მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

73
spot_img

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და  პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასევე აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.