Home Blog Page 2370

მწარე სიმართლე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ – რას წერს თურქული პრესა

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მწარე სიმართლე“ (ავტორი – ბერჯან თუთარი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შეფასება და მისი პერსპექტივაა გადმოცემული. მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედზეა, მაგრამ, როგორც უახლესი სამხედრო ისტორია მოწმობს, მოწინააღმდეგის დამარცხებას ყოველთვის ტექნიკა არ წყვეტს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებს სურთ. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთები, ალბათ, შეეცდებიან არ შეიმჩნიონ დასავლეთის რთული მდგომარეობა, თვალი დახუჭონ არსებულ პრობლემებზე და შეიძლება აქეთ შემოგვედავონ – რუსეთი უფრო მეტად არის ჩაფლული საფლობშიო. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა თავისი უკვე მიიღო, თუმცა დიდი ენერგიის დაძაბვით. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დენიელ დევისმა აღნიშნა, „უკრაინას რუსეთზე გამარჯვების რეალური გზა არ აქვს“. ეს შეფასება მოწმობს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთს ვერ დაამარცხებს.
დასავლეთი – ევროპა, ნატო და აშშ – ხედავენ რა სიტუაციის სერიოზულობას, უკვე ახლავე გამოხატავენ შეშფოთებას უკრაინის იმ ტერიტორიის დაცვის მიმართ, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს თავიდან აიცილოს უკრაინის მიწების პერსპექტიული დაკარგვა, ამიტომაც ოკეანის გადაღმიდან და გადმოღმიდან ვლადიმერ ზელენსკის ყველა ეუბნება, რომ დაზავებისათვის და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა შედარებით მცირე ტერიტორიულ დათმობებზე გადის. კიევისათვის ჰორიზონტზე სხვა ვარიანტი არ არის, გარდა იმისა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც მიმართული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – ყირიმისა და დონბასის – გასათავისუფლებლად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩაშლილია. სამთვიანმა უშედეგო სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა აჩვენა, უკრაინისთვის გამარჯვების გზა არ არსებობს. ბრძოლის გაგრძელებით კიევი საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, დანაკარგები ძალიან დიდია. ამ მწარე სიმართლის იგნორირება კიევისა და ვაშინგტონის მიერ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

ვიღაც-ვიღაცეებს დღემდე სჯერათ და იმედი აქვთ, რომ უკრაინას ახალი დასავლური იარაღი და „ფალკონები“ (F-16-ები) გადაარჩენს. გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს და დაეთანხმა დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას ამერიკული წარმოების „ფალკონების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა არა ერთბაშად, არამედ დროში გაჭიანურებით.

სწორედ ამით გამოიხატება უკრაინის ნამდვილი დამარცხება, რომელიც უცხოურ იარაღს და ფულს ეფუძნება. ასეთი მიდგომა არაადქვატურ სტრატეგიულ ხედვას ნიშნავს. იმიტომ, რომ ყოველი შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის ბედი განისაზღვრება არა ტექნიკური ძლიერებით, არამედ ადამიანური ძალითა და ნებისყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ ასე არ იყოს, საბოლოო ჯამში არ დამარცხდებოდნენ ამერიკელები ერაყში და ავღანეთში – იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონს კოლოსალური სამხედრო უპირატესობა აქვს ქაბულთან და ბაღდადთან შედარებით.

ამ კონტექსტში უკრაინის ყველაზე დიდ ნაკლოვანებას ადამიანური რესურსების უკმარისობა წარმოადგენს. აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიხედვით, კიევმა 2022 წლის თებერვლიდან უკვე თითქმის 130 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო სამი თვის დაწყებული კონტრშეტევის დროს დანაკარგებმა თავიანთ აპოგეას მიაღწიეს. ამ დროის განმავლობაში განადგურდა ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც ნატოს მიერ იქნა მომზადებული.

