Home Blog Page 2329

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მაღალი შეფასება უაღრესად მრავლისმეტყველია” – დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება:

“ბრავო ირაკლი ღარიბაშვილს! მართლაც საამაყო იყო მისი გამოსვლა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს მაღალი შეფასება უაღრესად მრავლისმეტყველია:

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხმა დღევანდელ მსოფლიოში ძალუმად ისმის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს, ამ არეულობასა და ომიანობაში კვლავაც მტკიცედაა უფლის მხარეს – სიმართლის, სამართლის, სამართლიანობისა და მშვიდობის მხარეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ურყევადა დგას საკუთარ სჯულზე და მეტიც: იგი ერთ-ერთი ბურჯია ქრისტეს სჯულისა.

საცა სიმართლეა, სამართალია, სამართლიანობაა, სამართლის იდეაა, ე.ი. საცა სჯულია – იქ საქართველო ლიდერი ქვეყანაა და არა აუტსაიდერი! მას კი ასწავლიან, არამედ მისგან სწავლობენ! იგი “კანდიდატი” კი არ არის, არამედ როგორც იმთავითვე, უწინაც, და აწ და მარადის ქრისტეს კვართის მცველი ქვეყანა!”– წერს დავით ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში იმყოფება.

“აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.

“მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი” – იაგო ხვიჩია

მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი, 2012- ში იყო ჩამოსული მიშას აქციებზე, მოეფერა ჩვენს ხელისუფლებას და ცოტა ხანში იმ ხელისუფლებამ არ დაამთავრა კარგად – ამ თვალსაზრისით, ვურჩევდი ფიქრს ბატონ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის გამოსვლას, ხვიჩიას განცხადებით, „პოპულისტური სისულელეა ზოგადად, რომ თითქოს ერს იცავენ რაღაცისგან და ასეთი სადღეგრძელოები „ქართული ოცნებისგან“ დამახასიათებელია”.

„მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი. მოგეხსენებათ 2012- ში საქართველოში იყო ჩამოსული მიშას აქციებზე და ხალხი „ვიქტორ, ვიქტორს“ უყვიროდა, იქიდან ის მოეფერა ჩვენს ხელისუფლებას და ცოტა ხანში იმ ხელისუფლებამ არ დაამთავრა კარგად. ამიტომ ორბანი რომ გაქებს, როგორც ჩანს, ქართველებს არ გვაქვს კარგად დაცდილი და ამ თვალსაზრისით ვურჩევდი ფიქრს ბატონ ღარიბაშვილს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენა”- ნიკა მელია

აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, „დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან“.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმე კვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა, როგორც მინიმუმ:

1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე; 2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება იგი) პარტიის მხრიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, – წერს მელია.

https://www.facebook.com/Nika.Melia5/posts/773212220832363

კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა – რუსული მედია

კრასნოდარის რეგიონში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას და ინციდენტის ამსახველ ვიდეო-მასალას, კრასნოდარის გუბერნატორი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ქარხანაში დრონით თავდასხმისას ცეცხლი გაჩნდა, ხანძრის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა ორსაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. მსგავსი ინციდენტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სადგურზე, სევასტოპოლში 29 აპრილსაც მოხდა, რაზეც რუსეთმა პასუხისმგებლობა, უკრაინას დააკისრა.

“ხელისუფლებაც დაკავშირებულია ქოლცენტრებთან და ამიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა”- ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებაც დაკავშირებულია ქოლცენტრებთან და ამიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას იმიტომ, რომ პირველ რიგში, მე არ მჯერა, რომ იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც აღწერილი იყო BBC-ის საგამოძიებო მასალაში, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა. იმიტომ, რომ იცის ყველაფერი“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.

“გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- გია ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, „ქოლცენტრების“ საქმეზე მიმდინარე  გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს.

“ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- აცხადებს გია ვოლსკი

მისი თქმით, „ბიბისის“ გამოძიებამ კონკრეტული მასალები დადო, რაც შეიძლება უკვე წარმოჩინდეს, როგორც ბრალდების საფუძველი.

„რასაკვირველია, რადიკალური ოპოზიციის ფუთფუთი გასაგები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია, რომ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკური მფარველია ოპოზიციის, რა საკვირველია, ისინი მოინდომებენ იმას, რომ გამოძიებიდან აქცენტები გადმოტანილი იყოს საპარლამენტო კომისიაზე. მათი გააფთრებული მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს შეიძლება იყოს.

გიორგი გახარიას გუნდი ცდილობს, ამ თემას გაემიჯნოს, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს წარმოიშვა და გაფართოვდა ეს თემა. ზოგიერთი გამიჯვნის და ზოგიერთიც ინფორმაციის მოზიდვის მიზნით გააფთრებულად ითხოვს კომისიის შექმნას.

“დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა” – ალუდა ღუდუშაური

დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა – თუ ეს ძალადობის წახალისებაა, აგერ, გიწვევთ ნებისმიერს და გაგცემთ პასუხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ღუდუშაურმა ისიც აღნიშნა, რომ “პრემიერ მინისტრის გამოსვლა სანიმუშო, ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის გამოსვლა იყო და ვინმეს ეწყინა თუ ეტკინა, ცივი წყალი დალიოს“.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, საქართველო ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, როგორიცაა რწმენა, ოჯახის სიწმინდე, ისტორიისა და ეკლესიის პატივისცემა და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ამ ღირებულებებშია და არა ფსევდოღირებულებებში.

“ბატონი პრემიერის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მართლაც, ეს ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ფიქრობს. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ვართ ამაყი, ვაჟკაცი და ღირსეული ხალხი, რომელიც საკუთარი წარსულით ამაყობს და ბუნებრივია, ფიქრობს, აწმყოზე. ის, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკლდა, დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან დგას.

პრემიერ მინისტრის განცხადებაში დავინახეთ, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ წარსულს. საქართველო ტოლერანტობის სამინუშო მაგალითია. ჩვენი კულტურა და წარსული არის საამაყო. ჩვენ, ჩვენი ისტორიითა და იდენტობით ვამაყობთ. საქართველო იმ ღირებულებების ერთგულია, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია – დიახ, დღეს თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროკავშირის ღირსეული წევრობა.

ჩვენ ვართ შემწყნარებლები, ყველას აზრს პატივს ვცემთ, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ უმცირესობის რომელიმე ჯგუფმა უმრავლესობის ნება გადაფაროს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად მოაწყო – ISW

რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად მოაწყო, რათა ფართო საზოგადოებრივი მობილიზაციისთვის პირობები შეექმნა, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მოსკოვში და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორ დრონს საჰაერო თავდაცვის რამდენიმე ფენის გადაკვეთა და კრემლამდე მიღწევა შეძლებოდა.

გარდა ამისა, 2023 წლის იანვრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვის ცენტრში „პანცირის“ საზენიტო სარაკეტო კომპლექსები განათავსა. ასეთი საჰაერო თავდაცვის ტექნიკას კი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება წამებში შეუძლია.

„კრემლის დაუყოვნებელი, შეთანხმებული და კოორდინირებული რეაგირება ინციდენტზე მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა ქვეყნის შიგნით მომზადდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრემლმა დაუყოვნებლივ დაადანაშაულა უკრაინა ტერაქტში და ოფიციალური პირების განცხადებები სწრაფად დაემთხვა ამ ბრალდებას.

„დრონის თავდასხმა შიგნიდან რომ არ ყოფილიყო მოწყობილი, ეს მოულოდნელი იქნებოდა. ასევე, სავარაუდოა, რომ რუსეთის ოფიციალური პასუხი თავიდან გაცილებით არაორგანიზებული იქნებოდა. მაგალითისთვის, კრემლმა ვერ უზრუნველყო დროული და თანმიმდევრული პასუხი გაცემა ბალაკლიასა და ხერსონის დაკარგვაზე 2022 წლის სექტემბერსა და ნოემბერში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის ექსპერტების თქმით, კრემლს შეუძლია, რომ მომხდარი ფაქტი 9 მაისის ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენოს.

