,,ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს მსგავს თემაზე ექნებოდა ადეკვატური რეაქცია”- დავით შარაშიძე

84
spot_img

აქ, სადაც ეს სიტუაცია იყო ამ დილით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმოდა გინება „ქართული ოცნებისკენ”, ჩვენი ოჯახებისკენ და შესაბამისად, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს მსგავს თემაზე ექნებოდა ადეკვატური რეაქცია, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა ჟურნალისტებთან ჩოხატაურში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

დავით შარაშიძის განმარტებით, ბრალდება, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი მხარდამჭერები დაახვედრა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მსგავსი აჟიოტაჟი არ არის უცხო საზოგადოებისთვის. ეს ომის პარტია და ჩვენი ქვეყნის მოძულე პარტია კიდევ უფრო თავს აძულებს და აზიზღებს ხალხს. დღეს იყო კვირა დღე და კვირა დღეს ჩოხატაურში იყო საყოველთაო ბაზრობა, სადაც მთელი ჩოხატაური ჩადის და თავიანთი ოჯახებისთვის საჭირო პროდუქტებს ყიდულობენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვახვედრა თავისი მხარდამჭერები, დეპუტატები, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივ ბაზარში ყველა ჩვენგანი დავდივართ და ვსარგებლობთ აღნიშნულჯ ბაზრით”, – აღნიშნა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის, შარაშიძე პასუხობს, რომ აღნიშნული დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს ეხება, რაც ჩოხატაურში, სკვერის ნაწილში „საქართველოს ბანკის” ფილიალის გახსნას გულისხმობს.

„სკვერის კუთხეში, სადაც არანაირი გამწვანება არ იჭრება, აბსოლუტურად ყველა კანონისა და პროცედურების დაცვით იყო საკრებულოს მიერ დამტკიცებული აღნიშნული საკითხი, რაც იყო ჩოხატაურელების მოთხოვნა. იყო „საქართველოს ბანკზე“ საუბარი და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ბანკი შემოგვეყვანა ჩოხატაურში. მოლაპარაკებები შედგა და ყველა კანონის დაცვით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ისეთ საქმეს და ისეთ საკითხს არ გავიტანთ და არ გავატარებთ, რაც ჩვენი ჩოხატაურელებისთვის იქნება მიუღებელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩოხატაურში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები”, რაც ითვალისწინებს მთელი ჩოხატაურის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, შედის ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სკვერი და სულ ცოტა ხანში ჩვენ მივიღებთ ძალიან ლამაზ, რეაბილიტირებულ ჩოხატაურს, სადაც იქნება მსუბუქი კონსტრუქციიდან აშენებული შენობები, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ხიბლს და სილამაზეს შემატებს ჩვენს მუნიციპალიტეტს“, – აცხადებს შარაშიძე.

როგორც მერმა აღნიშნა, დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ.

„შეხლა-შემოხლის მიზეზი იყო ერთი რამ: ეს პარტია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაში მიმართულია ჩვენი ჩოხატაურელების, ჩვენი გურულების წინააღმდეგ და ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს პარტიას, იმ პარტიას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია, ცილი დასწამონ და შეუარცხყოფა აყენონ ოჯახებს. საზოგადოებას ამაზე ჰქონდა ადეკვატური რეაქცია”, – განაცხადა შარაშიძემ.