Home Blog Page 2373

„არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ – The New Yorker

ამერიკულ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ (The New Yorker) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ (ავტორი – ქეით გესენი), რომელშიც სერიოზულად არის განხილული ის პოზიცია, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია როგორც უკრაინის, ასევე ამერიკულ ისტებლიშმენტში: რა არის იმისთვის საჭირო, რომ როგორმე შეჩერდეს ომი რუსეთთან მოლაპარაკების გზით. ამ პოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერს წარმოადგენს სემუელ ჩარაპი – აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენის“ (Rand Corporation) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სემუელ ჩარაპი, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზეა გაზრდილი, ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში დაინტერესდა რუსული ლიტერატურით, შემდეგ კი, ამჰერსტის კოლეჯში სწავლისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკით. ოქსფორდის უნივერსიტეტში დისერტაციის მომზადებისას იგი რამდენჯერმე მოსკოვშიც იყო და კიევშიც. როცა 2009 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო, სემუელ ჩარაპმა მუშაობა დაიწყო „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ – ვაშინგტონის ლიბერალურ ანალიტიკურ ორგანიზაციაში. იმ დროს ახალი დამთავრებული იყო რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მოახდენდა და შეხების წერტილებს მოძებნიდა. სემუელ ჩარაპმა მხარი დაუჭირა თეთრი სახლის ამ ძალისხმევას და დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა ჩამოეყალიბებინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პროგრესული კურსი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა მატულობდა.

მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტებისადმი სამხედრო მხარდაჭერის შემდეგ, 2014 წელს, სემუელ ჩარაპმა ჰარვარდელ პოლიტოლოგთან ტიმოთი კოლტონთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „აგებს ყველა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის წინა ისტორიაა განხილული. წიგნის ავტორების მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა თავისი ძალები უკრაინაში მოსინჯეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო, მაგრამ მოაქცია რა უკრაინა ისეთ სიტუაციაში, რომ კიევი იძულებული ხდებოდა ან რუსეთი აერჩია, ან დასავლეთი, ამით კრემლმა ამერიკას და ევროპას ხელი შეუწყო კონფლიქტის გაღვივებაში. საბოლოოდ კი ყველამ წააგო.

სემუელ ჩარაპის დღევანდელ პოზიციას რუსეთის მიმართ ბევრი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი მოღალატურად თვლის. იგი რუსეთის გავლენის აგენტად მიაჩნიათ. სხვათა შორის, მის მიმართ „პრორუსულობის“ ბრალდებას ისიც აძლიერებს, რომ სემუელ ჩარაპი „ვალდაის კლუბის“ ფორუმებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება ხოლმე. რუსეთში ჩატარებულ ფორუმებზე იგი, სხვა ექსპერტებთან ერთად, ხშირად უსმენდა ვლადიმერ პუტინს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკობდა. „რუსეთუმეობის“ ბრალდებებზე სემუელ ჩარაპი პასუხობს, რომ „ვალდაის კლუბის“ ფორუმებში მონაწილეობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ახლოს მისულიყო ვლადიმერ პუტინთან და გაეგო, თუ რა სურდა მას.

სემუელ ჩარაპმა კორექტულად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოხდებოდა. იგი მხოლოდ იმაში შეცდა, რომ ფიქრობდა – შეჭრის შედეგად რუსეთი ელვისებურად მიაღწევდა თავის მიზნებს და აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული „ჯაველინები“ და „სტინგერები“ კიევს რიგ მომენტებში მაინც გამოადგებოდა.

