,,გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ, არ გაძღა მაგათი მუცელი”- ხაბეიშვილი

78
spot_img

ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი პატარა “მინიგარქის” – ჩიგოგიძის მეშვეობით ფეოდალურ წყობილებაში ამყოფებს გურულებს. გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნოდარ დუმბაძის სკვერის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ აღნიშნული სკვერის დასაცავად, მათ შორის, თუ საჭირო გახდა ფიზიკურად დაიცავენ.

„ჩვენ ვნახეთ ლაჩარი ადამიანების – ჩიგოგიძის მოგზავნილი „ნასედკების“ თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებზე. საუბარია ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებაზე. აქ ადგილზეც კი ვერ მოუყარეს უმრავლესობას თავი – გააყალბეს საკრებულოს კომისიის სხდომა და მიუხედავად ამისა, ეს პატარა რუსი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონსაც ხმა მისცა, ჩოხატაურელებს ართმევს ნოდარ დუმბაძის სკვერს, ამას ბედავს და დიახ, ამასობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები ამის წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, სადაც ლაჩრულად მიუვარდნენ ჩვენს ლიდერებს. ყველამ ნახა ეს კადრები ტელევიზიით, მე ვთქვი, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი ჩოხატაურში, მოვუწოდე ამ ლაჩარ ადამიანებს ჩხუბი რომ დაიწყეს სად არიან, არცერთი არ ჩანს ახლა. ხვალ აუცილებლად დავარიგებთ ბუკლეტებს ჩოხატაურში ორ საათზე და ველოდებით ადგილობრივებს.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ პირველი – გამოძიებას ჩვენ არ ველოდებით, თუმცა ყველა პროცედურას გავივლით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ხელისუფლება შეიცვლება ეს ადამიანები დაისაჯონ. მეორე – ამ საინფორმაციო ბუკლეტებს აუცილებლად გავავრცელებთ და ყველას გავაგებინებთ, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს აუქმებენ ჩოხატაურში და მესამე – ჩვენ ვიბრძოლებთ, ფიზიკურად, მათ შორის, რომ თუ მაინც გაასხვისებენ, ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ნოდარ დუმბაძის სკვერს, როგორც კი იქ სამშენებლო მოქმედებს დაიწყებენ. ამიტომ ჩვენ ხვალ ჩოხატაურში გვექნება კამპანია, სადაც ადგილობრივების ინფორმირებას უზრუნველვყოფთ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი პატარა მინიგარქის – ჩიგოგიძის მეშვეობით ფეოდალურ წყობილებაში ამყოფებენ გურულებს და გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ.

ყველაფერი ხომ „დაითრიეს“, არ გაძღა მაგათი მუცელი და ახლა გადაწყვიტეს, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერიც მიისაკუთროს რუსმა ჩიგოგიძემ, არ გამოვა ასე და მათ შორის ფიზიკურად თუ მოგვიწევს ამის დაცვა, აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.