და თქვა, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მშვიდობა. რატომ არ უნდა მშვიდობა? იმიტომ, რომ არ უნდა იყოს აღმშენებლობა, არ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა, დედაქალაქი. ალბათ,  მოეწონებოდათ მათ მსგავსად რომ ვძარცვავდეთ ხალხს, ვიჭერდეთ, ვსვამდეთ ციხეში, ვაწამებდეთ, შემდეგ გამოვძალავდეთ ქონებას და ამის ხარჯზე ვმდიდრდებოდეთ, როგორც მდიდრდებოდა წლების განმავლობაში ეს პარტია. მას შემდეგ სწორედ ამ პარტიის წევრები არიან ოპოზიციაში და მუდმივად არყევენ ქვეყანას და ყველა საკითხს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის.

 პროექტებს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, უნდა შევხედოთ იმ კუთხით, თუ როგორ სჭირდება მათი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დაახლოებით მილიარდზეა საუბარი და ეს პროექტები ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ქვეყანას, დედაქალაქს.

აქ კიდევ მეორე საკითხია, ჩვენი სხვა ოპონენტები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საკრებულოში, აწყობენ იაფფასიან სპექტაკლებს და ამბობენ ნაციონალურ მოძრაობასთან ნუ გვაიგივებთო. მინდა მათ მივმართო, ეს ნუ გაგიკვირდებათ იმიტომ, რომ ხელწერა ერთი გაქვთ, მესიჯბოქსი, განწყობები ერთი გაქვთ და საზოგადოებას ნუღარ მოსთხოვთ პასუხს, თუ რატომ არ გაძლევენ ხმას. საზოგადოება თქვენში ალტერნატივას ვერ ხედავს. ალტერნატივა არის ომი, ნაციონალური მოძრაობა და ხალხი ამას არ მიიღებს, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის საშუალებას არ მოგცემთ.

მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და დედაქალაქს პირველ რიგში, თქვენ კი პასუხი მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ ხელს უშლიდით და უშლით ქვეყნისა და თბილისის განვითარებას.‘‘

“პრიგოჟინის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა” – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის მთავრობას რაიმე კავშირი აქვს ავიაკატასტროფასთან, რომელსაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმით, აღნიშნულ ავიაკატასტროფასა და პრიგოჟინის „ტრაგიკულ დაღუპვასთან“ დაკავშირებით დასავლეთში უამრავი სპეკულაცია არსებობს, რაც „აბსოლუტური სიცრუეა”.

„ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის, ტრაგიკული დაღუპვის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის ბევრი ფაქტი არ გვაქვს, ფაქტები უნდა დაზუსტდეს ოფიციალური გამოძიების დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

“ამერიკის ელჩის მოსაზრებებზე, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება, გაყალბდეს, საწინააღმდეგო მოსაზრებები თუ გვაქვს, ეს ნორმალურია” – გია ვოლსკი

კელი დეგნანს ჰკითხეთ, რა იგულისხმა ძირის გამომთხრელ საქმიანობაში? არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოსლკის კითხვა დაუსვეს კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს“.

გია ვოლკის განაცხადებით, უმრავლესობიდან დეპუტატები საწინააღმდეგო მოსაზრებებს თუ აფიქსირებენ, ეს დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებისგან გადახვევას არ ნიშნავს.

„საპირისპირო აზრების ჭიდილი არ უნდა გაგვიკვირდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ათი წელი გავატარე, ამერიკისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ მწვავე გადაძახილები მინახავს, მათ შორის მაღალი ტრიბუნებიდან, გაერო-ში იქნება თუ ვაშინგტონში. ასეთი პოლემიკა აბსოლუტურად ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია და წარმოუდგენელ ანომალიად არ უნდა მივიჩნიოთ, ევროპისგან, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებისგან გადახვევას არ ნიშნავს. სახელმწიფომ თავისი სტრატეგია ჩამოაყალიბა და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია, რათა გადარჩეს ფიზიკურად და თავისი ხალხი სამშვიდობის გაიყვანოს. ჩვენ რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრებები თუ გვაქვს, თუნდაც ამერიკის ელჩის მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება, გაყალბდეს ან მოუწოდებს საზოგადოებას, გამოვიდნენ, რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ, ნორმალურია, თუ ამას ვუპასუხებთ. ყოველ შემთხვევაში – ამერიკელებისთვის, და ვიღაცისთვის შეიძლება, ნორმალური არ იყოს. მთავარია, მართალი იყო და შენს ქვეყანას ემსახურებოდე, რათა ამ ურთულეს პერიოდში მისი სამშვიდობოს გაყვანა უზრუნველყო.

