სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში

131
spot_img

სულთან სალადინის (1137-1193) სიგელი გაცემულია ჯვაროსნული იერუსალიმის დაცემის შემდეგ. ძეგლის შინაარსიც სწორედ ამ ისტორიული კონტექსტით არის განსაზღვრული. ჯვაროსნული მმართველობისას იერუსალიმის ბერძნული, მართლმადიდებელი საპატრიარქოს უფლებები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ქალაქის დაცემისას ბერძნულმა საპატრიარქომ ისარგებლა სალადინთან ბიზანტიელთა მეგობრული ურთიერთობით და წმინდა ქალაქში კვლავ გაბატონებული ადგილი დაიკავა. სალადინის მიერ წმინდა მიწაზე აღმოსავლელი ქრისტიანების პრივილეგირების მიზეზი არცთუ რთული გასაგებია. ჯვაროსნები წმინდა ქალაქის კვლავ გამოხსნას სწორედ აღმოსავლელ ქრისტიანებთან კოალიციით გეგმავდნენ. ამიტომ სალადინმა აღმოსავლელებს წმინდა მიწაზე იმაზე უკეთესი პირობები შეუქმნა, ვიდრე მათ ჯვაროსნების მმართველობისას ჰქონდათ.

სალადინისგან პრივილეგირებულ აღმოსავლელ ქრისტიანთა შორის პირველ ადგილს ბერძნები და ქართველები იკავებენ, რომელთაც, აბისინიელებთან ერთად, წმინდა საფლავის ტაძარში შესვლისას, სხვა ქრისტიანი ხალხებისგან განსხვავებით, არანაირი გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. სიგელი იერუსალიმის ბერძენ პატრიარქს ძალაუფლებას ანიჭებს ქალაქში მყოფ ყველა აღმოსავლელ ქრისტიანზე, ასევე, პირველ ადგილს აღდგომის ტაძარსა და ქრისტეს საფლავის ტაძარში.

5-1671972717.jpg
სალადინის შესვლა იერუსალიმში 1187 წელს. შუა საუკუნეების მინიატურა

ბეჰა ად-დინი გადმოგვცემს, რომ ქართველთა მეფემ (თამარმა, ცხადია) სალადინს მოციქული გაუგზავნა და წმინდა მიწაზე გარკვეული პრივილეგიები მოსთხოვა. წყარო ამით ამოიწურება, დანარჩენზე ავტორი რატომღაც დუმს, ამიტომ ამ სანახევრო ცნობის საფუძველზე ძნელია ითქვას, აღასრულა თუ არა სალაჰ ად-დინმა თამარის მოთხოვნები. არსებობს ჟაკ დე ვიტრის კარგად ცნობილი მითითებაც იერუსალიმში ქართველი მომლოცველების პრივილეგიების შესახებ, მაგრამ ეს ცნობები XIII საუკუნის ათიან წლებს ეხება და არა სალადინის ეპოქას… ბეჰა ად-დინის დუმილის მიზეზი, ვფიქრობ, გასაგებია. იგი ცდილობს, სალადინი უკომპრომისო მუსლიმ მმართველად წარმოადგინოს. შესაბამისად, არ სურს საუბარი იმ დათმობებზე, რომელზე წასვლამაც სალადინს ძლევამოსილ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან – საქართველოსთან მოუწია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სულთან სალადინის სიგელი შეუფასებელი ღირებულების პირველწყაროა, სადაც თავად სალადინი განსაზღვრავს იმ პრივილეგიებს, რაც წმინდა მიწაზე ქართველებმა მიიღეს.

სალადინის სიგელი

“მე, სალაჰ ედ დინი, სულთანი ეგვიპტისა და მისი პროვინციებისა, პალესტინისა, იერუსალიმისა, ნაბლუსი, დამასკოსი და მიმდებარე მიწათა, ვბრძანებ, რომ რუმის (რომის, ბერძენთა) სამეუფეო ერის მოწესეთაგან, მათ მღვდელთაგან და ასევე ქართველთაგან, კოპტთაგან და აბისინიელთაგან მომავალნი კამამეს (აღდგომის ტაძარი) მოსალოცად არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს, არამედ ისარგებლებენ საგადასახადო შეუვალობით.

