Home Blog Page 2378

და ვინჩის ,,საიდუმლო სერობა” – შექმნის ისტორია

,,საიდუმლო სერობის” დახატვის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა.

ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ ქუჩაში მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..ასე რომ, ქრისტეც და იუდაც ერთი და იმავე ადამიანის სახეა ამ ცნობილ ტილოზე.

სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში

სულთან სალადინის (1137-1193) სიგელი გაცემულია ჯვაროსნული იერუსალიმის დაცემის შემდეგ. ძეგლის შინაარსიც სწორედ ამ ისტორიული კონტექსტით არის განსაზღვრული. ჯვაროსნული მმართველობისას იერუსალიმის ბერძნული, მართლმადიდებელი საპატრიარქოს უფლებები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ქალაქის დაცემისას ბერძნულმა საპატრიარქომ ისარგებლა სალადინთან ბიზანტიელთა მეგობრული ურთიერთობით და წმინდა ქალაქში კვლავ გაბატონებული ადგილი დაიკავა. სალადინის მიერ წმინდა მიწაზე აღმოსავლელი ქრისტიანების პრივილეგირების მიზეზი არცთუ რთული გასაგებია. ჯვაროსნები წმინდა ქალაქის კვლავ გამოხსნას სწორედ აღმოსავლელ ქრისტიანებთან კოალიციით გეგმავდნენ. ამიტომ სალადინმა აღმოსავლელებს წმინდა მიწაზე იმაზე უკეთესი პირობები შეუქმნა, ვიდრე მათ ჯვაროსნების მმართველობისას ჰქონდათ.

სალადინისგან პრივილეგირებულ აღმოსავლელ ქრისტიანთა შორის პირველ ადგილს ბერძნები და ქართველები იკავებენ, რომელთაც, აბისინიელებთან ერთად, წმინდა საფლავის ტაძარში შესვლისას, სხვა ქრისტიანი ხალხებისგან განსხვავებით, არანაირი გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. სიგელი იერუსალიმის ბერძენ პატრიარქს ძალაუფლებას ანიჭებს ქალაქში მყოფ ყველა აღმოსავლელ ქრისტიანზე, ასევე, პირველ ადგილს აღდგომის ტაძარსა და ქრისტეს საფლავის ტაძარში.

5-1671972717.jpg
სალადინის შესვლა იერუსალიმში 1187 წელს. შუა საუკუნეების მინიატურა

ბეჰა ად-დინი გადმოგვცემს, რომ ქართველთა მეფემ (თამარმა, ცხადია) სალადინს მოციქული გაუგზავნა და წმინდა მიწაზე გარკვეული პრივილეგიები მოსთხოვა. წყარო ამით ამოიწურება, დანარჩენზე ავტორი რატომღაც დუმს, ამიტომ ამ სანახევრო ცნობის საფუძველზე ძნელია ითქვას, აღასრულა თუ არა სალაჰ ად-დინმა თამარის მოთხოვნები. არსებობს ჟაკ დე ვიტრის კარგად ცნობილი მითითებაც იერუსალიმში ქართველი მომლოცველების პრივილეგიების შესახებ, მაგრამ ეს ცნობები XIII საუკუნის ათიან წლებს ეხება და არა სალადინის ეპოქას… ბეჰა ად-დინის დუმილის მიზეზი, ვფიქრობ, გასაგებია. იგი ცდილობს, სალადინი უკომპრომისო მუსლიმ მმართველად წარმოადგინოს. შესაბამისად, არ სურს საუბარი იმ დათმობებზე, რომელზე წასვლამაც სალადინს ძლევამოსილ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან – საქართველოსთან მოუწია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სულთან სალადინის სიგელი შეუფასებელი ღირებულების პირველწყაროა, სადაც თავად სალადინი განსაზღვრავს იმ პრივილეგიებს, რაც წმინდა მიწაზე ქართველებმა მიიღეს.

სალადინის სიგელი

“მე, სალაჰ ედ დინი, სულთანი ეგვიპტისა და მისი პროვინციებისა, პალესტინისა, იერუსალიმისა, ნაბლუსი, დამასკოსი და მიმდებარე მიწათა, ვბრძანებ, რომ რუმის (რომის, ბერძენთა) სამეუფეო ერის მოწესეთაგან, მათ მღვდელთაგან და ასევე ქართველთაგან, კოპტთაგან და აბისინიელთაგან მომავალნი კამამეს (აღდგომის ტაძარი) მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს, არამედ ისარგებლებენ საგადასახადო შეუვალობით.

