“პრეზიდენტი იმეორებს იმ პოლიტიკოსთა რიტორიკას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის საწინააღმდეგოდ” – მამუკა მდინარაძე

58
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი კი ცდილობს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გაამართლოს.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, სალომე ზურაბიშვილი იმ პოლიტიკოსთა რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.

„სწორია, სტატუსი რომ არ მოგვცესო – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი!

მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა!

მაშინ, როდესაც, თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს, გაამართლოს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!

ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად!

ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას!

ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.