Home Blog Page 2370

“აკრძალულია, პარტია დაფინანსდეს უცხოური ძალისგან” – გურამ მაჭარაშვილი

ბუნებრივია, რომ კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პირდაპირ თუ არა პირდაპირ, აქედან გამომდინარე, შესაბამისი უწყება ამას თუ გამოიკვლევს, ძალიან კარგი იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და სექტემბრიდან ეს ფუნქციები გადავა ანტიკორუფციულ ბიუროზე.

„ის საკითხი, რომ პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს აქვს შექმნილი ე.წ ენჯეოები იმისთვის, რომ უცხოეთიდან დაფინანსდნენ, ეს აღიარებითი ჩვენებები თავად ამ პარტიების ლიდერებს აქვთ. „დროას , „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერების განცხადებები, რომ დიახ, ისინი ფინანსდებიან სხვადასხვა სახით, მათ შორის უცხოეთიდან. ბუნებრივია, რომ კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პირდაპირ თუ არა პირდაპირ, აქედან გამომდინარე, შესაბამისი უწყება ამას თუ გამოიკვლევს, ძალიან კარგი იქნება იმისთვის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები და მტკიცებულებები იქნება, არამედ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, რომელი პარტია საიდან, რომელი უცხოური ძალიდან ფინანსდება. ეს პირდაპირ აკრძალულია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია დაფინანსდეს უცხოური ძალისგან, რაც ხდება და ამ ხალხს აღიარებითი ჩვენები აქვს მიცემული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს- კელი დეგნანი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა და კომპრომისებზე წასვლა არ სურთ, სწორედ ეს იქნება პრობლემა.

„იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა – გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს – საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ – თუკი შენი მიზანია ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც მან აღნიშნა, დასაკარგი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.

“აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი” – რომან გოცირიძე

აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი – „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა ნიშნავს განაჩენის გამოტანას ამ პარტიისთვის, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც შოვის ტრაგედიაზე ხმამაღალი განცხადებებით საუბრობენ, შოვში არ ჩასულან. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ოპოზიციის წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან იყვნენ იქ“.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა იქნება ძალიან მძიმე განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დაღუპული ადამიანების, მათი ოჯახების წინაშე და ქვეყნის წინაშე. აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი, კონსტიტუციის დარღვევით უარს ეუბნებიან ოპოზიციას კომისიის შექმნაზე. ამ კომისიის შექმნა უმრავლესობაზე დამოკიდებული არ არის, ავტომატურ რეჟიმში უნდა შეიქმნას, როცა 50 ხმა გროვდება. მიუხედავად სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული საქმეების გამოძიების დიდი მნიშვნელობისა, რომელიც მათ ჩააგდეს, დღეს უკვე არის სხვა შემთხვევა – შოვის ტრაგედიისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა ნიშნავს განაჩენის გამოტანას ამ პარტიისთვის, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, პასუხისმგებელია ყველა, მთელი მთავრობა, დაწყებული იქიდან, თუ რატომ არ იხარჯებოდა მიზნობრივად ფული და არ გვქონდა ტექნიკური საშუალებები, დამთავრებული იმით, თუ როგორ არაეფექტურად მოხდა რეაგირება,“ – განაცხადა გოცირიძემ.

გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში – კელი დეგნანი

გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი – იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკის ელჩი ქართველ ხალხს არჩევნებზე აქტიურობას ურჩევს.

საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნები რომელიც ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს დიდი გამოწვა იქნება. არ გამორიცხავს, რომ პროცესი ხარვეზებით წარიმართოს.

ელჩის განმარტებით, ხალხს თუ არ ექნება ცოდნა, როგორ მუშაობს სისტემა, ელექტრონული არჩევნები შესაძლოა გახდეს მანიპულაციის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი.

აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები – მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც.

მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი – ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში, პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება“, – განაცხადა დეგნანმა.

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორ ტრამპმა განაცხადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ის კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

„სიბიეს“-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე წინ ვარ ლეგენდარული უპირატესობით. საზოგადოებამ იცის, ვინ ვარ და რა წარმატებული საპრეზიდენტო ვადა მქონდა, ენერგოდამოუკიდებლობით, ძლიერი საზღვრებით და სამხედროებით, ყველაზე დიდი გადასახადების და რეგულაციების შემცირებით, უძლიერესი ეკონომიკით და ა.შ. ამიტომ არ ვაპირებ დებატებში მონაწილეობას“, – წერს დონალად ტრამპი.

„სიბიეს“-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტია და მას გამოკითხულთა 62 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ  რონ დე სანტისს კი 16 პროცენტი.

რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები 23 აგვისტოს გაიმართება. შიდაპარტიული არჩევნები კი 2024 წლის 15 იანვარს, აიოვას შტატიდან აიღებს სტარტს.

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს

ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გამკაცრდა.

შემდეგ ეტაპზე კანონი კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს გადაეცემა განსახილველად. კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500-ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება. ახალი კანონპროექტით კი, ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა ხუთიდან 10-წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.

ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ – გიული ალასანია

ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე – გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ხალხთან ურთიერთობა აუცილებელია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი. აუცილებელია ხალხთან ურთიერთობა. ნამდვილი დემოკრატია ეს არის. ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ. წლებია ვადევნებ თვალს სოფო ჯაფარიძის საქმიანობას და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება. ახლაც რომ დადის ამ 45 გრადუს სიცხეში და ხვდება ადამიანებს და მათ აზრს ეკითხება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ალასანიამ.

კითხვაზე, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში ერთვება, გიული ალასანია ასე პასუხობს: „არ ვიცი საარჩევნო კამპანიაში რამდენად ერთვება, მაგრამ აქ რომ არის მთელი სულით და გულით, ამას ვხედავ“.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, მისი შვილი კვლავ სუსტადაა და გადაადგილება უჭირს.

„ჯანმრთელობა ისევ იგივე – სისუსტე. ახალს ვერაფერს გეტყვით. უჭირს ფეხზე დგომა, გადაადგილება. სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია,“ – განაცხადა ალასანიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

“ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია” – ლევან ნიკოლეიშვილი

ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ შოვში ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა.

„არცერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე, არცერთი წამით. არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას. წარმოიდგინეთ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე ითხოვდე კომისიას და ნანახი არ გქონდეს, რა და როგორ მოხდა“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი”

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, შოვში მომხდარ უზარმაზარ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი, ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს -ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ და გასული კვირის განმავლობაში კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გათავისუფლებული მთლიანი ტერიტორიის ფართობი 43 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა.

ანა მალიარის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ქალაქ კუპიანსკის მახლობლად.

„მძიმე ვითარებაა კუპიანსკის მიმართულებით. მტერი არ ტოვებს წინსვლის გეგმას და დამატებითი ძალების მობილიზებას ახორციელებს. დარწმუნებული ვართ ჩვენს დამცველებში, მაგრამ იქ მათთვის ძალიან რთული ვითარებაა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

“რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე დაემუქრება, თუ უკრაინამ ვერ გაუძლო” – ზელენსკი

„თუ რუსეთი უკრაინის ხელში ჩაგდებას მოახერხებს, ეს ევროპის სხვა სახელმწიფოებს ტკივილს და ტანჯვას მოუტანს, თუმცა ის ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა შეიძლება მომდევნო სამიზნე გახდეს რუსეთის რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მეომრებისთვის, ანაც დესტაბილიზაციისთვის.

როგორც ზელენსკი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ ამას დემოკრატიული ქვეყნები გრძნობენ.

„ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ უნდათ ეს ტანჯვა ევროპასა და მთელ მსოფლიოში გადაიტანონ და დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვიდანაც გესმით. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე დაემუქრება, თუ უკრაინამ ვერ გაუძლო“, – განაცხადა ზელენსკიმ და ამასთან ხაზგასმით აღნიშნა: „მაგრამ უკრაინა გადარჩება. მე მინდა ეს გაიგოთ, ნახოთ და იგრძნოთ. უკრაინა გადარჩება“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი 19-20 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვედეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში. მოლაპარაკებების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დანიისგან 19 F-16 მოიერიშე თვითმფრინავები მიიღო, ნიდერლანდებისგან კი 42.

“მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს” – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე „გამარჯვების კამპანიას“ იწყებს და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობას შეხვდება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეზღუდება და „როცა ცდილობენ ამ ნორმას პატივი არ სცენ, ეს კარგად არ გამოიყურება, სულ მცირე უპატივცემულობაა ქვეყნის კანონმდებლობის მიმართ“.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ იტყვის კანონმდებლობის ეს ნორმა ირღვევა თუ არა ამ კამპანიით, რადგან არ იცის კონკრეტული გეგმა როგორ იქნება განხორციელებული.

„მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. რაც შეეხება მის მცდელობებს საარჩევნო კამპანია გააჩაღოს, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას ისე, რომ ფოკუსის ფუნქცია არ იყოს დაკარგული და შეძლოს, რომ დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.

ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას [ირღვევა თუ არა კანონი] წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი,“ – განაცხადა სარჯველაძემ.