„საქართველოს მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“ – Carnegie-Europe

176
spot_img

აშშ-ის საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის – „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის“ (Carnegie Endowment for International Peace) ევროპულმა ფილიალმა „კარნეგი-ევროპამ“ (Carnegie-Europe) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თომას დე ვაალის სტატია სათაურით „საქართველოს ორგანიზაცია: ქვეყნის მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოში ცხელი ზაფხულია, თუმცა შემოდგომაც მალე დადგება და დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისიც ისევ გაგრძელდება.

2023 წლის ბოლოსათვის ევროკავშირმა უნდა დაადგინოს – შეასრულა თუ არა საქართველომ 12 საკვანძო მოთხოვნა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ შეასრულა, მაშინ თბილისი კიევისა და კიშინიოვის გვერდით დადგება.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როცა საქართველოზე ამბობდნენ – „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ხუთეულში თბილისს ევროინტეგრაციის ყველაზე მეტი შანსი აქვს და ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირთან, მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებითაცო. საქართველოში ევროკავშირისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა დღესაც ძალიან მაღალია, მაგრამ შეშფოთებას იწვევს დემოკრატიიდან უკანდახევის ტენდენცია. იმის ნაცვლად, რომ ოფლი მოსდიოდეთ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ქართველი ოფიციალური პირები კატეგორიულად აცხადებენ, რომ საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირში მიღების უფლება და რომ პროცესი ხელოვნურად ბრკოლდება. ამ დროს კი მმართველი პარტია ანტილიბერალურ პოლიტიკას აძლიერებს, აფართოებს პოლიტიკურ კონტროლს სასამართლო ორგანოებზე და კულტურის სფეროს რიგ დაწესებულებებზე, ზღუდავს ადამიანის უფლებებს… დასავლეთის დედაქალაქებს არ მოსწონთ აგრეთვე საქართველოს მიერ ჩინეთთან დადებული შეთანხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე… მაგრამ შეშფოთების ყველაზე მთავარ წყაროდ მაინც რჩება ის, თუ რა აქვს ჩაფიქრებული საქართველოს ხელმძღვანელობას რუსეთთან მიმართებით.

საერთაშორისო კოლექტიურ პოზიციების დაფიქსირების დროს, მაგალითად, გაეროსა და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციებში, თბილისი გმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას. საქართველო იცავს (თუმცა ზოგიერთი შესწორებით) დასავლურ ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც მის მეზობლებზე – თურქეთზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე – არ ვრცელდება… მაგრამ იმავდროულად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, პათოლოგიურად ეშინია სიტყვების „უკრაინის“, „ზელენსკისა“ და „პუტინის“ წარმოთქმა. იგი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს უკრაინისადმი უფრო აქტიური დახმარებისაკენ მოუწოდებენ, ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი „ომის მომხრეები“ არიან და აცხადებს, რომ რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვა „საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს“.
უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ათასობით რუსეთის რიგითი მოქალაქე შეუშვა, თბილისმა იმავდროულად საზღვარზე გადმოსვლა აუკრძალა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსებს… და ამ დროს საქართველო ნებას აძლევს რუსეთის ავიაკომპანიებს ავიამიმოსვლის განახლებაზე და რუს მოქალაქეებს ევროპაში გადაყვანას სთავაზობს.

რამდენად შორს წავა „რუსეთთან ცეკვა“ და რა დგას მის უკან?

გარდაუვალად ჩნდება ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, კრემლთან რაღაც გარკვეულ გარიგებას დებს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ… ბიძინა ივანიშვილი ძალიან იდუმალ ფიგურას წარმოადგენს, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, 1990-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე პრემიერობის ჟამს, 2014 წელს, ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირში – ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, პრობლემა ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი პიროვნებაა, არამედ იმაში, რომ ის რუსეთში მოღვაწეობდა და ფაქტობრივად რუსი გახდა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ლიდერს მენტალიტეტი რუსეთში ჩამოუყალიბდა და შესაბამისად, ქართული მმართველი ელიტა რუსული ბიზნესის წესებით მოქმედებს – როგორც ამბობენ, მაფიოზური ტრადიციებით და არა ევროპული პრინციპებით.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმის ალბათობას, რომ რუსეთთან ივანიშვილს ფართო კავშირები შეიძლება მართლაც აღარ აქვს, უფრო საინტერესო იქნება ყურადღება მივაქციოთ თბილისის იმ კავშირებს ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორთან, რომლებიც მართლაც ღია სახით და ოფიციალურად არსებობენ – ვიქტორ ორბანის უნგრეთთან.