სემუელ ჩარაპი მხარს არ უჭერს მოსკოვის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ბევრ ნაბიჯს – მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას 2016 წელს და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე თავდასხმას. ამასთან, იგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მცდარია: სემუელ ჩარაპი მიუთითებს, რომ სანქციების დაწესება სასარგებლოა მაშინ, როცა მისი მოხსნის შესაძლებლობაც არსებობს და როცა დარწმუნებული ხარ, რომ სანქციადადებული ქვეყანა თავის კურსს შეცვლის. მაგრამ აშშ-ის კანონები სანქციების შესახებ, რომლებიც 2017 წლის შემდეგ იქნა მიღებული, კონგრესმენების მიერ ისეა დაწერილი, რომ პრაქტიკულად ვერცერთი პრეზიდენტი მათ ვერ გააუქმებს.

ამჟამინდელ მდგომარეობას, როცა ომს ჯერ დასასრული არ უჩანს, სემუელ ჩარაპი კიდევ ერთ შეცდომად თვლის: ჯერ ერთი, რომ მისი აზრით, არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. მეორე – „დიპლომატია უნდა განვასხვაოთ ძალოვანი ზეწოლისაგან. დიპლომატია ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმის მისაღწევად, რისიც ძალოვანი ზეწოლითაც შეიძლება“, – ამბობს სემუელ ჩარაპი და ამ მხრივ კორეის ომს იხსენებს: მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას ჯერ კიდევ 1951 წლის ივლისში მიუსხდნენ, როცა ომს დასასრული არ უჩანდა. მართალია, დავა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის დღემდე არაა მოგვარებული, მაგრამ ცეცხლი შეწყდა, საომარი მოქმედებები დასრულდა და უკვე 70 წელია კორეის ნახევარკუნძულზე ნგრევა და სიკვდილი აღარ არის.

ბევრ დასავლელ ექსპერტს აქვს არგუმენტი, რომ აშშ-სა და ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთს სტრატეგიულად დაასუსტებს. სემუელ ჩარაპი თვლის, რომ ეს მიზანი – რუსეთის დასუსტება – უკვე მიღწეულია, რაც ომის დაწყების დროს განხორციელდა. ომის გაგრძელება დასუსტებას არაფერს აღარ ამატებს, მხოლოდ დამატებით პრობლემებს უქმნის იმათ, ვისაც ამის მიღწევა უნდოდა. „სუსტი რუსეთი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არა სრულიად იზოლირებული, მსოფლიოსაგან გარიყული, გაყინული რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება“, – ციტირებს ავტორი სემუელ ჩარაპის პოზიციას.

რუსეთის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი იმაშია, რომ თუ ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები დაკმაყოფილდება, მაშინ კრემლი გადაწყვეტს, რომ მისი დამპყრობლური გეგმები მუშაობს და კიდევ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს, რაც, სემუელ ჩარაპის აზრით, სუსტი არგუმენტია და მტკიცედ დასაბუთებული არ არის. დიახ, კრიტიკოსები შეიძლება მართლები არიან, რომ რუსეთი ამბიციების მქონე სახელმწიფოა, მაგრამ ერთია ამბიციები, მეორეა – შესაძლებლობები. სემუელ ჩარაპის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს ახალი დაპყრობების ძალა და შესაძლებლობა არ აქვს.

იგი არ თვლის, რომ ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკება „ერთი-ერთზე“ უნდა აწარმოოს და უკრაინას „უნდა გადაახტეს“. პირიქით, სემუელ ჩარაპი დარწმუნებულია, რომ აშშ-მა წინასწარ მხოლოდ უკრაინასთან (ევროკავშირთან ერთად) უნდა შეათანხმოს პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოსკოვთან. ასეთი პოზიცია შეიძლება ტერიტორიულ დათმობების შესაძლებლობასაც გულისხმობდეს. „მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინამ რაღაც აუცილებლად უნდა დათმოს. უბრალოდ, შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ“, – ამბობს ამერიკელი მკვლევარი.