ვბრძანებ, რომ ბერძენთა პატრიარქი, რომელიც მკვიდრობს აქ, იქნება თავი ყველა სხვა ნაზარეველი ერისგან მომავალთათვის – სომეხთათვის, კოპტთათვის, სირიელთათვის, ნესტორიანელთათვის, ფრანგთათვის და ყველა სხვა ნაზარეველი ხალხისათვის. ის იქნება, ვინც იუფროსებს კამამეში. ის იქნება, ვინც შევა იესოს საფლავში, აიღებს იქ ცეცხლს და მისცემს ყველა ნაზარეველს.

ამიერიდან, კამამე იქნება ხელშეუხებელი და ნურცერთი მუსლიმი ნუ გარდაქმნის მას მეჩეთად. აჰა! რასაც ვბრძანებ, ნურც ერთი მუსლიმი ნუ გადავა ჩემს ბრძანებას”. წარმოდგენილი დოკუმენტი თარგმნილია ტექსტის ფრანგულენოვანი გამოცემიდან: Moschopoulos N., La Terre Sainte essai sur I’histoire politique et diplomatique des lieux saints de la chretienite, Athènes, 1957, 365.

45-1671973457.png
ედიკულე (XIX საუკუნის აკლდამა) ქრისტეს საფლავზე

* * *

თამარის ისტორიკოსი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს, თუ რა თავდადებით ზრუნავდა ძლევამოსილი დედოფალი ზოგადად იერუსალიმელი ქრისტიანებისთვის და არა მხოლოდ იქ არსებული ქართული სამონასტრო კოლონიებისთვის: “…ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა. ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თვით უკუნსცის და ყოველი ჭირი დაჭირებული აღიღის მათგან” (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქტორობით, ტ. 2, თბილისი, 1959, 141-142).

ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობ ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, პაპ ინოკენტი III-ის წერილში ლაშა-გიორგისადმი აღნიშნულია, რომ ლაშას წინამორბედი ქართველთა მეფეები ძლიერად იცავდნენ წმინდა მიწას (Hunter F., Histoire du Pape Innocent, Tome 3, Paris, 1855, 133.) ამ მაგალითის მოყვანით გამოცდილი დიპლომატი ინოკენტი III ცდილობდა ლაშას დათანხმებას ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე.

შუა საუკუნეების პაპობის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა აქ, ფაქტობრივად, ირიბად იმეორებს “ქართლის ცხოვრების” ცნობებს თამარისგან წმინდა მიწის განსაკუთრებული მფარველობის შესხებ. ამავე სინამდვილეს ასახავს არაპირდაპირ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის შემდეგი ცნობაც: “ივერიის ყველაზე ღვთისმოსავი მეფეები იყვნენ მფარველნი და ქტიტორნი სიცოცხლის მომნიჭებელი საფლავისა (ქრისტეს საფლავისა) და სხვა თაყვანსაცემი ადგილებისა. რადგან ბერძნებისა და ფრანკების არაბებთან და ეგვიპტის სულთანთან ბრძოლის დროს მონასტრები გაპარტახდა და მიუახლოვდა აღსასრულს, ივერიის მეფეები კი მხარში ამოუდგნენ მათ” (ალექსიძე ლ., უცხოელთა და უცხო სარწმუნოების მიმდევართა უფლებრივი მდგომარეობა შოთა რუსთველის ეპოქის საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.125, #6, თბილისი, 1968). რა იგულისხმება იერუსალიმის მონასტერთათვის “მხარში ამოდგომაში”, პირდაპირაა ნათქვამი ლაშა-გიორგისდროინდელ ისტორიკოსთან – თამარმა “რომელნიმე დარღუეულნი აღაშენა, რომელნიმე მათითა საფასოთა დაიხსნნა ხარკისაგან უცხო თესლთასა”). 1192 წელს თამარმა მოახერხა ქართველი ბერების – აღდგომელების ქრისტეს საფლავის ტაძარში დამკვიდრება. ამასთანავე, მან მოიპოვა უფლება დაზიანებული ტაძრების აღდგენისა (Hunt L.A., Earsten Christian Art and Culture in the Ayyubid and Early MamLuk Periods: Cultural Convergence between Jerusalem, Greater Syria and Egypt, in: Ayyuibid Jerusalem: The Holy City in Context 1187-1250, Edited by R. Hillenbrand And S. Auld, London, 2009, 328.)

