Home Blog Page 2380

“45 წლის წინ თქვენ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს ვერავინ წაგართმევთ”

გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, – ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული.

„გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“.

45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.

გილოცავთ დედაენის დღეს!“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მილოცვაში.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

” ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დედაენა თითოეული ქართველისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია.

მისი თქმით, 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია, რადგან ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16 საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ” – ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

“წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა.

14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ.

ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე – წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.

ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე ტარდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება სადგამი, “საფლავი”. სასულიერო პირები კი მსახურების დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

ტაძარში ერთხელ შემოტარების შემდეგ გარდამოხსნას სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო აღდგომამდე მაცხოვარის სამი დღე საფლავში ყოფნისა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეცაა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, უფლის მოწაფეები საქადაგებლად სხვადასხვა ადგილას გაემგზავრნენ, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

“ევროპა და გვარამია ციხეში ერთად როგორაა?” – ნანუკა ჟორჟოლიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  მიმართავს.

“ევროპაა ჩვენი მომავალიო რომ ამბობთ, ქოცებზე მეტად ფარისეველი ხართ. ევროპა და გვარამია ციხეში ერთად როგორაა? ან, რომელი ევროპის ნაწილია შეშინებული პრეზიდენტი, რომელიც პატიმარს ვერ იწყალებს.

ბლა ბლა ბლა. ეს ხართ თქვენ,” – წერს ჟურნალისტი.

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მუშაობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რუტინული მოვალეობების შესრულებას. სანამ ბიზნესწინადადებას დათანხმდებით, გირჩევთ ყველა წვრილმანი განიხილოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წინადადებას დათანხმდეთ.

კურო

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და რთული საკითხების გადაჭრა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობის ძველ გზაზე უარი თქვათ და ინოვაციური მეთოდები გამოიყენოთ. ეს საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და, შესაბამისად, საქმიანი აქტივობა მოიკლებს. ახალი ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მოგივათ იდეა, რომელსაც მალე მოგებიანად გამოიყენებთ. პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. სავარაუდოდ, უცნობ გარემოში აღმოჩნდებით, რომელთანაც სწრაფი ადაპტაცია უნდა შეძლოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარი პასუხისმგებლობას სხვებს არ გადააბაროთ – სავარაუდოდ, კოლეგები ან ახლობლები თქვენს იმედს არ გაამართლებენ და მათი საქმის თავიდან კეთება მოგიწევთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

ქალწული

პრობლემები უკან დარჩა, ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და მივიწყებული საქმე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი

მთლიანობაში, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა სამსახურში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაძლევა და უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცოთ. სასურველია, საღამოს საყვარელ ადამიანებს სამომავლო გეგმები შეუთანხმოთ.

მორიელი

ამჟამად ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დროა. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა მოგიწიათ – ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სიახლეებში ადვილად გაერკვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაძაბულმა მუშაობამ დიდი ძალა წაგართვათ, ამიტომ იმუნიტეტის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ და არ ინერვიულოთ, თუ მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ამ დღეს ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კოლეგებთან და ხელქვეითებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანები მზად არიან გულწრფელად და უანგაროდ დაგეხმარონ, მთავარია, სიამაყე დაძლიოთ და დახმარება სთხოვოთ.

 

“მისტერ ოფშორა”- BBC ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს

BBC  ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გამოაქვეყნა.

თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

BBC-ის  ჟურნალისტი ყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც. მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს.

ფილმში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრები, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა ჩატარდა.

BBC-ის  ასევე ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან. ფილმში ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან.

თაღლითური სქემით დაზარალებული პენსიონერი ცოლ-ქმარი ფილმში ყვება, რომ მათ 340 000 ფუნტი დაკარგეს.

„გვეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: ფილ, იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში“, – ყვება ერთ-ერთი დაზარალებული.

ერთ-ერთი ქართველი, ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც BBC-სთან  ანონიმურად საუბარი არჩია, აცხადებს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რას აკეთებდა.

„სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როდესაც მუშაობა დავიწყე, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდით. როდესაც გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიანების გამო, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ“, – აცხადებს ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი.

ფილმში გერმანელი პროკურორი აცხადებს, რომ საქმის სამართლებრივი კუთხით უნდა დაინტერესდეს ბრიტანეთის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

„უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ არ შეგვიძლია, გადავარჩინოთ მსოფლიო. უკვე ისედაც ძალიან რთულია, გადავარჩინოთ გერმანიის ბაზარი. როგორც ვიცი, ბრიტანეთში უნდა იყოს გარკვეული სამართალდამცავი ორგანო. მათი მთავარი პასუხისმგებლობაა, ამას შეხედონ სამართლებრივი პერსპექტივიდან. ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია“, – განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.

