“ევროკავშირის გაფართოებაზე იყო ბუნდოვანება როგორც მიშელის, ასევე ბორელისა და ევროკომისიის განცხადებებში”- მიხეილ სარჯველაძე

86
სარჯველაძე
spot_img

გარკვეული ბუნდოვანება იყო როგორც მიშელის, ასევე ბორელისა და ევროკომისიის განცხადებებში. ყველაზე მეტად ის დროა, როცა სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ვადები რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს.

„ევროკავშირის გაფართოებისთვის დასახელებული 2030 წელი ზედმეტად გაწელილი ვადაა. ახალი ბუნდოვანება გაჩნდა ევროკომისიის განცხადების შემდეგ, როცა ითქვა, რომ რელევანტური თარიღი, შეიძლება, 2030 წელი არ იყოს. ყველაზე მეტად იმედის მომცემი ბორელის განცხადება იყო, თუმცა დამატებით უნდა თქმულიყო, რომ არა მხოლოდ კონკრეტული ვადებია საჭირო, არამედ ეს ვადები რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საჭიროა, ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დააახლოონ. ასევე, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე. ამასთან, 31 აგვისტოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს.