Home Blog Page 2361

“უმძიმესი რეალობაა კახეთში” – ლევან ხაბეიშვილი

უმძიმესი რეალობაა კახეთში. ფაქტობრივად, მოსავლის 60% განადგურებულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვდივართ ინიციატივით, მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

პარტიის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი – უხვი ნალექის დაზღვევა არ ხდება. მეორე – უხარისხოა წამლები და ფაქტობრივად, 10-12-ჯერ შეწამვლა უწევთ და მაინც არანაირი შედეგი არ დადგა. მესამე – მნიშვნელოვანი ფაქტორი – ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, ამ ადამიანებმა იშრომეს და ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დარჩნენ. ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია – სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია. წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წელს ჩაბარებულის რაოდენობის მიხედვით მოხდეს სუბსიდირება. ვგულისხმობ, 20 თეთრით სუბსიდირებას, რაც ამ ადამიანებს ვალის გასტუმრებაში დაეხმარება. ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება შეძლონ. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას მოვთხოვთ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რას გულისხმობს მევენახეების დახმარების ინიციატივა.

„რეალურად, რა არის ახლა ჩვენი ინიციატივა – ადგილიდან შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვენახი, სადაც მაგალითად, გასულ წელს 9 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ჩააბარა გლეხმა და ამ ყველაფერში მიიღო, როგორც სუბსიდია, ისე ქარხნის მიერ გადახდილი თანხა. წელს აქ ტონაზეც აღარ არის საუბარი. უკვე ალბათ ერთი სათლი, ორი სათლი ყურძენი შეიძლება მოიკრიფოს. რას ემსახურება ჩვენი ინიციატივა – ამ კონკრეტულმა გლეხმა შარშან, 9 ტონა ყურძენი ჩააბარა და წელს, სუბსიდირებაზე გამოყოფილ 20 თეთრობაზე – 1800 ლარი გადაუხადოს სახელმწიფომ. ეს ამ ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ მომავალი წლისთვის ვენახი გადაარჩინოს და გადაიხადოს ის ვალი, რომელიც აღებული აქვს თავის უახლოეს მაღაზიაში, სადაც იყიდება ის შხამქიმიკატები, რომელიც ჯერ კიდევ საეჭვოა. ამაზე ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ის ვადაგასულია, ფალსიფიცირებულია, როგორია თორემ რეალურად ესე არ უნდა დამართოდა ვენახს,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

განადგურებულ ყურძნის მოსავალზე გურჯაანში მცხოვრებმა მევენახეებმაც ისაუბრეს.

„მე პირადად მაქვს 75/100 ვენახი, როგორი ვენახი იცით – ცალ-ცალკე მაქვს ნახევარი ჰექტარი და 25/100 ცალკე. 25/100-ში სეტყვაც რომ მოსულიყო ყოველწლიურად 6 ტონას ვკრეფდი, თან სულ კარგ ყურძენს. მეორეში ცოტა მეჩხერი ვაზია, 8 ტონა იკრიფებოდა, სადღაც 14 ტონას ვკრეფდი. ვწამლავ ერთი და იგივე წამლით, ერთი და იგივე მაღაზიიდან, მაგრამ წელს მოხდა ისე, რომ ვადაგასული წამლები იყო, არავინ კონტროლი არ გაუწია. შარშან თუ მოვიყვანე, წელს რაღა დავუშალე, იგივე ამინდში?! ფაქტობრივად, წელს თუ დავკრიფე 4 ტონა, ეს კარგი მიღწევაა, როცა ამ დროს საჩვენებელი, ქარვასავით ყურძენი მომყავდა. კონტროლი არ არის არავითარი, ყველა მაღაზია თავის ჭკუაზეა მიშვებული. წამლები თუ იყო 20 ლარი, 40 ლარი არის გამხდარია. ორმაგს გახდევინებენ და ამ ფასის მიუხედავად, ფაქტია, ვადაგასულს გაძლევენ. 13-ჯერ მაქვს მოწამლული ვენახები, ფაქტობრივად, ყურძნიდან ვერ ამოვიღებ მოწამვლის ფულს, არარსებულია. ამას სჭირდება კონტროლი, სხვა აბა რა უნდა იყოს მექანიზმი?!

