Home Blog Page 2366

“შემაშფოთებელია, როცა ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში “

შემაშფოთებელია, როდესაც “ფარას” დოკუმენტების მიხედვით, ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას [მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში], – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თბილისში, აშშ-ის საელჩოდან არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

კახა კალაძის თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტებში უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე.

„ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული. თქვენ ნახავდით, რომ ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე. ჩანაწერში მითითებული იყო, რომ მას ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებთან დაკავშირებით. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, რომ ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლობისტური კომპანია თუ კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი ასახოს ოფიციალურ დოკუმენტში.

„ეს გამოქვეყნებული იყო და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე ვნახეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ დოკუმენტში კონკრეტულად წერია ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება “ფარას“ დოკუმენტებში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფიგურირებას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი გქვია და პოზიციის დასაფიქსირებლად ფულს იღებ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში წასვლა, კალაძემ აღნიშნა: „სადაც უნდა იქ წავიდეს“.

„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“,-განაცხადა კალაძემ.

“მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარი” – 28 ივლისის ამინდის პროგნოზი

ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

„28 ივლისს დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

“საოცარია, რომ აშშ-ის ელჩი თუ საელჩო არ ეცნობა „FARA”-ს დოკუმენტაციას, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული”- ეკა სეფაშვილი

„მე მახსოვს, „FARA”-ს ნათარგმნი და ჩვენ მიერ ინიცირებული  „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი როგორ მონათლეს „რუსულ კანონად”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „დღის თემაში” ისაუბრა.
სეფაშვილის თქმით,  აშშ-ს საელჩო და ელჩი ცდილობს, მანიპულირებით გადაფაროს  „FARA”-ს საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.
„პირდაპირ საოცარია ის, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩო არ ეცნობა „FARA”-ს დოკუმენტაციას, რომელიც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ასე დაწვრილებით ეცნობა საქართველოს ტელევიზიების მიერ  გავრცელებულ ინფორმაციებს და საქართველოში პოლიტიკოსების განცხადებებს, თუმცა შესაბამისად  მანიპულაციურ დასკვნებს აკეთებს. მათი ეს შეფასება მთლად ზუსტი არაა.
 მეც მქონდა შეფასება ამ „FARA”-ს დოკუმენტზე, ასევე სხვა პოლიტიკოსებს როგორც „ქართული ოცნებიდან”, ასევე „ხალხის ძალისგან”. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში აღვნიშნავთ, რომ ამ დოკუმენტში საუბარია ამ თუ იმ პიროვნებების მონაწილეობაზე. თანხის პირდაპირ გადაცემაზე აქ საუბარი არ ყოფილა. ის ფაქტი, რომ ისინი მონაწილეობდნენ ამ კამპანიაში და „ FARA”-ს დოკუმენტში ნახსენებია, ასევე, საელჩოს თანამშრომლები – ეს დამტკიცებული ფაქტია და დევს იუსტიციის ვებგვერდზე.
ეს ინფორმაციები ვრცელდება, მედიის და სოციალური ქსელის მეშვეობით და მათ შეუძლიათ ამას გაეცნონ. მანიპულაციური დასკვნები, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ეს მათი ჩვეული სტილია. მე მახსოვს, „FARA”-ს ნათარგმნი და ჩვენ მიერ ინიცირებული  „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი როგორ მონათლეს „რუსულ კანონად”. ასეთი მანიპულაციები, როდესაც უნდათ სიმართლის დაფარვა, მათი მხრიდან პირველი შემთხვევა არაა.
მე ვფიქრობ, ესეც ანალოგიური ტიპის შემთხვევაა, როდესაც უნდათ იმ სიმართლის გადაფარვა, რაც წერია „FARA”-ს საშუალებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ეს ამ სიმართლის გადაფარვის ერთ-ერთი მცდელობაა”, – განაცხადა სეფაშვილმა.

თიბისი და Mastercard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურების მფლობელებს  29 ივლისს გამოავლენენ

29 ივლისს, თიბისი და Mastercard-ი რაგბის გათამაშების ფარგლებში, საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელიც მოიცავს როგორც გამგზავრებას, სასტუმროს და კვებას ასევე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებს.

რაგბის კამპანიის ფინალური ეტაპი თიბისის ციფრული ბანკში შაბათს, 29 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.

გათამაშებაში მონაწილეობას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებმაც 5 -დან  23 ივლისის ჩათვლით თიბისის ციფრულ ბანკში გაიაქტიურეს Mastercard რაგბის ციფრული ბარათი, დაამატეს ელექტრონულ საფულეში (Apple Pay/Google Pay) და ამავე პერიოდში, რაგბის ციფრული ბარათით თიბისის პოს ტერმინალებზე გადახდისას დახარჯეს მინიუმ 100 ლარი.

კამპანიის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია მონაწილეს განახლებული ჰქონდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია მინიმუმ მოცემულ ვერსიამდე: Android – 6.42.4 ხოლო iOS – 4.41.0.

ფინალური ეტაპი რაგბის თემატიკაზე შედგენილ 10 კითხვას მოიცავს.  კითხვებზე პასუხის გაცემა თანმიმდევრობით ხდება: იწყება პირველი კითხვიდან და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მონაწილე გადადის მომდევნო კითხვაზე. ყველა მონაწილე ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე იხილავს საბოლოო რეიტინგს.

გარდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისა, თამაშდება რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურები, ხელმოწერილი რაგბის ბურთები და რაგბის  კეპები.

გამარჯვებულები პრიზებს ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურად მიიღებენ.

გაიგე მეტი: https://link.tbc.ge/rugby_game

“ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ათენში ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან”

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო კონტაქტზეა ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან.