ვბრძანებ, რომ ბერძენთა პატრიარქი, რომელიც მკვიდრობს აქ, იქნება თავი ყველა სხვა ნაზარეველი ერისგან მომავალთათვის – სომეხთათვის, კოპტთათვის, სირიელთათვის, ნესტორიანელთათვის, ფრანგთათვის და ყველა სხვა ნაზარეველი ხალხისათვის. ის იქნება, ვინც იუფროსებს კამამეში. ის იქნება, ვინც შევა იესოს საფლავში, აიღებს იქ ცეცხლს და მისცემს ყველა ნაზარეველს.

ამიერიდან, კამამე იქნება ხელშეუხებელი და ნურცერთი მუსლიმი ნუ გარდაქმნის მას მეჩეთად. აჰა! რასაც ვბრძანებ, ნურც ერთი მუსლიმი ნუ გადავა ჩემს ბრძანებას”. წარმოდგენილი დოკუმენტი თარგმნილია ტექსტის ფრანგულენოვანი გამოცემიდან: Moschopoulos N., La Terre Sainte essai sur I’histoire politique et diplomatique des lieux saints de la chretienite, Athènes, 1957, 365.

45-1671973457.png
ედიკულე (XIX საუკუნის აკლდამა) ქრისტეს საფლავზე

* * *

თამარის ისტორიკოსი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს, თუ რა თავდადებით ზრუნავდა ძლევამოსილი დედოფალი ზოგადად იერუსალიმელი ქრისტიანებისთვის და არა მხოლოდ იქ არსებული ქართული სამონასტრო კოლონიებისთვის: “…ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა. ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თვით უკუნსცის და ყოველი ჭირი დაჭირებული აღიღის მათგან” (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქტორობით, ტ. 2, თბილისი, 1959, 141-142).

ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობ ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, პაპ ინოკენტი III-ის წერილში ლაშა-გიორგისადმი აღნიშნულია, რომ ლაშას წინამორბედი ქართველთა მეფეები ძლიერად იცავდნენ წმინდა მიწას (Hunter F., Histoire du Pape Innocent, Tome 3, Paris, 1855, 133.) ამ მაგალითის მოყვანით გამოცდილი დიპლომატი ინოკენტი III ცდილობდა ლაშას დათანხმებას ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე.

შუა საუკუნეების პაპობის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა აქ, ფაქტობრივად, ირიბად იმეორებს “ქართლის ცხოვრების” ცნობებს თამარისგან წმინდა მიწის განსაკუთრებული მფარველობის შესხებ. ამავე სინამდვილეს ასახავს არაპირდაპირ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის შემდეგი ცნობაც: “ივერიის ყველაზე ღვთისმოსავი მეფეები იყვნენ მფარველნი და ქტიტორნი სიცოცხლის მომნიჭებელი საფლავისა (ქრისტეს საფლავისა) და სხვა თაყვანსაცემი ადგილებისა. რადგან ბერძნებისა და ფრანკების არაბებთან და ეგვიპტის სულთანთან ბრძოლის დროს მონასტრები გაპარტახდა და მიუახლოვდა აღსასრულს, ივერიის მეფეები კი მხარში ამოუდგნენ მათ” (ალექსიძე ლ., უცხოელთა და უცხო სარწმუნოების მიმდევართა უფლებრივი მდგომარეობა შოთა რუსთველის ეპოქის საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.125, #6, თბილისი, 1968). რა იგულისხმება იერუსალიმის მონასტერთათვის “მხარში ამოდგომაში”, პირდაპირაა ნათქვამი ლაშა-გიორგისდროინდელ ისტორიკოსთან – თამარმა “რომელნიმე დარღუეულნი აღაშენა, რომელნიმე მათითა საფასოთა დაიხსნნა ხარკისაგან უცხო თესლთასა”). 1192 წელს თამარმა მოახერხა ქართველი ბერების – აღდგომელების ქრისტეს საფლავის ტაძარში დამკვიდრება. ამასთანავე, მან მოიპოვა უფლება დაზიანებული ტაძრების აღდგენისა (Hunt L.A., Earsten Christian Art and Culture in the Ayyubid and Early MamLuk Periods: Cultural Convergence between Jerusalem, Greater Syria and Egypt, in: Ayyuibid Jerusalem: The Holy City in Context 1187-1250, Edited by R. Hillenbrand And S. Auld, London, 2009, 328.)

დასასრულ, მკითხველის ყურადღებას მივაქცევ კიდევ ერთ მრავლისმეტყველ, უცნობ წყაროს, XIII საუკუნის დომინიკანელ ბერს – ფრა თომას კანტიმპრესს, რომელიც იერუსალემისადმი თამარის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრისას, აცხადებს, რომ “მებრძოლ ქალთა უმამაცესი მოდგმის” ამ დედოფალმა, “მიანიჭა თავის თავს ტიტული ტამპლიერისა და უფლის საფლაველისა”. (ბ. ჭიჭინაძე “საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები”, 2022, 83, 84).