რასაკვირველია, დასავლეთში მომზადებული სამხედრო მოსამსახურეების ჩანაცვლება ძალიან რთულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უკრაინელ ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ომში წასვლა არ სურთ და ქვეყნიდან გასაქცევად ყველა გზებს იყენებენ. ამრიგად, წელიწადნახევრის ინტენსიური ბრძოლები და ის, რომ უკრაინის ფართოდ გაპიარებულმა ბოლო კონტრშეტევამ ვერ მიაღწია შუალედური მიზნების შესრულებასაც კი, იმას გვაჩვენებს, რომ არმიის სამომავლო შეტევის პოტენციალი ძლიერ შემცირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საიმედო სამხედრო ძალის აღსადგენად მთელი თაობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანობის დროს და შესაბამისი ლოჯისტიკური მხარდაჭერით. აი, სწორედ ამიტომ ისეთი სტრატეგია, რომელიც უცხოეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და რომელსაც დასავლეთი სთავაზობს კიევს, წინასწარ უკვე გულისხმობს უკრაინის არმიის განადგურებას და ქვეყნის ტერიტორიის შემცირებას. ასეთი სტრატეგია აჩვენებს, რომ ფრონტზე სამხედრო კონფლიქტის მოგება შეუძლებელია. რჩება მხოლოდ ერთი გზა: მოლაპარაკების დაუყოვნებლივი დაწყება თურქეთის შუამავლობით.

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ დიპლომატიური მეთოდების უარყოფა და ომის გაგრძელება უკრაინის ტრაგედიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ირაციონალური რეცეპტები, რომლებსაც კიევს ამერიკა სთავაზობს და თავს ახვევს, უკრაინამ გვერდზე უნდა გადადოს. იმიტომ, რომ ყოველი ასეთი რეცეპტი ხელს უწყობს მეტ უბედურებას, მეტ მსხვერპლს და მეტი უკრაინელი მამაკაცების სიკვდილს, ასევე მეტი ტერიტორიის გადასვლას რუსეთის კონტროლის ქვეშ.

წყარო

“პუტინის ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადაიდება” – თურქული მედია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე, სექტემბრამდე გადაიდება.

როგორც თურქული მედია იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სექტემბერში ის პუტინთან შეხვედრას ელოდება, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალი.

„სექტემბერში არის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ინდოეთში და გაერო-ს გენერალური ასამბლეა აშშ-ში. ამ დატვირთულ გარემოში შესაძლებლობას თუ ვიპოვით, პირისპირ შევხვდებით და ვისაუბრებთ პუტინთან“, – განაცხადა ერდოღანმა მედიასთან საუბრისას, თუმცა მას არ დაუსახელებლია შეხვედრის პოტენციური ადგილი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი ანკარაში პირადად ჩასულიყო, რაც აგვისტოს ბოლოს იყო მოსალოდნელი.

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იყო.

“კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ” – რატი იონათამიშვილი

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.

„ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე სხვა მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის მაღალი გარანტია აქვს, საჭიროებას აღარ ტოვებს, რომ ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა ჩატარდეს და ნებისმიერი, ვინც მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს.

კითხვაზე, რატომ გამორიცხავს ელექტრონული არჩევნები პარალელური დათვლის საჭიროებას, იონათამიშვილი ამბობს, რომ პარალელური დათვლა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ „ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში პასუხები არის სწრაფად და მანიპულაციების სივრცე არ რჩება“.

„ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, „კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ. დატრეინინგებულია უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს გამოცდილება საპილოტე დონეზე ელექტრონული არჩევნების ჩატარების. დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“. როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, სადაც იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა”

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში 12 დღის განმავლობაში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია, ამ დასკვნითაც კი იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება შოვის ტრაგედიაზე პასუხები.

„ჩვენი ხალხი იმსახურებს პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, დეტალურად იცოდნენ, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ დასკვნითაც კი იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე. ამიტომ საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და, განსაკუთრებით, ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობა კი არა, ჩვენს საზოგადოებას გავაგებინოთ კონკრეტული პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა ჯარის ჩაყვანა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც იმ საღამოს გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახიდან, ნაცვლად იმისა, რომ გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს. იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“რამდენად რეალური იყო უკრაინაში რუსეთ-დასავლეთის ომის თავიდან აცილება − თავად განსაჯეთ” – ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსა და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება და ამ კონტექსტში 2019 წელს ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ დადებულ დასკვნას მიმოიხილავს. როგორც ქართველიშვილი წერს, მოცემული დასკვნის მიხედვით, სრულიად განჭვრეტადი იყო უკრაინის ომის დაწყება და მასთან დაკავშირებული რისკებიც.

„უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევარმაც განვლო, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავიც შეგვისრულდა. კვლავ ბოლომდე პასუხგაუცემელია რიგი შეკითხვები: შეიძლებოდა თუ არა ამ ომების თავიდან აცილება, რამდენად თანხვედრაში იყო 2008 წლის რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესები, არსებობდა თუ არა ავტორიტეტული დასავლელი ანალიტიკოსების წინასწარი პროგნოზები და ვარაუდები. განსაკუთრებით საინტერესოა ეს უკანასკნელი სეგმენტი, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე ხელმისაწვდომი იყო ძალზე მნიშვნელოვანი და სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი. 2019 წელს ავტორიტეტულმა ამერიკულმა არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაცია RAND-მა (research and development), რომელიც აშშ-ის, ევროპისა და აზიის სახელმწიფო დაწესებულებებს ანალიტიკური სერვისით უზრუნველყოფს, გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, სახელწოდებით: „რუსეთის გაფართოება. კონკურენცია მომგებიანი პოზიციებიდან“. აღნიშნული ანგარიშის მეოთხე თავი მოიცავდა ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა:

უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება;

სირიელი აჯანყებულებისთვის დახმარების გაზრდა;

ბელარუსში რეჟიმის ჩასანაცვლებლად ხელშეწყობა;

სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის გამოყენება;

ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენების შემცირება;

მოლდოვაში რუსეთის კომპონენტისადმი წინააღმდეგობის გაწევა.

აღნიშნული პუნქტებიდან, ამჟამად თითოეულს ვაკვირდებით მათ განხორციელების ფაზაში და ამის უშუალო მოწმეები ვართ. სად და წარმატების რა დოზით წარიმართა, ამასაც ვადევნებთ თვალყურს. ბელარუსში რეჟიმის შეცვლის მცდელობამ − „ორპრეზიდენტიანობის“ ტაქტიკამ (ლუკაშენკო/ტიხანოვსკაია) ამ ეტაპზე კრახი განიცადა. დაგეგმილთან და პროგნოზირებულთან ასპროცენტიან თანხვედრაში ვერც სირიაში მიმდინარე პროცესებს აქვს ადგილი. დუღს ვითარება მოლდოვაში და გადაჭრით იმის თქმა, რით დასრულდება იქ პრორუსული ძალების EU-ს სტატუსმინიჭებულ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა ან დნეპრისპირეთში სამხედრო ვითარების ესკალაცია, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება. ვიხილეთ ასევე ყაზახეთსა და ყირგიზეთში სიტუაციის არევის ინსპირირება გარე ძალების მხრიდან, თუმცა ამჟამად RAND-ის ანალიტიკური დოკუმენტის მოშველიებით, უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის პუნქტებს, რადგანაც ეს ორი უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

დავიწყოთ უკრაინით.

Measure 1: Provide Lethal Aid to Ukraine (უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება)

RAND-ის ანალიტიკოსების აზრით, თანამედროვე რუსეთის დასუსტებისა და დაშლის მთავარი იარაღი მისი ეკონომიკური და ფინანსური გაკოტრებაა, მსგავსად ამ ტაქტიკის გამოყენებისა სსრკ-ს დაშლამდე მიყვანის პროცესებში. რუსეთი ამჟამად გაცილებით სუსტი და შეზღუდულია თავის საერთაშორისო გავლენებსა და ამბიციებში. მისი საგარეო ვალდებულებები ბევრად შეზღუდულია და მოიცავს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხოლოდ მცირე ნაწილებს, ასევე, სირიის დიდ ნაწილს. შეერთებული შტატები ამჟამად შეზღუდულად უჭერს მხარს რუსეთის ოპონენტებს ამ ქვეყნებში და საჭიროა უფრო მეტი გააკეთოს, რითაც გაზრდის ამ რეგიონებში რუსულ ხარჯებს.