ბუნებრივია, ასეთი პოზიცია დღეს ძალზე არაპოპულარულია უკრაინულ საზოგადოებაში, რომელმაც კარგად იცის რუსული ოკუპაციის საშინელი რეალიები, მაგრამ სტატიის ავტორმა ქეით გესენმა მაინც მოძებნა და ესაუბრება ერთ-ერთ ყოფილ უკრაინელ ჩინოვნიკს, რომელიც იზიარებს სემუელ ჩარაპის კომპრომისულ პოზიციას და მას ანონიმურობის პირობებით ესაუბრება. ჩინოვნიკი თვლის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო განწყობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა სიკვდილის საშინელებას აბსოლუტურად ყოველი ოჯახი იგრძნობს. „ჯერ-ჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ საქმე ამისკენ მიდის“.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი „პრორუსული“ პოზიციის გამო სემუელ ჩარაპს საკმაოდ მწარედ აკრიტიკებენ და მის მიმართ დამცინავ ეპითეტებს არ იშურებენ, იგი ამბობს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას დასავლური პოლიტიკის შეცვლის მიზნით: „უკრაინის ომი თავისი სირთულის მიხედვით უმაღლესი კატეგორიის „ხანძარს“ მიეკუთვნება. მე ცეცხლმოდებული სახლის გვერდით მშვიდად ვერ გავივლი. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: ცეცხლს დროზე თუ არ ჩააქრობ, ყველაფერი ბევრად უარესად იქნება“, – ასე აყალიბებს თავის პოზიციას სემეელ ჩარაპი.

წყარო

“ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან, სკამის გარშემო სირბილია” – გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავის „ქურქუმალ ვაითით” ნამდვილად არ ჩამოუვარდება მოწინააღმდეგე ფრთას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ბაჩო დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მიდის მცდელობა ივანიშვილის მმართველობა კეზერაშვილის მმართველობით ჩანაცვლდეს და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხშირი ხსენების მიზანია, „რაიმე არ დააბრალონ”.

„ბაჩო დოლიძე ცდილობს თავის ფრთა “ქართულ ოცნებასთან” არანაკლებ მებრძოლად გამოაჩინოს, ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ხშირად ახსენებს, რომ ვინმემ რამე არ დააბრალოს. თუმცა, ფაქტია, ეს სისტემა დალპა, რადგან მუდმივად იყო ძალადობრივი, არავინ არავის აზრს არ ითვალისწინებდა, არსებობდა ერთი აზრი, ახლა ეს ერთი აზრი ორად გაიყო და ბრძოლა მიდის, რომ კეზერაშვილის ფულს დაეუფლონ. ერთმა ფრთამ ამ ბრძოლაში წააგო და ახლა ცდილობს, განცხადებებით მაინც დააბალანსოს ეს. მეორე ფრთამ ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ როგორც ერთი, ისე მეორე ფრთა ინარჩუნებს მთავარ ამოცანას – განავითაროს დესტაბილიზაციის სტრატეგია. გვარების წამოძახილი და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები არის ანტურაჟი შინაარსის, რომელიც არ იმალება. მაგრამ დღემდე ველოდებით იქნებ, რაღაც იქნებ აგროდაზღვევაზე გვითხრან, ან საპენსიო ფონდზე დემაგოგიას თავი დაანებონ და რეალურად საკითხებზე ვილაპარაკოთ ამ მთლიან შიდა პროდუქტის ზრდის შედეგად რესურსების სწორად განაწილებაზე, ან საგარეო პოლიტიკაზე ჩინეთთან იქნება ეს თუ ევროპულ ბაზრებთან. ამ თემებზე იმდენად დაბალია ინტელექტუალური მზაობა პოლიტიკური სუბიექტების, რომ ერთადერთი თემა, რითაც საინფორმაციო სივრცეში შემოდიან არის სკამის გარშემო სირბილი, ამ სკამზე უკვე ზის ლევან ხაბეიშვილი და მე ვიტყოდი, თავის „ქურქუმალ ვაითით“ არ ჩამოუვარდება ნამდვილად მოწინააღმდეგე ფრთას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

“პრეზიდენტი იმეორებს იმ პოლიტიკოსთა რიტორიკას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის საწინააღმდეგოდ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი კი ცდილობს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გაამართლოს.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, სალომე ზურაბიშვილი იმ პოლიტიკოსთა რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.