მანამდე BBC-იმ  გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.

BBC-ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.

BBC-ის  ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.  როგორც BBC- წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, სამართლდამცველების სანქცირებული ოპერაცია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ დაიტონში ჩატარდა. ტეიშეირა საკუთარ სახლში დააკავეს. 21 წლის ჯეკ ტეშეირა მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის დაზვერვის განყოფილების წევრი იყო.

„იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ჯეკ ტეიშეირა ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო შენახვისა და გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. ტეიშეირა შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია. გამოძიება გრძელდება და დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოკუმენტების გაჟონვის შესახებ პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აცნობა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფით საიდუმლოა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ე.წ. ქოლცენტრების საქმე – “ევროჯასტი” და “ევროპოლი” განცხადებას ავრცელებენ

„ევროჯასტი“ და „ევროპოლი“ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც, სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა, ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია.

განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთ არაკანონიერ ქოლცენტრში. ეს ოპერაცია არის 2021 წლის იმავე თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელება.

2021 წელს ამ კოორდინირებულმა მოქმედებამ, დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და მტკიცებულებების დაგროვებამ შესაძლებელი გახადა ოპერაციის ჩატარება 2023 წლის მარტში. მანამდე თაღლითობის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი, სულ მცირე, 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ახალი ინფორმაციის საფუძველზე, თაღლითური სქემის უკან არსებულმა კრიმინალურმა ქსელმა უფრო დიდი ფინანსური ზიანი გამოიწვია და კიდევ ბევრი ადამიანია დაზარალებული.

„ევროჯასტმა“ 2023 წლის იანვარში მხარი დაუჭირა ონლაინთაღლითობის სქემების შესახებ საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა და ორი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებას ახალი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, სააგენტო დაეხმარა ევროპული დაპატიმრების ორდერების, ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნების შესრულებაში. სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში. სპეცოპერაცია ჩატარდა „ევროპოლის“ სპეციალისტების მხარდაჭერით.

განცხადების მიხედვით, სპეცოპერაციის მხარდასაჭერად „ევროპოლმა“ შექმნა სპეციალური ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერას. ბოლო სამოქმედო დღეებში „ევროპოლმა“ ექსპერტები გაგზავნა ისრაელში და დისტანციურად – „ევროჯასტის“ საკოორდინაციო ცენტრში. სპეცოპერაციის დროს ამოიღეს მთელი რიგი ძვირადღირებული ქონება, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ელექტრონული აღჭურვილობა, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები, მრავალი დოკუმენტი და მონაცემთა შემნახველი მოწყობილობები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თაღლითობის უკან არსებული ქსელი იზიდავდა ინვესტორებს ვებსაიტებზე განთავსებული პროფესიონალური ბანერებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული რეკლამების საშუალებით. ამისთვის კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქოლცენტრებს იყენებდნენ. თაღლითები თავიანთ მსხვერპლს ეუბნებოდნენ, რომ თავდაპირველად გაეკეთებინათ მცირე ინვესტიციები, 200-დან 250 ევრომდე, აჩვენებდნენ მაღალ მოგებას ყალბი გრაფიკებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. დაზარალებულებს დაუკავშირდნენ ეგრეთ წოდებული პირადი ფინანსური მრჩევლები, რომლებიც დაჰპირდნენ უფრო მაღალ მოგებას უფრო დიდ ინვესტიციებზე. ეს მაღალი ინვესტიციები შემდგომში დაიკარგა, უკანონო მოგებები კი დამნაშავეთა ანგარიშებზე ირიცხებოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თაღლითობის სქემა, სავარაუდოდ, 2019-დან 2021 წლების დროის მონაკვეთში მოქმედებდა. 2021 წელს ოპერაციებში ეჭვმიტანილებმა ან მათმა თანამოაზრეებმა ხელახლა შექმნეს ქოლცენტრები ბულგარეთსა და რუმინეთში. დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ამ პერიოდში ინვესტორები დაინტერესებული იყვნენ მაღალი რისკის ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციების ჩადებაში, როგორიცაა ბინარული ვარიანტები. ბინარული ვარიანტი ხშირად ექვემდებარება თაღლითობას, შესაბამისად, გამოიყენება ონლაინთაღლითობაშიც. მსგავსი ვარიანტები უმეტეს შემთხვევაში არის ფიქსირებული თანხები, რომლებიც ემსახურება სარისკო ფინანსური ტრანზაქციების ან აქტივების თეორიული ფასის გარანტიას.

1tv.ge

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და  პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასევე აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რატომ გადაიდო პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტი -ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიზიტის გადადების მიზეზს განმარტავს.

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად. ამიტომ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, – ნათქვამია განცხადებაში.