რაც შეეხება გიორგი ბოტკოველის ინიციატივას, ხალხისთვის ძალიან კარგია. მე პირადად დაფიცებული მაქვს, რომ ქარხანას 1 კილო ყურძენს არ მივუტან-მეთქი, იმიტომ რომ, როცა ქარხანაზე მიგაქვს ყურძენი, ჯერ წონაში გატყუებენ – არ გაძლევენ. მე პირადად ეს მოყვანილი ყურძენი სულ გადათვლილი მაქვს ხოლმე, სულ კაი ყურძენი, მაგრამ წელს აბა, ვერ შევთავაზებ, ამას დავწურავ სხვა გზა არა მაქვს, მაგრამ რასაც გიორგი ბოტკოველი იძახის ეს არის ხალხისთვის ჭრილობაზე მალამოს წასმასავით, იმიტომ რომ უმეტესობას აღებული აქვს ეს [შხამ-ქიმიკატები] ვალით, სესხით. კაცი არ არსებობს, რომ მაგის [შხამ-ქიმიკატების] ვალი არა ჰქონდეს და თუკი ჩვენი მთავრობა მაგას გააკეთებს, რომ „ნაციონალების“ მიერ წამოყენებულ ამ ინიციატივას დააკმაყოფილებენ, თვითონ მაგათ ინტერესში უნდა იყოს. ძალიან მივესალმებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ხალხი ამოისუნთქებს და წამლის ფულს მაინც ამოიღებს,“ – განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა, მევენახემ, დავით ზავრაშვილმა

„შარშან ჩავაბარე 13.5 ტონა ყურძენი, წელს კი მხოლოდ ტონა-ნახევარი. ეს ყველაფერი გამოიწვია წამლებმა, ყოველ მეხუთე დღეს ვწამლავდით, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. წელს მხოლოდ ტონა-ნახევრის დაკრეფა მოვახერხე. ღირებულება არის ის, რაც შარშან იყო – 90 თეთრი,“ – განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა, მევენახემ, მიტუშა შანშიაშვილმა.

ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში „რთველი 2023“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს გაიხსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს რთვლის პროცესს; ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში; ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. მოვუწოდებ მევენახეებს უფრო მეტი აქტიურობისკენ ამ მიმართულებით. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით. სახელმწიფო, დაახლოებით, 15 მლნ ლარს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე; ვეხმარებით მეწარმეებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაში, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მხოლოდ გასულ წელს 103 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითლისა და 1კგ კახური მწვანისთვის 20 თეთრს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.

რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბის გაიხსნის ღონისძიებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთვლის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 500-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული. მოწეული ყურძნის ჩაბარება განხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე. 24 აგვისტოდან 24-საათიან რეჟიმში, თელავში იმუშავებს რთვლის შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს.

ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქების საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გამოჩნდა

“ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქების საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გამოჩნდა.

რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული ტელეგრამის არხი Cheka-OGPU-ს ცნობით, რომ ეს არის​პრიგოჟინის პირადი პილოტი და MNT Aero-ს ყოფილი დამფუძნებელი (ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მფლობელი) არტიომ სტეპანოვი.

სამართალდამცავები მას ვერ პოულობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მას თვითმფრინავზე წვდომა ჰქონდა, აფეთქებამდე ის კამჩატკაში გაემგზავრა, სადაც “დაიკარგა”.

ერთადერთი, რისი თქმაც მისმა ძმამ შეძლო, რომ არტიომი მესამე დღეა ლაშქრობაში იმყოფება და გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

გამოცემა წერს, რომ სტეპანოვს ძალოვანი უწყებები აქტიურად ეძებენ, შესაძლოა ის რუსეთის ფედერაციაში აღარ იმყოფება.

ამასთან, Fontanka წერს, რომ ევგენი პრიგოჟინის ცხედარი მორგში იდენტიფიცირებულია “ირიბი ნიშნებით” – მას ხელზე ერთი თითი აკლდა. პრიგოჟინი ერთ-ერთმა ვაგნერელმა ამოიცნო. აღინიშნება, რომ ნაშთი იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი ვიზუალური იდენტიფიკაცია რთულდება.

“მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა” -უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს -საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს“, – წერია განცხადებაში.

