„ევროჯასტი“ და „ევროპოლი“ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც, სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა, ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია.
განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთ არაკანონიერ ქოლცენტრში. ეს ოპერაცია არის 2021 წლის იმავე თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელება.
2021 წელს ამ კოორდინირებულმა მოქმედებამ, დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და მტკიცებულებების დაგროვებამ შესაძლებელი გახადა ოპერაციის ჩატარება 2023 წლის მარტში. მანამდე თაღლითობის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი, სულ მცირე, 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ახალი ინფორმაციის საფუძველზე, თაღლითური სქემის უკან არსებულმა კრიმინალურმა ქსელმა უფრო დიდი ფინანსური ზიანი გამოიწვია და კიდევ ბევრი ადამიანია დაზარალებული.
„ევროჯასტმა“ 2023 წლის იანვარში მხარი დაუჭირა ონლაინთაღლითობის სქემების შესახებ საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა და ორი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებას ახალი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, სააგენტო დაეხმარა ევროპული დაპატიმრების ორდერების, ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნების შესრულებაში. სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში. სპეცოპერაცია ჩატარდა „ევროპოლის“ სპეციალისტების მხარდაჭერით.
განცხადების მიხედვით, სპეცოპერაციის მხარდასაჭერად „ევროპოლმა“ შექმნა სპეციალური ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერას. ბოლო სამოქმედო დღეებში „ევროპოლმა“ ექსპერტები გაგზავნა ისრაელში და დისტანციურად – „ევროჯასტის“ საკოორდინაციო ცენტრში. სპეცოპერაციის დროს ამოიღეს მთელი რიგი ძვირადღირებული ქონება, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ელექტრონული აღჭურვილობა, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები, მრავალი დოკუმენტი და მონაცემთა შემნახველი მოწყობილობები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თაღლითობის უკან არსებული ქსელი იზიდავდა ინვესტორებს ვებსაიტებზე განთავსებული პროფესიონალური ბანერებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული რეკლამების საშუალებით. ამისთვის კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქოლცენტრებს იყენებდნენ. თაღლითები თავიანთ მსხვერპლს ეუბნებოდნენ, რომ თავდაპირველად გაეკეთებინათ მცირე ინვესტიციები, 200-დან 250 ევრომდე, აჩვენებდნენ მაღალ მოგებას ყალბი გრაფიკებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. დაზარალებულებს დაუკავშირდნენ ეგრეთ წოდებული პირადი ფინანსური მრჩევლები, რომლებიც დაჰპირდნენ უფრო მაღალ მოგებას უფრო დიდ ინვესტიციებზე. ეს მაღალი ინვესტიციები შემდგომში დაიკარგა, უკანონო მოგებები კი დამნაშავეთა ანგარიშებზე ირიცხებოდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თაღლითობის სქემა, სავარაუდოდ, 2019-დან 2021 წლების დროის მონაკვეთში მოქმედებდა. 2021 წელს ოპერაციებში ეჭვმიტანილებმა ან მათმა თანამოაზრეებმა ხელახლა შექმნეს ქოლცენტრები ბულგარეთსა და რუმინეთში. დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ამ პერიოდში ინვესტორები დაინტერესებული იყვნენ მაღალი რისკის ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციების ჩადებაში, როგორიცაა ბინარული ვარიანტები. ბინარული ვარიანტი ხშირად ექვემდებარება თაღლითობას, შესაბამისად, გამოიყენება ონლაინთაღლითობაშიც. მსგავსი ვარიანტები უმეტეს შემთხვევაში არის ფიქსირებული თანხები, რომლებიც ემსახურება სარისკო ფინანსური ტრანზაქციების ან აქტივების თეორიული ფასის გარანტიას.
1tv.ge