რუსეთთან მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, აშშ-მ ექვს ძირითად მიმართულებაზე უნდა გაამახვილოს თავისი ყურადღება: უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდება, სირიელი მეამბოხეებისთვის მხარდაჭერის გაძლიერება, ბელარუსში რეჟიმის ცვლილების ხელშეწყობა, სომხური და აზერბაიჯანული დაძაბულობის გამოყენება, ცენტრალური აზიის მიმართ ყურადღების გამახვილება და დნესტრისპირეთის რუსეთისაგან იზოლაცია. RAND-ის კვლევაში ასევე ჯერ კიდევ 2019 წელს განხილულია NATO-ს ურთიერთობების გაძლიერება შვედეთთან და ფინეთთან, და რუსეთის პრეტენზიებზე ზემოქმედება არქტიკაზე. რუსეთის სამხედრო კომპონენტის გააქტიურების გამოწვევა ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში, დაკავშირებული იქნება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან, რომლებმაც შესაძლებელია დაასუსტოს იგი. თუმცა ალტერნატიულ და უფრო სავარაუდო ვარიანტად განიხილება, რომ რუსეთმა შესაძლოა თავად მოახდინოს მოვლენათა ესკალაცია − დაიპყროს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია, მხარი დაუჭიროს დამასკოს რეჟიმის შემდგომ წინსვლას ან რეალურად გააძლიეროს თავისი პოზიციები ბელარუსში.

ასეთმა ნაბიჯებმა, სავარაუდოდ შესაძლოა დამატებით სერიოზულად შეარყიოს რუსეთის თავდაცვითი და ეკონომიკური შესაძლებლობები, მაგრამ ასევე, მიაყენებს სერიოზულ მარცხს აშშ-ის პოლიტიკას. რა უნდა დაუპირისპიროს ამ რისკს ამერიკამ? 2016 წლამდე შეერთებულმა შტატებმა 600 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს თანხები გამოიყენებოდა უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნაზე და უზრუნველყოფდა „არალეტალური“ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. 2017 წლის 2 თებერვალს სენატორმა მაკკეინმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ ტრამპს და მოუწოდა მას „თავდაცვითი ლეტალური იარაღით დახმარებოდა უკრაინას, რათა მას დაეცვა თავისი ტერიტორია შემდგომი დარღვევებისგან რუსეთისა და მისი სეპარატისტული მარიონეტების მხრიდან“. 2017 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა უკრაინისთვის „თავდაცვითი“ ლეტალური იარაღის მიყიდვის გეგმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღი მიეკუთვნება ამ კატეგორიას.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა უკრაინა უახლოეს მომავალში გაწევრიანდეს NATO-ში, რისკენაც მას აქტიურად უბიძგებს ვაშინგტონი, რუსეთის ხელმძღვანელობა გააორმაგებს თავის ძალისხმევას მოვლენათა მსგავსი განვითარების აღსაკვეთად.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაფართოება, მათ შორის ლეტალური სამხედრო იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ გაზრდის რუსეთის ამბიციას სამხედრო ოპერაციით დაიკავოს დონბასის რეგიონი, რაც მას დამატებით დიდი ფინანსური დანახარჯისა და შემდგომი დასუსტების რეჟიმში შეიყვანს. თუმცა აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდამ, რომელმაც შესაძლოა რუსეთის მაპროვოცირებელი „ტრიგერის“ როლი ითამაშოს, შესაძლოა აიძულოს იგი უკრაინის სიღრმეში შევიდეს და საკუთარი ტერიტორია გააფართოოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს არაპროპორციულად დიდი მსხვერპლი უკრაინის მოსახლეობაში, ტერიტორიული დანაკარგები და ლტოლვილთა ნაკადები. საბოლოო ჯამში, ამან შესაძლოა უკრაინა არახელსაყრელ მშვიდობამდეც კი მიიყვანოს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ გააჩნია რესურსი კონფლიქტის ესკალაციისთვის. ასევე, არსებობს უკრაინელებისთვის მიწოდებული იარაღის არასწორ ხელში ჩაგდების ალბათობა ქვეყანაში არსებული შემაშფოთებელი კორუფციული ფონის გამო. უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიაში რეფორმების გატარების გარეშე, დასავლური სამხედრო ტექნიკა შესაძლოა არამიზნობრივად შევიდეს იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. RAND-ის ანალიტიკოსების დასკვნა ამ შემთხვევაში იყო ხისტი და ცალსახა: უკრაინის ნდობა მისთვის მაღალტექნოლოგიური სისტემების მიწოდების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე გამორიცხულია.