„სწორია, სტატუსი რომ არ მოგვცესო – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი!

მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა!

მაშინ, როდესაც, თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს, გაამართლოს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!

ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად!

ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას!

ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

“პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს” – მამუკა ხაზარაძე

საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნება” კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს.

“საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).

თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს!

ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია“, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

“თუ ვინმე იმისთვის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს” – გიორგი ბოტკოველი

წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება და დადგმული სცენარები პარტიას არაფერს დააკლებს.

„დღეს პარტიიდან წასვლის კვირეული დაიწყო ალბათ და მერე პარტიის შექმნის კვირეულს გამოაცხადებს, უკეთესი იქნება ყველამ თავის საქმეს მიხედოს. იმედა კევლიშვილმა უკვე მეორედ დატოვა პარტია, იანვრის ბოლოს, როდესაც მას იგივე სტატუსი ჰქონდა გამზადებული, უბრალოდ ფრაქცია ეწერა მაშინ, ახლა ჩაანაცვლა პარტიით. მაშინ არ მისცეს უფლება, რომ პარტიიდან წასულიყო. მთავარი არის ერთი რამ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი აქტიურობა მაგალითად კახეთში. ყველა ადამიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ღირებულია, მაგრამ თვითონაც არ ახსოვდა, რომ პარტიის წევრი იყო და დღეს უთხრეს, ეს განცხადება გაეკეთებინა. ამიტომ, ყველაფერი კარგად იქნება, წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, როგორც იმედა კევლიშვილმა აღნიშნა, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არის კატასტროფა.

„ყველაფერი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დროს, ღიად განვაცხადე, რომ მხარს ვუჭერდი ნიკა მელიას, რადგან მიუღებელი იყო ჩემთვის ბრძოლის კულვარული მეთოდები. ნიკა მელია დამარცხდა და ამ დღიდან დაიწყო ბოიკოტი ჩვენ მიმართ, ვინც ნიკა მელიას ვუჭერდით მხარს. რაც პარტიაში ხდება, არის კატასტროფა, არაფორმალური მმართველობა. როცა შენ ედავები ხელისუფლებას და ეუბნები, რომ შენ გაქვს არაფორმალური მმართველობა, იმავეს არ უნდა აკეთებდე შენ პარტიაში. მე არ მიმაჩნია ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ“, – განაცხადა იმედა კევლიშვილმა.

“მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ”

მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, მოვყვე ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ. რამდენიმე დღის წინ ჩემი ოჯახის წევრს კურორტზე დამსვენებლების ოჯახი შეხვდა: „როგორ ვნერვიულობთ მიშაზე“, „რა უსამართლობა ხდება მის თავს“, „ძალიან გვიყვარს, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ“. ეს ბოლო ფრაზები, რომ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, ძალიან ბევრჯერ გამიგია და მინდა, გითხრათ, ძალიან ხმამაღლა გითხრათ, ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რომ ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და იმ ზიანზე, რაც მას მოაქვს საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენ გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება.

ჩვენ ვართ ძალიან ბევრი – აბსოლუტური უმრავლესობა. უმცირესობა, რომელიც ბოროტებას და უსამართლობას ჩადის, დგას ამ თქვენს „ხმამაღლა ვერ ვამბობზე“.

მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ. ესეც დასაფასებელია, მაგრამ ჩვენ, ყველას ერთად, აქ, ადგილზე გვყავს გადასარჩენი საქართველო, ჩვენ არ ვართ „ფარჩაკების“ ერი, ჩვენ ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, შინდისის გმირები სულ ახლახან გვყავდა.

ჩვენ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს!

