,,სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში ომის დაწყების საფრთხე”- ჩიბურდანიძე

61
spot_img

მაკკეინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დამსწრეთა განცხადებები ომის თემაზე იყო თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ოპოზიცია დეზინფორმაციის ნაკადის წაყვანას შეძლებს საზოგადოებაში, ომი გარდაუვალი იქნება. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა ქართველი ამომრჩევლის სიფხიზლე დღეს.

„მაკკეინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ბევრი ყოფილი სახე იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპის, გინდაც ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი 2024 წლის ბოლოს იქნება ყოფილი. ეს გარდაუვალია და მსოფლიოც დაისვენებს. დღევანდელმა მსოფლიო პოლიტიკურმა სპექტრმა წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა, ასეთ შეცდომებს პოლიტიკა არ პატიობს. ამ შეცდომებს საკუთარი ხალხი არ აპატიებს არც რუსეთს, არც ევროპას, არც – ამერიკას.

რაც შეეხება ომის თემაზე მაკკეინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დამსწრეთა განცხადებებს, ეს იყო თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. იმიტომ, რომ ისინი ამ ველზე დამარცხდნენ. როდესაც თავის მართლების რეჟიმშია პიროვნება, პოლიტიკური გუნდი, ქვეყანა – ის უკვე დამნაშავეა. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ მათ ქართველ ხალხთან, ქართველ ხალხს თავში აქვს ჩაბეჭდილი უარი ომის მიმართ, რადგან მათ საკუთარი თვალით ნახეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც მანამდე საკუთარ ქვეყანაში ჰქონდათ ნანახი, 90-იან წლებში, 2008 წელს და შიში განიცადეს. ეს შიში არ იყო ყალბი. დიახ, საქართველოს ხელისუფლებაზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი. ეს საფრთხე წარსულში არ არის დარჩენილი. სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში ომის დაწყების საფრთხე. თუკი ოპოზიცია დეზინფორმაციის ნაკადის წაყვანას შეძლებს საზოგადოებაში, ომი გარდაუვალი იქნება. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა ქართველი ამომრჩევლის სიფხიზლე დღეს, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. საქართველოს დღეს, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე აქვს ისეთი შანსი, რომელიც არც ერთ საუკუნეში არ ჰქონია და სულ ცოტა ერთი საუკუნე არ ექნება, რადგან თუკი მსოფლიო გადანაწილდა და ეს პროცესი დასრულდა, იქ უკვე ყველაფერი დალაგებული იქნება. საქართველოს აქვს შანსი, რომ გახდეს ეკონომიკური ჰაბი და ეკონომიკიდან გამომდინარე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. ევროპიდან პოლიტიკური ცენტრი გადმოდის კავკასიაში, სადაც დომინანტი სახელმწიფო საქართველოა. ძალიან ცდილობდნენ ამ როლის წართმევას, მაგრამ ხელისუფლების გონიერმა პოლიტიკამ შეძლო ამ სტატუსის შენარჩუნება. ჩვენ ვართ ლიდერი სახელმწიფო სამხრეთ-კავკასიაში და დომინანტი პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, გეოპოლიტიკის ეპიცენტრი გადმოდის სამხრეთ-კავკასიაში და კონკრეტულად, საქართველოში. სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანას აწყობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გარდა ამერიკისა, რადგან ამერიკას ეს არ აწყობს „ქართული ოცნების“ პირობებში.“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.