Home Blog Page 2354

რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

რუსეთის მთავრობამ ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა და ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ფიზიკურ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების რაოდენობა შეზღუდა.

ინფორმაცია რუსეთის მთავრობის კაბინეტის საიტზე არის განთავსებული.

“რუსეთის მთავრობამ ნორვეგიის სამეფო იმ უცხო სახელმწიფოების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ არსებული რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ მიმართულ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ “, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნორვეგიის დიპლომატიური მისიისთვის დაქირავებული მუშაკთა ლიმიტი 27 ადამიანით განისაზღვრა.

მოსკოვთან ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს მოსკოვთან ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარეობს.

„დღეს კიევმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერაქტის განხორციელება სცადა. ყველა აპარატი ჩამოგდებულია, არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

“იდენტური მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია”

“ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან. ამასთან, დაუშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია.

“ქართული ოცნება” დაკავებულია ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების ლანძღვა- გინებით და ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” და ამასთანავე რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. “ოცნება” გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო.

სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე “მესიჯბოქსით” გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები,” – განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ამჯერად, ამ კუთხით გამოირჩა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც არაპროფესიონალურად, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, მტკიცებულებების გარეშე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე მეკუთვნის ე.წ. ქოლცენტრი, სადაც ადამიანები ევროპელი პენსიონერების ფულის მითვისებით არიან დაკავებული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, „ფორმულასთვის“ ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ეს აბსურდული ტყუილი რეაგირების გარეშე დავტოვო. ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა” – პაატა მანჯგალაძე

კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალიძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას ბათუმში გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა “მესიჯები” მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შემთხვევითი არ არის.

“ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ “ქართულ ოცნებას” სასაუბრო “მესიჯბოქსებს”. შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და “ხალხის ძალის” ნარატივებისა და “მესიჯების” დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ “მესიჯბოქსს”, ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

ბარნოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს.

მათივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები.

„დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან“, – აცხადებენ მერიაში.

6 თვეში საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, რომლის 61.86 % გაიხსნა

მიმდინარე წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 16 738 ფაქტი (61.86 %) გახსნეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი – 7437 შემთხვევა (გაიხსნა 4112) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულის 2899 (2652) ფაქტი; ოჯახში ძალადობის 2153 (1763) შემთხვევა; ძალადობის 1572 (825), ხოლო მუქარის 2019 (1824) ფაქტი.

ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 812 შემთხვევა, საიდანაც 87 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 20 და 15 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 31 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 30 და 22 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 48 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 630 შემთხვევა – გაიხსნა 6. გარდა ამისა, დაფიქსირდა 1419 (გაიხსნა 270) სატრანსპორტო დანაშაული.რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ – 242, მათ შორის გაუპატიურება – 90, საიდანაც გაიხსნა 63; სამოხელეო დანაშაული – 228, გაიხსნა 44; კიბერდანაშაული – 515, გაიხსნა 246; ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ – 11, გახსნა 3; ძარცვა – 169, გაიხსნა 148; ყაჩაღობა – 62, გაიხსნა 51; თაღლითობა – 972, გაიხსნა 462; გამოძალვა – 51, გაიხსნა 26.აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 4.41%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი – 2022 წლის იანვარ-ივნისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 28304 დანაშაულიდან 56.03% გახსნეს.

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში, მტკვარში სამაშველო სამსახური ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამაშველო სამსახური ადგილზე შეტყობინებისთანავე გავიდა.

მათივე განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

“საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს”-მარია ზახაროვა

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდება სხვადასხვა თემებზე და რუსეთისა და ასევე, გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მის დამკვეთებს წარმოადგენენ.

„ქვეყანის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მისგან“, – განაცხადა ზახაროვამ.

ის ასევე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმში 27 და 31 ივლისს, ერთ კვირაში ორჯერ ჩავიდა.

საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. პოლიციამ „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ აქციის 23 მონაწილე დააკავა.

“პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმებები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მათ იარაღს არ ვიყენებთ”-ოლექსი დანილოვი 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული იარაღის გამოყენებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის უკრაინას არანაირი აკრძალვა არ აქვს.

მისივე თქმით, უკრაინას ნაკისრი აქვს ვალდებულება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის არგამოყენებაზე.

„პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმებები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის მათ იარაღს არ ვიყენებთ, იმისთვის, რომ რუსეთმა არ დაადანაშაულოს ისინი ომის მონაწილეობაში, მაგრამ ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოებულ იარაღს ეს არ ეხება “, – განაცხადა დანილოვმა.

“ჩემ დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადა 3 თვე იყო” – მიხეილ სააკაშვილი

უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზები რუსეთს აქვს გადაცემული.

“ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.

უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.

ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.

ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.

დღეს, 1-წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.

ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.

აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.

კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა“, – წერს სააკაშვილი.

2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1850 მოქალაქე.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა – 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 62, შიდა ქართლი – 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი – 27, მცხეთა- 46, გურია – 21.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე – 414 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 34;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ – 0;

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 80;

შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 82;

საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 62;

მოძრაობის დაწყების მანევრი – 26;

მოხვევის მანევრი – 60;

მობრუნების მანევრი – 8;

უკუსვლით მოძრაობა – 14;

გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 28;

ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 58;

მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა – 2;

ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 1;

დისტანციის დაუცველობა – 88;

სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;

განლაგების წესის დარღვევა – 1;

რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – 1;

სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 712;