“მიუხედავად გამოწვევებისა, მყარად ვდგავართ პოზიციაზე და წელგამართულები ვართ” – გია ვოლსკი

84
spot_img

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას საუბარი არამხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, არამედ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზეც იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლაპარაკი არ იქნება მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. რასაკვირველია, წამყვანი თემაა, მაგრამ საერთოდ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და პერსპექტივაზე იქნება საუბარი. ასოცირების ხელშეკრულება გვავალებს ძალიან ბევრი რამის გაკეთებას. ჩვენ საკმაოდ დიდი პოზიტივი გვაქვს ამ მიმართულებით და თუკი რეიტინგებს შევადარებთ, თუკი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ ანალიზს შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველო საკმაოდ მყარ პოზიციაზე დგას არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ფორმატშიც და ამ თემებზე იქნება საუბარი. იმედია, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა მაინც დაინახავს იმ რეალობას თუ რა სჭირდება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის – სტაბილურობა და არა რევოლუციური სცენარი, რომელსაც ისინი ავითარებენ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლოდინებს, მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, მას ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

„მოლოდინი რასაკვირველია პოზიტიურია. ძალიან ბევრია გაკეთებული და მიღწეული. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ პოზიციაზე და წელგამართულები ვართ, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე”,- აღნიშნა ვოლსკიმ.