რა თქმა უნდა, ამ ცნობის პირდაპირ გაგება მისი ვულგარიზება და სამეცნიერო ღირებულების შებღალვა იქნება. ცხადია შეუძლებელია, თამარი ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ტამპლიერთა ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია წმინდა მიწისა და მისი ქრისტიანების დაცვა იყო და ფართო მნიშვნელობით, ტამპლიერებად შეიძლება მიჩნეულიყვნენ წმინდა მიწის გავლენიანი ქრისტიანი მფარველებიც. ამ აზრით კი თამარი მართლაც უპირველესი ტამპლიერი იყო. საინტერესოა ფრა თომასის მითითება, რომ თამარი ამავე დროს იყო “უფლის საფლაველიც”, ამ ყველაზე საპატიო ქრისტიანული ტიტულის მფლობელები კი ხშირად სწორედ უფლის საფლავთან იკრძალებოდნენ. ჩანს, სწორედ ამ გარემოებას ეხმაურება ფრანგი რაინდის, ჟილბერ დე ბუას ნახევრად ლეგენდარული ცნობა თამარის უფლის საფლავთან დაკრძალვის გეგმის შესახებ.

საგულისხმოა, რომ ფრა თომასის მიხედვით თამარი განკერძოებით არ დგას, ის “უმამაცეს ქალთა” პლეადითაა გარშემორტყმული. ქართველ ქალთა ეს შორს გავარდნილი სახელი გვახსენებს დინარ დედოფლის (რომლის ისტორიული პროტოტიპიც თამარია) სიტყვებს: “მთელ მსოფლიოს მისწვდება ხმა ქართველ ქალთა დიდების შესახებ”. ყველა ამ წინამძღვრის შემდეგ უფრო კარგად გასაგები ხდება ერთი წარმოუდგენელი ფაქტი, რომლის შესახებაც ევროპული ლიტერატურის საუკეთესო მკვლევრები ჰანს ვან დეიკი და ვილემ ნოუმენი წერენ: “ელეონორა აკვიტანელს სურდა მიმსგავსებოდა ქართველ ქალბატონებს…” (Hans van Dijk, Willem Noomen – “Aspects de l’épopée romane”, 1995, 127). ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურისთვის ჯერაც უცნობი წყაროებიდან ჩანს, რომ თამარი ამ ეპოქის ევროპაში მიჩნეულია სრულიად საქრისტიანოს მცველ რაინდ დედოფლად, რადგან ერთი მხრივ, ის იცავს დარიალის აპოკალიფსურ და ცივილიზაციათშორის კარიბჭეს, მეორეს მხრივ კი, ფრა თომასის ჩვენებით ის “ტამპლიერიცაა”, მფარველობს წმინდა მიწას.

4-3-1671972717.jpg
თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა

თამარის თანამედროვე ელეონორას სურვილი, “მიმსგავსებოდა ქართველ ქალბატონებს…” სწორედ ზემოთ მოტანილი გარემოებებით უნდა აიხსნებოდეს. ნიშანდობლივია თამარის მემატიანის ცნობაც, რომ “ფრანგნი თამარის ქებათა მელექსეობდიან”. ჩანს, ელეონორას სურდა, ყოფილიყო ქრისტიანობის მცველი ისეთი რაინდი, როგორიც თომას კანტიმპრესის მიხედვით იყვნენ თამარი და მისი ბანოვნები.

ამ პერიოდის ზოგი წყარო საქართველოს მოიხსენიებს, როგორც ფემინია მაჯორა – დიდი საქალებო, ქალთა დიდი მიწა… შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ელეონორას იდეალებიც საქართველოსთან ყოფილიყო დაკავშირებული.

საიდან იღებს სათავეს სააღდგომო პასკის ტრადიცია?

აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრისტე აღდგა!“.

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასკა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

 

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?

 

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.

 

ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასკა?

 

რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასკაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია – პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი.

 

და პასკის წინამორბედი რა იყო?

 

სააღდგომო პასკის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს.

პასკა რა არის?

კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ.

თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მითუმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.

თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს  მთელი მსოფლიო  განსაკუთრებულად აღნიშნავს. საქართველოში  ამ დღეს  კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს ლამაზად აფორმებენ, საბერძნეთში თიხის ჭურჭელს ამსხვრევენ, ისრაელში კი ადამიანები სიმბოლურად გადიან იმავე გზას, რომელიც იესომ ქრისტემ  ჯვარცმამდე გაიარა.

მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ  ქვეყნებშიც:

საფრანგეთი

მაგალითად,  საფრანგეთის ქალაქ ჰაუხში  სააღდგომოდ მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგანგიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად, სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა კვერცხები მოეტანათ და ომლეტიმოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს.

ვატიკანი

კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, ვატიკანში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას. ამ დროს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.

საბერძნეთი 

საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, დიდ შაბათს მოსახლეობა აივნებიდან ტაფებსა და ქვაბებს ისვრის.  ძველი ნივთების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე” ნადირობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები. ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან.

პოლონეთი

„სმინგუს-დინგუსი”, – ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს, რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ.

გვატემალა

გვატემალაში არც მეტი , არც ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ. მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტენულს იყენებს. ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.

ფლორენცია

ფლორენციის მცხოვრებლები ყოველ წელს სკორპიო დელ კაროს, იგივე „ეტლის აფეთქებას” აღნიშნავენ. დეკორატიული ეტლს, რომელიც ფოიერვერკებითაა სავსე, მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.

მიუხედავად განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებისა, მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელიან და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს სიხარულით ზეიმობენ.

“ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”- კახა კალაძე

სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა უსურვა და აღნიშნა, რომ მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება.

„ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაული, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც გაესვა ხაზი. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ, მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მიუღებელია”-პატრიარქი

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

„სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მეს“ პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მემდე“ მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი, ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად

“დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!” -პატრიარქი

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ, მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი).

ქრისტე აღდგა! დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად, თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ“.

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.

„სასუფეველი ცათა იძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად

” ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება”- პატრიარქი

ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ გარდაცვლილთათვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება.

„როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა. მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა. ,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29). გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44) და მაინც, რა არის ამის საფუძველი? იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად. როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5). წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც… თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა. ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში. თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის. ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს. ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23). ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა”, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

 პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა!

დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ. ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს. ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.
„სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.

როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.

მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

“მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29). გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)

და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5).

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც…

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.
ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.

ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23).

ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

სამწუხაროდ, ადრეც და, მით უმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.

რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.

მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“.

ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ.

მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი.

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.

თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების… შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.

„ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.

მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს.
ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.

საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,
მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.

ქრისტე აღდგა!

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, – აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.

,,გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, აღდგომას ლიტურგიას რაჭაში, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ოჯახთან ერთად ხვდება.

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველა ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ სულიერ სიძლიერესა და სიხარულს!

აღდგომა მორწმუნეთათვის გამორჩეული დღესასწაულია, რადგან ის არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, სულიერი განახლების ზეიმი!

წელს აღდგომას, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად რაჭაში, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ვხვდები. ათასი წლის წინ აგებული ეს ტაძარი საუკეთესოდ აერთიანებს ქართული სულიერი და ეროვნული გენის სიდიადეს და მადლობა უფალს, რომ აღდგომის ლიტურგია ნიკორწმინდაში ათასი წლის მერეც ტარდება.

მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ ყველას. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი მიქაუტაძე ლიდერთა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

გიორგი მიქაუტაძე „მეცისა” და „ბორდოს“ (3:0) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეა, – ასეთია sofascore-ის შეფასება.

 

ფეხბურთის ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერების შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს 8.4 ქულა დაუწერა, რაც ყველა დანარჩენი მოთამაშის შედეგს ბევრად აღემატება. მაგალითისთვის მეორე ადგილზე მყოფი აბლი იალოუს შეფასება იკმარებს, რომელმაც მხოლოდ 7.7 ქულა მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ სეზონის საშუალო მაჩვენებლებითაც ლიდერობს – 22 წლის ქართველის შეფასება 7.20-ია და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულშია.

 

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-მა მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონ ევრომდე გაზარდა, ხოლო ლიგა 2-ის გვერდმა გიორგი მარტის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაში დაასახელა და დიდი შანსია, თვის ფეხბურთელი გახდეს (იხილეთ ბმული)

 

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „ბორდოსთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – პირველ ნახევარში მასზე აღებული ჯარიმისთვის მეტოქის მეკარე გააძევეს და „მეცმა“ ამ უპირატესობით შესვენების შემდეგ ისარგებლა. ქართველმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, რითიც გუნდს გამარჯვება მოუტანა – 3:0.

ბორდოში ავტომობილი ხალხში შევარდა (ფოტოები)

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ავტომობილი ხალხში შევარდა. შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი არასანქცირებულ რბოლებში მონაწილეობდა. მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით უხვევდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ ხალხში შევარდა.

მომხდარის შემდეგ მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა ის უკვე დააკავეს.