კელი დეგნანს ჰკითხეთ, რა იგულისხმა ძირის გამომთხრელ საქმიანობაში. ეს პირველი განცხადება არ არის, თუნდაც კელი დეგნანისგან. ანომალიურად არ უნდა მივიჩნიოთ, თუ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს ამერიკელისთვის გასაკვირი არ არის. ასეთ დემოკრატიაზე ვითარდებოდა და ვითარდება დღესაც, მომავალშიც ამ დემოკრატიაზე იქნება აგებული ამერიკის შეერთებული შტატები. აზრთა და შეხედულებათა დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. არჩევნებზე აუცილებლად გამოჩნდება, ვინ როგორ ფიქრობს და ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.

„სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“ – Reuters

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“ (გაი ფოლკონბრიჯი), რომელშიც განხილულია დაპირისპირებული მხარეების დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის თალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ომმა უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ქვეყნის ეკონომიკა კი უკიდურესად დააზარალა. სააგენტო “როიტერის” ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელებზე ყველაზე დიდ გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეა. ომმა უკრაინაში უკვე შეიწირა იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე — მეორე მსოფლიო ომმა ევროპის მთელ კონტინენტზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის თვის ჩათვლით, მოკლულია 9 000 და დაშავებულია 16 000 სამოქალაქო პირი. თუმცა, ადამიანების უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანოში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.

გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსის” მიხედვით, ომმა უკრაინაში 500 000 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. იმავე გამოცემის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოკლულია 120 000 რუსი სამხედრო და დაშავებულია 170 000-დან 180 000-მდე. რაც შეეხება უკრაინული ჯარის დანაკარგებს: მოკლულია 70 000 და დაჭრილია 100 000-დან-120 000-მდე ჯარისკაცი.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის დანაკარგების შესახებ ზედმეტად გადაჭარბებულია და რომ ის პროპაგანდას ემსახურება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ომში მხოლოდ 5 937 რუსი დაიღუპა. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რუსული ჯარის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვინაიდან ამ ტიპის ახალ ამბებს სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი აქვს.

დაღუპულების რაოდენობის შესახებ არც უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინაც ამბობს, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა.

უკრაინის მოსახლეობა ომამდე 41-მილიონი იყო, 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 17.6 მილიონ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება. მათ შორის 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. გაერო ინფორმაციას ავრცელებს ევროპაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების შესახებაც. მათი მონაცემებით, ახლა ევროპის კონტინენტზე 5.9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

უკრაინელების ნაწილს საცხოვრებლის დატოვება აქტიური დაბომბვისა და ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრების გამო მოუხდა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული პირი მას შემდეგ გახდა, რაც მათ ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლი რუსულმა ჯარმა მოიპოვა.

ახლანდელი მონაცემებით, რუსეთს უკრაინის 11% აქვს ოკუპირებული. თუმცა, ეს მხოლოდ 2022 წლის ომის შემდეგ დაკავებული ტერიტორიაა. 2014 წელს ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით, რუსეთი უკრაინის 17,5%-ს აკონტროლებს.

2022 წელს უკრაინულმა ჯარმა რუსებს უკან დახევა აიძულა, მაგრამ მას შემდეგ გამორჩეულად დიდი პროგრესი არ ჰქონია. 2023 წლის ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ რამდენიმე სოფლის დაბრუნება შეძლო.

დაკარგული ტერიტორიების გარდა, ომმა უკრაინას ეკონომიკური სიდუხჭირეც მოუტანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს, უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. წელს კი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1%-დან 3%-მდე შეძლებს ზრდას.

უცნობია რა თანხა დახარჯა უკრაინამ აქამდე, ომის წარმოებისთვის. რუსეთის მიერ ომზე დახარჯული თანხის რაოდენობაც უცნობია. ეს რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოებაა.

ომის მძიმე გავლენა ეკონომიკაზე, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის პრობლემაცაა. მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გამო, დასავლურმა და აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ უმკაცრესი სანქციები დაუწესა რუსეთს და მის პროდუქციას. ამან კი გავლენა იქონია ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტზე, ინფლაციაზე და ზოგადად, ეკონომიკაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, წელს რუსეთის ეკონომიკა 1,5 %-ით გაიზრდება. 2022 წელს ეს მონაცემი 2.1% იყო.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკას შეაფერხებს მულტინაციონალური კომპანიების [ქვეყნიდან] გასვლა, ადამიანური კაპიტალის დაკარგვა და მისი გათიშვა გლობალური ფინანსური ბაზრებიდან“, – თქვა გასულ თვეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერმა ჯული კოზაკმა.