მათივე ცნობით, საელჩოს წარმომადგენლები მოქალაქეებს სამშობლოში გამგზავრებაში დაეხმარებიან.

„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან.

საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია.

ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.

არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ.

კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც.

მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ზრახვები აქვს სამშობლოსთან მიმართებით”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას რა ზრახვები და მიზნები აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთიანდებიან, ერთი პატრონაჟის ქვეშ არიან და ერთი მსოფლმხედველობა აქვთ.

„ვერ გეტყვით რა ძალები ექნება ოპოზიციას, ვიღაც ერთიანდება, ვიღაც არა, არ არის ეს საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პოლიტიკური ძალები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, მათ აქვთ ერთი მსოფლმხედველობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ზრახვები აქვს სამშობლოსთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც სხვა წინა არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი და გონივრულ გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, 2024 წელსაც ეს დამოკიდებულება იქნება იმიტომ, რომ ხალხი ხედავს. რეალურად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ პირველ რიგში, ამ ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტერესი გაატაროს, მიუხედავად ზეწოლის და შანტაჟისა, არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ეს გუნდი არის ის, რომელსაც აქვს იმის უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიულად განავითაროს ქვეყანა”,-განაცხადა კალაძემ.

“შუახევში, ხულოსა და ქედაში სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა, ეს მიუღებელია” – ვატო სურგულაძე

„ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები „ევექსის” დაქვემდებარებაში გადავიდა, შუახევში, ხულოსა და ქედაში სამშობიარო ბლოკები გაუქმდა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, „ევექსმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქმიანობა წამგებიანი იყო.

„მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში, შუახევში, ხულოსა და ქედაში, სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა. ეს სრულად მიუღებელია. კარგად ვიცით, რომ ზამთარში გზები იკეტება. რა უნდა ქნას ორსულმა, როდესაც მშობიარობის დღე დადგება? – 1 თვით ადრე ჩამოვიდეს და ბათუმში დასახლდეს?! უცებ რომ დაეწყოს მშობიარობა, ამ შემთხვევაში რას ვშვრებით?!

მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელ ექიმს, ინდირა ბოლქვაძეს, რომელმაც ეს საკითხი დასვა. ძალიან ბევრი შემოდის გართულებებით, ძალიან ბევრი ბავშვი და დედაა გადარჩენილ სიკვდილს. მოვუწოდებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, „ევექსის“ ხელმძღვანელებს, სასწრაფოდ გადაწყვიტონ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამეანო და გინეკოლოგიური მომსახურება ამ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ტრაგედიას მივიღებთ. სანამ ეს ტრაგედია მოხდა, მოდი მივიღოთ შესაბამისი ზომები.

„ევექსი“ ფინანსური ორგანიზაციაა, ნახეს, რომ წამგებიანია ანესთეზიოლოგია და გინეკოლოგია. ჩათვალეს, რომ ამის გაუქმება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. დამატებითი ფინანსები და მოტივაცია გამოიყოფა. ასე ადგე და გააუქმო, სამივეს მხრიდან დანაშაულია“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო, დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, მურად თავართქილაძის ადვოკატი ვაკო მაჭარაშვილი აცხადებს, დაკავებულებს ერთმანეთთან მხოლოდ შორი ნაცნობობა აკავშირებთ.

„ცნობით ერთი მეორეს შესახებ იცოდნენ. გამარჯობა შეიძლება ერთმანეთისთვის ეთქვათ, მაგრამ არა უმეტესი,” – აღნიშნა ადვოკატმა.

მურად თავართქილაძის უფლებადამცველები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.

“პატიმრობას არ დავეთანხმებით. გექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის თაობაზე. პოზიცია გახლავთ, რომ იყენებს ამ ეტაპზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას,” – განაცხადა ვაკო მაჭარაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წაყენებული და ბრალდების დამძიმებას არ ელიან.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.

“ბრიტანულ-ამერიკულმა სანქციების ჯგუფმა ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება”

ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითულიანის თქმით, სანქციების საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოვლად უსაფუძვლოა.

„პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრიდან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი საუბარი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია არის ან პოლიტიკურად მოტივირებული ან არის ნაკლებად ინფორმირებული განცხადებები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ნაკლებად ინფორმირებული განცხადება გააკეთეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებმა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

“არც მელია, არც მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი ძალები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა”

არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის დესტაბილიზაცია, რისთვისაც სჭირდებათ ეს ფინანსები, რათა პოლიტიკურ ველზე მერე დამატებით კიდევ გარკვეული პრივილეგიები მიიღონ. არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა“, – „განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბარამიძეს მწვავედ აკრიტიკებს და ბრალს ფაქტების დამახინჯებაში სდებს. მელია თანაპარტიელს პოლიტიკური კორუფციის ჭაობად ქცეულ და პროგრესის მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გია ბარამიძეს უპრინციპობაშიც ადანაშაულებს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ – რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას ვერ შეძლებს

Military Media Center-ის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი შავ ზღვაში „უკრაინის ბლოკადის უზრუნველსაყოფად“ სამხედრო ხომალდების დაჯგუფებას ზრდის. ამის მიზეზი – უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების იძულებით გაჩერებისთვის და გაჩხრეკისთვის, და ასევე ამ რეგიონში კონტროლის გაძლიერებისთვის პირობების შექმნაა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიმოხილვის მიხედვით, უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ზომების გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის სრულ ბლოკადას ვერ შეძლებს.

„შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსულ ფლოტს უკრაინაში მიმავალი გემების დაკავების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის საშუალებაც კი მიეცემოდა. რუსეთი კი ამაზე ვერ წავა, რადგან ამან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მათ შორის ნატოს წევრებთან – რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.

„ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 08:45 წუთზე ჩამოფრინდება,“ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.