დასასრულ, მკითხველის ყურადღებას მივაქცევ კიდევ ერთ მრავლისმეტყველ, უცნობ წყაროს, XIII საუკუნის დომინიკანელ ბერს – ფრა თომას კანტიმპრესს, რომელიც იერუსალემისადმი თამარის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრისას, აცხადებს, რომ “მებრძოლ ქალთა უმამაცესი მოდგმის” ამ დედოფალმა, “მიანიჭა თავის თავს ტიტული ტამპლიერისა და უფლის საფლაველისა”. (ბ. ჭიჭინაძე “საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები”, 2022, 83, 84).

რა თქმა უნდა, ამ ცნობის პირდაპირ გაგება მისი ვულგარიზება და სამეცნიერო ღირებულების შებღალვა იქნება. ცხადია შეუძლებელია, თამარი ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ტამპლიერთა ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია წმინდა მიწისა და მისი ქრისტიანების დაცვა იყო და ფართო მნიშვნელობით, ტამპლიერებად შეიძლება მიჩნეულიყვნენ წმინდა მიწის გავლენიანი ქრისტიანი მფარველებიც. ამ აზრით კი თამარი მართლაც უპირველესი ტამპლიერი იყო. საინტერესოა ფრა თომასის მითითება, რომ თამარი ამავე დროს იყო “უფლის საფლაველიც”, ამ ყველაზე საპატიო ქრისტიანული ტიტულის მფლობელები კი ხშირად სწორედ უფლის საფლავთან იკრძალებოდნენ. ჩანს, სწორედ ამ გარემოებას ეხმაურება ფრანგი რაინდის, ჟილბერ დე ბუას ნახევრად ლეგენდარული ცნობა თამარის უფლის საფლავთან დაკრძალვის გეგმის შესახებ.

საგულისხმოა, რომ ფრა თომასის მიხედვით თამარი განკერძოებით არ დგას, ის “უმამაცეს ქალთა” პლეადითაა გარშემორტყმული. ქართველ ქალთა ეს შორს გავარდნილი სახელი გვახსენებს დინარ დედოფლის (რომლის ისტორიული პროტოტიპიც თამარია) სიტყვებს: “მთელ მსოფლიოს მისწვდება ხმა ქართველ ქალთა დიდების შესახებ”. ყველა ამ წინამძღვრის შემდეგ უფრო კარგად გასაგები ხდება ერთი წარმოუდგენელი ფაქტი, რომლის შესახებაც ევროპული ლიტერატურის საუკეთესო მკვლევრები ჰანს ვან დეიკი და ვილემ ნოუმენი წერენ: “ელეონორა აკვიტანელს სურდა მიმსგავსებოდა ქართველ ქალბატონებს…” (Hans van Dijk, Willem Noomen – “Aspects de l’épopée romane”, 1995, 127). ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურისთვის ჯერაც უცნობი წყაროებიდან ჩანს, რომ თამარი ამ ეპოქის ევროპაში მიჩნეულია სრულიად საქრისტიანოს მცველ რაინდ დედოფლად, რადგან ერთი მხრივ, ის იცავს დარიალის აპოკალიფსურ და ცივილიზაციათშორის კარიბჭეს, მეორეს მხრივ კი, ფრა თომასის ჩვენებით ის “ტამპლიერიცაა”, მფარველობს წმინდა მიწას.

4-3-1671972717.jpg
თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა

თამარის თანამედროვე ელეონორას სურვილი, “მიმსგავსებოდა ქართველ ქალბატონებს…” სწორედ ზემოთ მოტანილი გარემოებებით უნდა აიხსნებოდეს. ნიშანდობლივია თამარის მემატიანის ცნობაც, რომ “ფრანგნი თამარის ქებათა მელექსეობდიან”. ჩანს, ელეონორას სურდა, ყოფილიყო ქრისტიანობის მცველი ისეთი რაინდი, როგორიც თომას კანტიმპრესის მიხედვით იყვნენ თამარი და მისი ბანოვნები.

ამ პერიოდის ზოგი წყარო საქართველოს მოიხსენიებს, როგორც ფემინია მაჯორა – დიდი საქალებო, ქალთა დიდი მიწა… შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ელეონორას იდეალებიც საქართველოსთან ყოფილიყო დაკავშირებული.