2023 წელს რუსეთმა გააორმაგა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები. მისი მიზანი 100 მილიარდი დოლარის, ანუ მთელი საჯარო დანახარჯების მესამედის – სამხედრო მიმართულებით დახარჯვაა.

რამდენადაც რუსეთის სამხედრო ხარჯები იზრდება, იმდენად სანქციები ამცირებს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსებიდან არსებულ შემოსავლებს და მოსკოვი მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას.
რუსეთმა თავისი შემოსავლის ძირითადი წყარო, ევროპული ბაზარი დაკარგა. ომის დაწყების შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე. გარდა ამისა, რუსი ოლიგარქების უმეტესობა სანქცირებულია ხოლო ქვეყანა დასავლური საფინანსო ბაზრებიდან გათიშულია.

ამერიკის “ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” დირექტორი უილიამ ბარსნი ამბობს, რომ ამ წელს პუტინმა შესაძლოა რუსეთი “ჩინეთის ეკონომიკურ კოლონად აქციოს”.

რუსეთის ომმა უკრაინაში და დასავლეთის სანქციებმა სასუქის, ხორბლის, ლითონებისა და ენერგიის ფასებზე მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც თავისთავად მიზეზია ინფლაციის ტალღისა და გლობალური სასურსათო კრიზისისა.
საუდის არაბეთის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი ექსპორტიორი და ბუნებრივი აირის, ხორბლის, აზოტის სასუქებისა და პალადიუმის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, ნავთობის საერთაშორისო ფასი, 2008 წლის შემდეგ, რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

უკრაინის დასახმარებლად, ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 43 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით. მათ შორის “სტინგერის” საზენიტო სისტემები, “ჯაველინის” საზენიტო სისტემები, 155 მმ-იანი “ჰაუბიცები” და აღჭურვილობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდასხმისგან დასაცავად. ფინანსური თვალსაზრისით, უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6299 ლარი ეღირება, ევრო – 2.8400 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3131 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6387 ლარი ღირდა, ევრო – 2.8640 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3472 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 აგვისტოს ამოქმედდება.

“სიცრუეში სული რომ გეხუთებათ იმიტომ ასრულებთ კრახით მისიას აქეთ თქვენ და იქით თქვენი მართველი პარტია” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ასე გამოეხმაურა:

“მნიშვნელოვანია ვინც ცდილობენ გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ პოლარიზაცია, გვერდით გავწიოთ!”,
– კ.დეგნანი.
სიცრუეში სული რომ გეხუთებათ, იმიტომ ასრულებთ კრახით მისიას, აქეთ თქვენ
და იქით თქვენი მართველი პარტია! გაწევას რაც შეეხება,
მიიხედ-მოიხედეთ
მთელს მსოფლიოში!” – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

“დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით” – ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ ყველგან: კომისიებზე, სხდომებზე და მათ მიერ მართულ მედიებში. ეს განცხადება ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„ბევრ ტყუილს და დეზინფორმაციას ვისმენთ თქვენგან კომისიებზეც, სხდომებზეც, თქვენს მართვად მედიებშიც და დღესაც და გუშინაც. მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას  ატყუებთ, თითქოს ჩვენ დღეს რაიმე პროექტს ვამტკიცებთ და არა განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ-ს).

სანამ თქვენ ეს ორმაგი სტანდარტები გექნებათ, მანამდე გაყოფილი გეყოლებათ ეს ქვეყანა თქვენიანებად და სხვისიანებად და მანამდე  მთელი საქართველოსთვის სხვისიანები იქნებით“, –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს  მხოლოდ ის გრგ-ები მოსწონთ, რომლებიც მათ  პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ეხება.

„ლისი დეველოპმენტი მოგწონთ? ხაზარაძის გამო ჭაობად გადაქცეული ლისის ტბა მოგწონთ? სანამ მხოლოდ თქვენთან დაკავშირებული ადამიანების გრგ-ები მოგეწონებათ და არ მოგეწონებათ ისინი, ვინც ამ ქვეყანას განვითარებას მოუტანს, მანამდე სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებით. დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით“,  –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.