თბილისისა და ბუდაპეშტის ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა, პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკურ ფასეულობებს მიეძღვნა. ამბობენ, რომ უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი საქართველოსთვის მთავარ ევროპელ მეგობრად ითვლება. კონფერენციაზე გაიჟღერა ფრაზებმა, რომ „ჩვენი იარაღი ტრადიციული ქრისტიანული, კონსერვატიული და საოჯახო ფასეულობებია“ და რომ „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდა „ცრუ თავისუფლებას“ წარმოადგენს“.

აი, თურმე სწორედ ასეთი ევროპისაკენ მიისწრაფვის საქართველო. მისი მთავარი მოკავშირე ვიქტორ ორბანია, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ თბილისის მიმართ დადებითი განწყობა აქვს და მის გულშემატკივრად ითვლება ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი ოლივერ ვარხელი – უნგრეთის წარმომადგენელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთს უკრაინასთან მიმართებით პრობლემები აქვს, მაშინ, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მიუცემლობის შემთხვევაში, ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს: უკრაინას სტატუსს ანიჭებენ, საქართველოს კი არა.

ერთვება რა ვიქტორ ორბანისეულ კულტურულ ომში, ქართული ელიტა ერთიანდება ორ ავტორიტარულ მთავრობასთან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით მსგავს თამაშში არიან ჩაბმულნი – აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებთან. რეჯეფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ერთნაირად ამხელენ ჯორჯ სოროსის „მსოფლიო შეთქმულებას“, დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ლგბტ“ აქტივისტებს, რათა ქვეყანაში თავიანთი მკაცრი მმართველობა გაამართლონ.

ვიქტორ ორბანი და რეჯეფ ერდოღანი, რომლებიც ერთმანეთს ამას წინათ ბუდაპეშტში შეხვდნენ (თურქეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის დროს), მაგალითს აძლევენ და სტრატეგიას უზიარებენ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური ალიანსის წარმატებით განადგურების საქმეში. მთავარ იარაღს სიტუაციის პოლარიზება წარმოადგენს: თქვენ ეუბნებით ამომრჩეველს, რომ სტაბილურობისა და წესიერების ბასტიონს წარმოადგენთ, ოპოზიცია კი, რომელიც უცხოეთის გლობალისტურ და გადაგვარებულ ძალებთან არის დაკავშირებული, სწორედ ასეთ სტაბილურობას ემუქრება.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზების პროცესის ერთ-ერთ მოქმედ მხარედ მოიაზრება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია და მკურნალობს. გამოკითხვების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა მცირდება, მმართველ პარტიას მაინც იმედი აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრძოლას მოუგებს (აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვიქტორ ორბანის კავშირები საქართველოსთან ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა იგი 2012 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უნგრელმა ლიდერმა მონაწილეობა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 27 სექტემბერს ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგში, სიტყვითაც გამოვიდა და „ნაციონალებს“ მხარი დაუჭირა. დღეს მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ბრაზით არის შეპყრობილი, ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთმანეთთან დაახლოების გამო).

სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მოწოდებები ქართველი ამომრჩევლის ძირითად ნაწილს მოსწონს (ისინი ქუჩაში ევროპისა და უკრაინის დროშებით არ დადიან). გარდა ამისა, არალიბერალურ და „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ შექმნილ ნეგატიურ ფონს ხელს უწყობს მძლავრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლიც. მოწოდებები „მშვიდობის დაცვაზე“ განსაკუთრებით მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეშინიათ, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ იქნეს ჩათრეული. ამას წინათ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ქართველთა 55%-ს სურს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება (ან დღევანდელ დონეზე დარჩენა მაინც).

კანდიდატის სტატუსი: მიიღებს თუ არ მიიღებს?

ამრიგად, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? დღევანდელი მდგომარეობით ისე ჩანს, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღებული. 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან ზოგიერთი (დეპოლიარიზაცია და დეოლიგარქიზაცია) დიდ სტრუქტურულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ბრიუსელის მხრიდან დამატებით გადაწყვეტილებას ითხოვს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ ქვეყანამ, ბოლოსდაბოლოს, სტატუსი უნდა მიიღოს – იმის მიუხედავად, რომ ეს მთავრობის გამარჯვება იქნება. მათი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირს მეტ ბერკეტებს მისცემს რეაგირება მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ დემოკრატიისაგან უკანდახევაზე. თუ ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის, მაშინ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა უფრო შორს გადაიწევს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რომ ყველამ დაინახოს – ის არის არჩევანი ღრმა პარტნიორობის სასარგებლოდ მთლიან ქართულ საზოგადოებასთან და არა მხოლოდ მთავრობასთან, რომელიც, მიმდინარე პროგნოზების მიხედვით, უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას არ დათმობს.

წყარო