ჩემთვის ასე ყურში ჩაჩურჩულებული „მიშა ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთის“ გადმოცემა უფრო მტკივნეულია, ვიდრე არაფრის თქმა, თქვით ხმამაღლა და ეს პოსტიც მოიწონეთ. მიყვარხართ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“პუტინს პრობლემები აქვს უკრაინაში, მაგრამ მას მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩინეთში”

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Jounal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიოს ხედი კრემლიდან არცთუ ისე ცუდად მოჩანს: პუტინს პრობლემები აქვს უკრაინაში, მაგრამ მას მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩინეთში“ (ავტორი – უოლტერ მიდი, პროფესორი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი შეხედვით, ირგვლივ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ეს ვლადიმერ პუტინს სურს. კონტრშეტევის ჩარჩოებში უკრაინა ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რუსეთის სავალუტო რეზერვები მცირდება, ხოლო ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ფიასკომ მოქმედი ხელისუფლების სტრუქტურაში არსებული ბზარები გამოავლინა. ამის მიუხედავად, ყურადღებით თუ დავაკვირდებით, კრემლიდან მსოფლიოს ხედი არცთუ ისე ცუდად მოჩანს, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის ოპონენტებს წარმოუდგენიათ.

რუსეთის ლიდერის თავდაპირველი გეგმები წარუმატებელი აღმოჩნდა, კიევმა მოსკოვი აიძულა ომი დაქანცვა-გამოფიტვამდე გაეგრძელებინა, მაგრამ, თავის მხრივ, უკრაინასაც აქვს საკუთარი პრობლემები. ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაობენ იმაზე, თუ ვინაა დამნაშავე უკრაინის არმიის კონტრშეტევის გაჭიანურებაში. ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს, რომ სავარაუდოდ, აშშ ვეღარ შეძლებს ამდენი მოცულობის დახმარების სამომავლოდ მიცემას, მეორე კონტრშეტევის მომზადებისათვის. ასეთ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინს უჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ იფიქროს – მან უკვე „დალაშქრა მწვერვალი „უკრაინის“ სახელწოდებით“ და კიევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი მოუსპო.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის მიღმაც აქვს „სასიხარულო“ მიღწევები: მაგალითად, აფრიკის სახელმწიფო ნიგერში მომხდარი გადატრიალება, რაც „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელშეწყობით განხორციელდა – ქვეყანაში დასავლეთის (საფრანგეთის) გავლენა შემცირდა და პრორუსული ხელისუფლება დამყარდა. კრემლმა მიიღო ნიგერის რესურსების – ოქროსა და ურანის – გამოყენების უფლება. მანამდე მსგავსი გადატრიალებები მოხდა ბურკინა ფასოში და მალის რესპუბლიკაში, სულ ახლახან კი გაბონში. მოკლედ, კრემლი „შავ კონტინენტზე“ თავის გავლენას აფართოებს და ამით აშკარად იკვეთება აშშ-ისა და ევროკავშირის გეოპოლიტიკური  უუნარობა.

ვლადიმერ პუტინმა დიდი წერტილები დასვა ახლო აღმოსავლეთშიც: კრემლის მხარდაჭერის წყალობით სირიის დიქტატორმა ბაშარ ასადმა ხელისუფლება შეინარჩუნა და მოსკოვის იმედით დამასკოს დამცინავად ეღიმება ვაშინგტონის მუქარებზე. რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ადრე ამერიკის მოკავშირეები იყვნენ (და თითქოსდა ახლაც არიან), სულ უფრო აქტიურად აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საემიროები ამერიკის ზეწოლას არაფრად თვლიან და გეზი მოსკოვთან კომერციული კავშირების გაფართოებისაკენ აქვთ აღებული. ირანი თითქმის მთლიანად ინტეგრირებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ სტრუქტურებთან.

რაც შეეხება ჩინეთს, მოსკოვისა და პეკინის კავშირები კვლავ მტკიცე რჩება. დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ სი ძინპინი „ხელს დაიბანდა“ და თავის პარტნიორ რუსეთს გარიყულად დატოვებდა, მაგრამ ჩინეთს რუსული ნავთობი და გაზი ჭირდება, ყიდულობს და სანაცვლოდ მოსკოვს ორმაგი დანიშნულების თანამდროვე ტექნოლოგიებს აწვდის, რითაც ვლადიმერ პუტინს ეხმარება, რომ ერთი მხრივ, რუსული ეკონომიკა არ ჩაიძიროს და მეორე მხრივ – უკრაინის წინააღმდეგ ომი გააგრძელოს. „ცისქვეშეთი“ კრემლის სამხედრო მანქანას „კვებავს“ და ალბათ, ასე გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ან რა ნაბიჯს გადადგამს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ვლადიმერ პუტინს, ალბათ, ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც ამხნევებს: როგორც ჩანს, ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მრავალი დაბრკოლებისა და ბარიერის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი შანსები თეთრს სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით თანდათან იზრდება. ჯო ბაიდენმა კი ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა საკუთარი თანმიმდევრული და მტკიცე სტრატეგიის შემუშავება უკრაინასთან მიმართებით, რასაც საერთო-ეროვნული მნიშვნელობა ექნებოდა ამერიკელი ხალხისათვის. ამერიკელ გენერლებს შორის გაჩენილი მითქმა-მოთქმა, რომ კონტრშეტევის წარუმატებლობა კიევის მთავრობის არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიაო, საზოგადოებრივ მხარდაჭერას ვერ გააძლიერებს.

რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ძლიერ აქტივად, როგორც ყოველთვის, თანამედროვე დასავლეთის არათანმიმდევრული პოლიტიკა რჩება. ვლადიმერ პუტინის დასავლელი ოპონენტები ტრიბუნაზე ჩერჩილები არიან, რეალურ ცხოვრებაში კი – ჩემბერლენები. ტრიბუნებზე, ხალხის გასაგონად, ისინი ომახიანად აცხადებენ, რომ ისეთი საერთაშორისო მართლწესრიგის ერთგულები არიან, რომელიც კრძალავს ტერიტორიების მიტაცებას, მაგრამ იმავდროულად ჩუმად ახდენენ ზეწოლას უკრაინაზე, რომ კიევი შეურიგდეს ყირიმისა და დონბასის დაკარგვას. ისინი საზეიმოდ აღნიშნავენ „სიამაყის თვეს“ ქაბულში და ჩუმად ემზადებიან ტალიბებისათვის ავღანეთის ჩასაბარებლად. ისინი თითქოსდა გმობენ საუდის არაბეთის პოლიტიკას და იმავდროულად ერ-რიადს ჩუმად ეხვეწებიან, ნავთობი იაფად მოგვყიდეო. ისინი მორალის სახელით მოუწოდებენ „გლობალურ სამხრეთს“ მსხვერპლი გაიღონ კლიმატის გლობალური დათბობის შესაჩერებლად, თვითონ კი პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებენ, რითაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ მომავალს ემუქრებიან.

ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, აშშ-ისა და საერთოდ, დასავლეთის ლიდერების აგრესიული რიტორიკისა და გაუბედავი რეალური პოლიტიკის ასეთი შეთავსება კრემლისთვის ხელსაყრელია. თეთრი სახლი მკერდზე მუშტებს იბაგუნებს, როცა დასავლური დემოკრატიულ ფასეულობების დაცვაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად მისი მოქმედება სხვა ქვეყნების დაშინებისკენაა მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ კონსტრასტი მათ მიერ გაკეთებულ მჭექარე განცხადებებსა და მორიდებულ, მფრთხალ საქმეებს შორის  უკვე ზიზღს იწვევს.

ამასობაში კი თავიანთი არათანმიმდევრული კურსით ამერიკელი პოლიტიკოსები თეთრი სახლის პოზიციას ქვეყნის შიგნითაც ძირს უთხრიან. თვითონ განსაჯეთ: თუ ჯო ბაიდენს სურს, რომ კიევმა მოსკოვთან ომი მოიგოს, მაშ რატომ არ უგზავნის უკრაინას მეტ თანამედროვე, მაღალხარისხიან იარაღს? და თუ მისი მიზანია კომპრომისი, რომლის მიხედვით, რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დარჩება, მაშ რატომ ხარჯავს აშშ კოლოსალურ თანხას ომის მიზერული შედეგისათვის?

ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ისეთი დიდი შეცდომაა, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს და დღემდე უპროგნოზო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრია. რუსეთის სრული გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ომი მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. უკრაინის ომი რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად ამცირებს. კავკასიაში ანკარა და ბაქო მოსკოვის სომეხ ვასალზე ზეწოლას ახდენენ, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი კრემლის კონტროლს გაურბის. ცენტრალურ აზიაში კი პეკინის ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნა მატულობს, რუსეთის გავლენის შემცირების კვალობაზე.

მაგრამ ვერცერთი ეს მოვლენა დასავლეთს ვერ დაეხმარება, ვერ გააფართოებს დასავლური დემოკრატიის გავრცელების არეალს და ვერ შენიღბავს რეალობას, რამეთუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებისაგან ვერ შეაკავა, ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა რეცეპტი იმისა, რაც კრემლს ბრძოლის ველზე დამარცხებასა და გონივრული პირობების მოლაპარაკებებზე თანხმობას აიძულებდა.

წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6293 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6292 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8596 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8621 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“თუ რამე არღვევს დღეს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით”

საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს – თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნება” კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს.

“საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).

თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს!

ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია“, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

“ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება”

ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება – „ქართულ ოცნებას“ მოსკოვში საკუთარი მმართველებისგან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში, გეოპოლიტიკური მოსაზრებებით მიიღოს ქვეყანამ სტატუსი და ამის ლობირებისთვის ნებისმიერი სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რასაც ხელს უშლის „ქართული ოცნება“.

„დღეს, საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ლობირებას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოტივაციას, მას საკუთარი მმართველებისგან, მოსკოვიდან აქვს დავალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. თუმცა, მათ შეიძლება ეს დავალება ვერ შეასრულონ და ევროკავშირმა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით გადაწყვიტოს მიანიჭოს ქვეყანას სტატუსი. თუ ასე მოხდება და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელს ვერ შეუშლის სტატუსის მინიჭებას, „ოცნებას“ მაშინ აქვს მეორე გეგმა, რომ ისარგებლოს ამით და შეასაღოს ქართველ ხალხს, თითქოს მათ რაიმე გააკეთეს ამისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო. ამ შემთხვევაში მათთვის ასევე არის დამაზიანებელი, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა, რადგან თუ „ოცნების“ მიუხედავად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, „ოცნება“ შეეცდება მიიწეროს ეს მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ არაფერს აკეთებს ხელის შეშლის გარდა,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

კობა კობალაძე თურქეთის საელჩოში თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური მიწვევით, თურქეთის საელჩოში გამართულ თურქეთის გამარჯვების 101-ე წლისთავთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. მან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი კაან ორბაის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაკ ალთინერს თურქეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და თურქ ხალხს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, წარმატება და წინსვლა უსურვა.

”გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენი და თურქი ხალხის მიმართ, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფებები კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და თანამშრომლობას,”- აღნიშნა კობა კობალაძემ.

თურქეთის გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია; მისი დაარსება უკავშირდება 1922 წლის 30 აგვისტოს, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, თურქეთის არმიის მიერ ანატოლიის ტერიტორიიდან, უცხო ქვეყნის შენაერთების საბოლოოდ განდევნას, რასაც თურქეთის რესპუბლიკის დაარსება მოჰყვა.

30 აგვისტო, თურქეთის ეროვნულ დღესასწაულად, 1935 წელს გამოცხადდა.

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს.

არქეოლოგების განცხადებით, სამარხი სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე ის ნივთები მიანიშნებს, რომლებიც სამარხში იპოვეს.

არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.