ჩინეთი იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

იაპონიამ ფუკუშიმას განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო.

იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო.

იაპონიის მთავრობის ქმედების საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა.

“ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში.

იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა და მოუწოდა, წყლის გამოყოფის გავლენის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებით იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი.

ფუკუშიმას დაიჩის ქარხანა 2011 წლის მარტში მას შემდეგ განადგურდა, რაც 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის ძლიერი ტალღები წარმოქმნა და სამ რეაქტორში დნობა გამოიწვია.

წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება განხორციელდება და პროცესი, დაახლოებით, 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

TEPCO-ის (ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია) ანალიზის შდეგების მიხედვით, ყოველ ლიტრ წყალში ტრიტიუმის კონცენტრაცია, დაახლოებით, 63 ბეკერელია (რადიოაქტიურობის ერთეული), რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სასმელ წყალზე დაწესებული ლიმიტზე (10 000 ბეკერელი ლიტრზე) ნაკლებია. განცხადება გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მის მიერ ადგილზე ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ტრიტიუმის კონცენტრაცია ზღვარზე ბევრად დაბალია. მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობის გეგმას ეწინააღმდეგებიან იაპონელი მეთევზეების ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში ზარალდებიან რადიაციის შიშით გამოწვეული რეპუტაციული ზიანისგან.

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ წყლის გაშვების ზონაში მუდმივ მონიტორინგს ჩაატარებენ და შედეგებს ყოველკვირეულად გამოაქვეყნებენ. რადიოაქტიური წყლის გაშვებას, საერთო ჯამში, დაახლოებით 30 წელი დასჭირდება.

რუსეთი, „ვაგნერით“ თუ მის გარეშე, თავის ცინიკურ თამაშს გააგრძელებს – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„უნდა გვეშინოდეს, რომ რუსეთი, „ვაგნერით“ თუ მის გარეშე, გააგრძელებს თავის ცინიკურ თამაშს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ უპირველეს ყოვლისა აფრიკაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ პასუხისმგებელნი აფრიკელი და უკრაინელი ხალხის წინაშე“, – აცხადებს ბერბოკი.

23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.

როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.

“ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი” -რევაზ სოხაძე „ლაგუნა ვერეს“ შესახებ

არსებული პროექტით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს. ვიღაცას მოსწონს, თუ არა კონკრეტული იერსახე, სართულიანობა, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ და შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებს საკრებულოში განუცხადა.

იგი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, 2 მლნ კვადრატულ ფართობზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს ეხება.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს დედაქალაქის მერი კონკრეტულ განაშენიანების რეგულირების გეგმებთან დაკავშირებით?! ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია. მაგალითად, როდესაც „ლაგუნა ვერეს“ პროექტზეა საუბარი, არავინ საუბრობს იმას, რომ დღეს იქ არსებობს შენობები, ისტორიულად არსებობდა იქ ფაბრიკა, უამრავი ბენზინგასამართი სადგურია მაგალითად იმ ტერიტორიაზე და დღეს თუ რაიმე სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, არის სწორედ ეს ქაოსური განაშენიანება.

დღევანდელი პროექტით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს. ვიღაცას მოსწონს, თუ არა კონკრეტული იერსახე, სართულიანობა, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ და შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ობიექტი“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისში დაგეგმილი მშენებლობების პროექტებს განიხილავენ. ოპოზიცია კახა კალაძის მისვლას ითხოვს და მერს ურბანული განვითარების გეგმის დარღვევაში ადანაშაულებს.

დიდ ომში არ არსებობს პატარა საქმეები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძლიერი ადამიანების დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული“, – აღნიშნავს ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა შეაქო ყველა მოქალაქის წვლილი ამ ომში და განაცხადა, რომ „დიდ ომში არ არსებობს პატარა საქმეები“.

მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს ფრონტის ხაზზე, მოხალისეებთან და მათ უკან მყოფ ოჯახებთან ერთად; ასევე მედიკოსებს, რომელთაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს.

“ბაიდენს უკრაინაში მიმდინარე ომთან გასამკლავებლად საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნია”-დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ლიდერს, ჯო ბაიდენს უკრაინაში მიმდინარე ომის გამკლავებასთან დაკავშირებით საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნია.

ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მსგავსი კრიზისის წინაშე საერთაშორისო საზოგადოება საერთოდ არ დადგებოდა.

“კარგია მედვედევის ინიციატივა – ანუ, პროცესი დაიძრა, მაგრამ თუ ჩვენ გვსურს მისი წარმატებით დაგვირგვინება, ამ ჯერზე მაინც მოუთმენლობის ნაცად “ფოცხს”ნუ დავაბიჯებთ…”-ქართველიშვილი

„2024 წლის 13 იანვარს ტაივანის კუნძულზე ტარდება დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პეკინს ჰყავს თავისი კანდიდატი. ამ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, კიდევ ერთ რეგიონში ექნება ადგილი მოვლებების „უკრაინიზაციას“, თუ ჩინეთი შევა ისტორიაში, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელიც 70 წელიწადი ელოდა ტერიტორიული სამართლიანობის აღდგენას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი,სოციალურ ქსელში წერს.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ ამ წლის მარტში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის განცხადება -„მზად ვართ, საქართველოს შუამდგომლობა გავუწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში“- არ დარჩა მოსკოვისთვის უყურადღებოდ. ამას დაემატა საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკებები სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების თაობაზე და აგერ, ბატონო, პირველი შედეგი: დიმიტრი მედვედევი ახმოვანებს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკაბების შესაძლებლობას. ოღონდ შუამავლების გარეშე.

ვიყავი და ვარ ჩემს მყარ მოსაზრებაზე: მიუხედავად იმისა, რომ თბილისისთვის სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით გასაღები მოსკოვის გვერდის ავლით ვერ მოიძებნება, მოსკოვთან ძლიერი და სანდო მედიატორის გარეშე მოლაპარაკების წამოწყება, დიდი ალბათობით, იქნებოდა ჩვენი კიდევ ერთი, საბედისწერო შეცდომა. ამას მალაპარაკებს თუნდაც ჩვენი ურთიერთობების ისტორიის ელემენტარული ცოდნა: 1783 წელს დადებული ხელშეკრულება და მისი 1801 წელს ფეხქვეშ გათელვა; 1920 წლის 7 მაისის დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და მისი უპრობლემო გადალახვა სულ რაღაც 9 თვეში.

მესმის რუსეთისა, მას ჩვენ შორის ჩინეთის მედიაცია ძალიან არ აწყობს. იზრდება იმის ალბათობა, რომ მან დათმოს საკუთარი სტატუს-კვო საქართველოსთვის მოგებიანი პოზიციიდან და ჩინეთის კომპონენტის რუსეთისთვის არასასურველ საკონკურენციო პირობებში. ამიტომაც აჩქარდა ის. მაგრამ ჩვენ (მერამდენედ ისტორიაში) რატომ ვჩქარობთ?

2024 წლის 13 იანვარს ტაივანის კუნძულზე ტარდება დე ფაქტო საპრეზიდენტო უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც პეკინს ჰყავს თავისი უძლიერესი კანდიდატი. ამ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, კიდევ ერთ რეგიონში ექნება ადგილი მოვლებების „უკრაინიზაციას“, თუ ჩინეთი შევა ისტორიაში, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელიც 70 წელიწადი ელოდა თავისი ტერიტორიული სამართლიანობის აღდგენას.

არ დაველოდოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს? არ ვაცადოთ თავისი პოლიტიკური რესურსის სამედიაციო მიზნებისთვის გამოთავისუფლება? კარგია მედვედევის ინიციატივა და მოგახსენეთ კიდეც, თუ რითია ის გამოწვეული, ჩემი მოკრძალებული აზრით. ანუ, პროცესი დაიძრა. მაგრამ თუ ჩვენ გვსურს მისი წარმატებით დაგვირგვინება, ამ ჯერზე მაინც მოუთმენლობის ნაცად „ფოცხს“ ნუ დავაბიჯებთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

“საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” -არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვუერთდებით დღესასწაულს, რათა აღვნიშნოთ უკრაინელი ხალხის ძალა, გამძლეობა და თვითმყოფადობა. საქართველო სოლიდარულია უკრაინისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. З Днем Незалежності, Україно!“, – წერს თალაკვაძე “ტვიტერზე”.