„მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ქვეყანას, თქვენ კი პასუხი მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ ხელს უშლით ქვეყნისა და თბილისის განვითარებას” – ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას

87
spot_img

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს უპასუხა.

ზურაბ აბაშიძე: „ზოგიერთი ოპონენტისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელია ზაფხულში მუშაობა, რადგან შვებულებების პერიოდია. ამ პოზიციამ გუშინ კომისიის სხდომაზეც არაერთხელ გაიჟღერა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან საკრებულო ვალდებულია, ქვეყნისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წლის ნებისმიერ დროს განიხილოს.

 ამ საკითხის სიღრმეებში აღარ შევალ. აქ არის ერთი მარტივი და მნიშვნელოვანი რამე – არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელმაც დღეს თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და თქვა, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მშვიდობა. რატომ არ უნდა მშვიდობა? იმიტომ, რომ არ უნდა იყოს აღმშენებლობა, არ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა, დედაქალაქი. ალბათ,  მოეწონებოდათ მათ მსგავსად რომ ვძარცვავდეთ ხალხს, ვიჭერდეთ, ვსვამდეთ ციხეში, ვაწამებდეთ, შემდეგ გამოვძალავდეთ ქონებას და ამის ხარჯზე ვმდიდრდებოდეთ, როგორც მდიდრდებოდა წლების განმავლობაში ეს პარტია. მას შემდეგ სწორედ ამ პარტიის წევრები არიან ოპოზიციაში და მუდმივად არყევენ ქვეყანას და ყველა საკითხს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის.

 პროექტებს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, უნდა შევხედოთ იმ კუთხით, თუ როგორ სჭირდება მათი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დაახლოებით მილიარდზეა საუბარი და ეს პროექტები ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ქვეყანას, დედაქალაქს.

აქ კიდევ მეორე საკითხია, ჩვენი სხვა ოპონენტები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საკრებულოში, აწყობენ იაფფასიან სპექტაკლებს და ამბობენ ნაციონალურ მოძრაობასთან ნუ გვაიგივებთო. მინდა მათ მივმართო, ეს ნუ გაგიკვირდებათ იმიტომ, რომ ხელწერა ერთი გაქვთ, მესიჯბოქსი, განწყობები ერთი გაქვთ და საზოგადოებას ნუღარ მოსთხოვთ პასუხს, თუ რატომ არ გაძლევენ ხმას. საზოგადოება თქვენში ალტერნატივას ვერ ხედავს. ალტერნატივა არის ომი, ნაციონალური მოძრაობა და ხალხი ამას არ მიიღებს, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის საშუალებას არ მოგცემთ.

მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და დედაქალაქს პირველ რიგში, თქვენ კი პასუხი მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ ხელს უშლიდით და უშლით ქვეყნისა და თბილისის განვითარებას.‘‘