„სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“ – Reuters

97
spot_img

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“ (გაი ფოლკონბრიჯი), რომელშიც განხილულია დაპირისპირებული მხარეების დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის თალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ომმა უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ქვეყნის ეკონომიკა კი უკიდურესად დააზარალა. სააგენტო “როიტერის” ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელებზე ყველაზე დიდ გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეა. ომმა უკრაინაში უკვე შეიწირა იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე — მეორე მსოფლიო ომმა ევროპის მთელ კონტინენტზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის თვის ჩათვლით, მოკლულია 9 000 და დაშავებულია 16 000 სამოქალაქო პირი. თუმცა, ადამიანების უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანოში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.

გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსის” მიხედვით, ომმა უკრაინაში 500 000 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. იმავე გამოცემის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოკლულია 120 000 რუსი სამხედრო და დაშავებულია 170 000-დან 180 000-მდე. რაც შეეხება უკრაინული ჯარის დანაკარგებს: მოკლულია 70 000 და დაჭრილია 100 000-დან-120 000-მდე ჯარისკაცი.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის დანაკარგების შესახებ ზედმეტად გადაჭარბებულია და რომ ის პროპაგანდას ემსახურება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ომში მხოლოდ 5 937 რუსი დაიღუპა. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რუსული ჯარის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვინაიდან ამ ტიპის ახალ ამბებს სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი აქვს.

დაღუპულების რაოდენობის შესახებ არც უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინაც ამბობს, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა.

უკრაინის მოსახლეობა ომამდე 41-მილიონი იყო, 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 17.6 მილიონ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება. მათ შორის 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. გაერო ინფორმაციას ავრცელებს ევროპაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების შესახებაც. მათი მონაცემებით, ახლა ევროპის კონტინენტზე 5.9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

უკრაინელების ნაწილს საცხოვრებლის დატოვება აქტიური დაბომბვისა და ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრების გამო მოუხდა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული პირი მას შემდეგ გახდა, რაც მათ ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლი რუსულმა ჯარმა მოიპოვა.

ახლანდელი მონაცემებით, რუსეთს უკრაინის 11% აქვს ოკუპირებული. თუმცა, ეს მხოლოდ 2022 წლის ომის შემდეგ დაკავებული ტერიტორიაა. 2014 წელს ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით, რუსეთი უკრაინის 17,5%-ს აკონტროლებს.

2022 წელს უკრაინულმა ჯარმა რუსებს უკან დახევა აიძულა, მაგრამ მას შემდეგ გამორჩეულად დიდი პროგრესი არ ჰქონია. 2023 წლის ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ რამდენიმე სოფლის დაბრუნება შეძლო.

დაკარგული ტერიტორიების გარდა, ომმა უკრაინას ეკონომიკური სიდუხჭირეც მოუტანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს, უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. წელს კი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1%-დან 3%-მდე შეძლებს ზრდას.

უცნობია რა თანხა დახარჯა უკრაინამ აქამდე, ომის წარმოებისთვის. რუსეთის მიერ ომზე დახარჯული თანხის რაოდენობაც უცნობია. ეს რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოებაა.

ომის მძიმე გავლენა ეკონომიკაზე, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის პრობლემაცაა. მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გამო, დასავლურმა და აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ უმკაცრესი სანქციები დაუწესა რუსეთს და მის პროდუქციას. ამან კი გავლენა იქონია ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტზე, ინფლაციაზე და ზოგადად, ეკონომიკაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, წელს რუსეთის ეკონომიკა 1,5 %-ით გაიზრდება. 2022 წელს ეს მონაცემი 2.1% იყო.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკას შეაფერხებს მულტინაციონალური კომპანიების [ქვეყნიდან] გასვლა, ადამიანური კაპიტალის დაკარგვა და მისი გათიშვა გლობალური ფინანსური ბაზრებიდან“, – თქვა გასულ თვეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერმა ჯული კოზაკმა.

2023 წელს რუსეთმა გააორმაგა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები. მისი მიზანი 100 მილიარდი დოლარის, ანუ მთელი საჯარო დანახარჯების მესამედის – სამხედრო მიმართულებით დახარჯვაა.

რამდენადაც რუსეთის სამხედრო ხარჯები იზრდება, იმდენად სანქციები ამცირებს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსებიდან არსებულ შემოსავლებს და მოსკოვი მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას.
რუსეთმა თავისი შემოსავლის ძირითადი წყარო, ევროპული ბაზარი დაკარგა. ომის დაწყების შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე. გარდა ამისა, რუსი ოლიგარქების უმეტესობა სანქცირებულია ხოლო ქვეყანა დასავლური საფინანსო ბაზრებიდან გათიშულია.

ამერიკის “ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს” დირექტორი უილიამ ბარსნი ამბობს, რომ ამ წელს პუტინმა შესაძლოა რუსეთი “ჩინეთის ეკონომიკურ კოლონად აქციოს”.

რუსეთის ომმა უკრაინაში და დასავლეთის სანქციებმა სასუქის, ხორბლის, ლითონებისა და ენერგიის ფასებზე მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც თავისთავად მიზეზია ინფლაციის ტალღისა და გლობალური სასურსათო კრიზისისა.
საუდის არაბეთის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი ექსპორტიორი და ბუნებრივი აირის, ხორბლის, აზოტის სასუქებისა და პალადიუმის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, ნავთობის საერთაშორისო ფასი, 2008 წლის შემდეგ, რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

უკრაინის დასახმარებლად, ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 43 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით. მათ შორის “სტინგერის” საზენიტო სისტემები, “ჯაველინის” საზენიტო სისტემები, 155 მმ-იანი “ჰაუბიცები” და აღჭურვილობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდასხმისგან დასაცავად. ფინანსური თვალსაზრისით, უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია.

წყარო