გარდა ამისა, თუ შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას გაუწევს მისი მთავარი ევროპელი მოკავშირეების ნების საწინააღმდეგოდ, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის ევროპულ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრები, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს არიან (მაგალითად, პოლონეთი), უკრაინისადმი უფრო თამამად გასაწევ დახმარებას ემხრობიან, დასავლეთ ევროპის მთავრობების უმეტესობა ფრთხილია. Pew-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, ფრანგების 59%, იტალიელების 65%, ესპანელების 66% და გერმანელების 77% ეწინააღმდეგებოდა NATO-ს მხრიდან უკრაინაში იარაღის გაგზავნას.

2015 წლის იმავე კვლევამ აჩვენა ევროპის მხარდაჭერის დონე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხებში: ამ წინადადებას უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში, თუმცა გერმანელების 57 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა ამას. აშშ-მ შესაძლოა აქ გადამწყვეტი როლი ითამაშოს და აიძულოს რუსეთი, მიიღოს გადაწყვეტილება მოვლენათა ასეთი განვითარების აღსაკვეთად, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რუსეთის სამხედრო ვალდებულებები და მისი ხარჯები. რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციამ შესაძლოა გააერთიანოს ნატოს შიგნით მისი წევრების ამ ეტაპზე არაერთსულოვანი პოზიციები, რაც აიძულებს მათ ერთიანი ფრონტით წარდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთის დიდ დანახარჯებსაც, თუმცა ყოველივე ამის უკან უკრაინელებში დიდი მსხვერპლისა და დამატებითი ტერიტორიის დაკარგვის რისკი იზრდება, რამაც შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს უკრაინისთვის კონფლიქტის არახელსაყრელი სამშვიდობო მოწესრიგება. ასეთ შემთხვევაში ეს გამოსავალი შეიძლება განიხილებოდეს აშშ-ის პოლიტიკის სერიოზულ მარცხად.

RAND-ის დასკვნა: უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების გაფართოების ვარიანტი, მისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდების სახით, უნდა შეფასდეს ძირითადად იმის მიხედვით, შეიძლება თუ არა ამით დასრულდეს კონფლიქტი დონბასში შეერთებული შტატებისთვის მისაღები პირობებით და არა უბრალოდ იმ ხარჯების გამოწვევის მიზნით, რომლებმაც შესაძლოა მოსკოვი ეკონომიკურად დაასუსტოს. RAND-ის 2019 წლის აღნიშნული კვლევა ხელმისაწვდომია (https://www.rand.org/pubs/research_reports/RR3063.html) უკრაინასთან მიმართებაში რამდენად გაითვალისწინეს მისი „შთაგონება“ ძირითადმა მოთამაშეებმა და რამდენად რეალური იყო უკრაინაში რუსეთ-დასავლეთის ომის თავიდან აცილება − თავად განსაჯეთ. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ბედს და გადარჩენის პერსპექტივებს, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის შემდეგ, ამჟამად უკვე 100 წელს მიღწეულმა ჰენრი კისინჯერმა: „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ფატალურია − იყო მისი მეგობარი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში 2009-2022 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველ დიაგრამას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიაღწია, რაც დიაგრამაზეც არის ნაჩვენები.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულის მიღწევა ღარიბაშვილის მთავრობამ, კოვიდით გამოწვეული კრიზისის შემდეგ შეძლო.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ღარიბაშვილის მთავრობამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“დამნაშავე რეჟიმმა რომ თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი რუსეთია” – პაატა მანჯგალაძე

დამნაშავე რეჟიმმა რომ თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი რუსეთია – ვიცით 50 ლარიანი, 1000 ლარიანი „ტროლ- ბოტები“, მაგრამ ზარქუა არის განსხვავებული. კარიკატურისტი რომ ვიყო, დავხატავდი ამერიკას როგორ აცამტვერებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზარქუას სარგებელი ალაპარაკებს, რადგან „20-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული მის სიძეს“.

„თავდასხმა ამერიკის ელჩზე ამერიკაზე თავდასხმაა. ამის მთავარი მოტივაცია არის გადარჩენისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. „ქართული ოცნება“ არის კრიმინალების, დამნაშავეების რეჟიმი და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ. ორ რამეში ხედავენ საფრთხეს – ვიდრე ღმერთი მოსთხოვს პასუხს, ქართველი ხალხის და ამერიკის ეშინიათ მხოლოდ, ამიტომ არის ასე გავეშებით თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ადამიანებზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ. იმისთვის, რომ დამნაშავე რეჟიმმა თავი გადაირჩინოს, ეშმაკს მიჰყიდის სულს და ეს ეშმაკი ამ შემთხვევაში არის რუსეთი. ფიქრობენ, რომ მხოლოდ რუსული რეჟიმის პირობებში შეძლებენ თავის გადარჩენას. რატომ კადრულობს ამას ზარქუა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. იცით რატომ? – ჩვენ ვიცით 50 ლარიანი, 1000 ლარიანი „ტროლ- ბოტები“, მაგრამ ზარქუა არის განსხვავებული – 20 მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული მის სიძეს. ადამიანს ალაპარაკებს სარგებელი, რომელსაც მიიღებს ე.წ. სკოლების რემონტიდან. გამოდის და ვაშაძეს ეძახის „ჭიჭეს“. ვაშაძე თუ „ჭიჭეა“, ზარქუა ვინ არის საერთოდ? ან კარიკატურაზე რომ ლაპარაკობს, ამერიკის ელჩს და ამერიკას რომ ზარქუა აკრიტიკებს, ამაზე მეტი კარიკატურა რა უნდა დახატო? კარიკატურისტი რომ ვიყო, დავხატავდი ამერიკას ზარქუა როგორ აცამტვერებს.

ელექტრონულ არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვგულისხმობდით ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონულ ხმის მიცემას და ელექტრონულად ხმების დათვლას, თუმცა მხოლოდ დათვლაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა ელექტრონული არჩევნების მთავარი სიკეთეა, რომ ემიგრანტებს აძლევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ბევრი უკმაყოფილო ადამიანი წასულიყო ქვეყნიდან და 100 ათასობით ადამიანია წლების განმავლობაში წასული, რომელსაც არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ აქვს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

“შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია” – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“

22-25 სექტემბერს თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ რიგით მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში.

მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს.

„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე, რომ ვერ დაამთავრებ…

ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია, ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“ –  ბუბა კუდავა.

ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურ გავლენებს გაგვიზიარებს.

ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ იქნება მცდელობა ერთიან კონტექსტში გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე.

ტურის ფასი 1 ადამიანზე – 1680 ₾ (20%-იანი ფასდაკლებით კონცეპტის მომხმარებლებისთვის).

ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906.

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Concept-Tour

 

(R)

 

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

2023 წლის 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება, მათგან ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ძალადობის რომელ სახეებზეა საუბარი.

რაც შეეხება გასულ წლებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით 4131 შეტყობინება შევიდა, 1781 ფაქტზე კი ძალადობა დადასტურდა, ხოლო 2021 წელს შესრული 1904 შეტყობინებიდან, ძალადობა 714 შემთხვევაზე დადგინდა.

“მზად ვარ, მოვისმინო თქვენი პრობლემები და იდეები, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო” – სააკაშვილი

ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური – თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა! -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, მას საკუთარი აზრები მიაწოდონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს.

„ჩვენ წინ ძალიან რთული პროცესები გველოდება, ამიტომაც ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე.

მე მზად ვარ, მოვისმინო თქვენი პრობლემები, გავიზიარო თქვენი იდეები და გეგმები. ერთად, ყველას ჩართულობით, უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევიან, პირიქით, ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში უკეთესი მომავლისთვის დაბრუნდებიან.

უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოქალაქე დღეს არის ჩუმად. მინდა, მოგმართოთ თქვენ: ყველას აზრი მნიშვნელოვანია, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო.

დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია.

ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური – თქვენთვის და თქვენთან ერთად!

ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა!“- მიმართავს სააკაშვილი მოქალაქეებს.