“ვებრძვით გენდერულ პროპაგანდასა და სკოლებში განხორციელებულ ბავშვების სექსუალიზაციას” – ვიქტორ ორბანი

თქვენ იცით, რომ არჩევნების წინ ძირითადი ლოზუნგები არის – „არა მიგრაციას“, „არა გენდერულ საკითხებს“, „არა ერების დაყოფას“, „ერების დეზინტეგრაციას“. ჩვენ ასევე ვებრძვით გენდერულ პროპაგანდასა და სკოლებში განხორციელებულ ბავშვების სექსუალიზაციას. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეს მუშაობს კიდეც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სწორედ მათ ინტერესებს წარმოადგენს.

„მათ ცხოვრებაზე აქვს ამ ყველაფერს გავლენა და ეს მათ ინტერესებს წარმოადგენს, ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს. დემოკრატია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუსტი წერტილია პროგრესული მოძრაობისა. არსებობს ორი გზა ქალაქის დაპყრობისა, ეს ჩვენ ძველი რომიდან ვიცით – თქვენ ან დაიპყრობთ გალავანს ქალაქის გარშემო ან დაანგრევთ ტაძრებს. მე დავიწყებდი ტაძრების დანგრევით და შევინარჩუნებდი კედლებს, ეს არის ასეთი იდეოლოგია ამ ხალხის, რომში, იერუსალიმში, ყველგან იგივე გზა აქვთ ამათ. თანამედროვე ტაძრები მორალისა და იდეოლოგისა ნამდვილი ტაძრები ბრიუსელსა და აშშ-ში ჯერად მყარად დგას ფეხზე, დღესაა 4 მაისი და მაისის ძალა შეგეწიოთ, ასე ვთქვათ,“- განაცხადა ორბანმა.

თიბისის მხარდაჭერით ბაღდათში ტექნოლოგიური ღონისძიება „Dare to Be” გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტექნოლოგიური ხასიათის შეხვედრა გაიმართა. თიბისი, როგორც ტექ ინიციატივების მხარდამჭერი, ამით მიზნად ისახავს, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობა აამაღლოს და მომავალ თაობასაც დაეხმაროს, ამ სფეროში განვითარდნენ.

ღონისძიების ინიციატივა Women Techmakers Georgia-ს ეკუთვნის. შეხვედრის მთავარი მიზანი, რეგიონში მცხოვრები გოგოები და ქალები გაერთიანებაა, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროსადმი ენთუზიაზმი და განვითარებისა თუ სიახლეებისადმი დიდი სწრაფვა ამოძრავებთ. თავად Women Techmakers კომპანია Google-ის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს აერთიანებს და სფეროში მათი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ბაღდათში, კერძოდ, სოციალურ კაფე გლიცინიაში გაიმართა. იგი დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო მონაწილეობას კი დაახლოებით 30 ადამიანი იღებდა: “ჩართეს” ბენეფიციარები, “დიმელი ქალები” და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სხვა გოგოები თუ ქალები.

„თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება თანამედროვე პროფესიების კუთხით. ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლება კი ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ინიციატივებია . თიბისი ტექნოლოგური კომპანიაა, შესაბამისად, ხშირად ვართ ისეთი ღონისძიებების ორგანიზატორები და მხარდამჭერები, რომლებიც მიზნად ისახავენ ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერებას, ტექში ცოდნის და ახალი ინფორმაციის გაზიარებასა და ნეთვოქრინგის ხელშეწყობას.”- სალომე მიქაბერიძე, თიბისი ტექნოლოგიების ბრენდ მენეჯერი.

“წელს კამპანიის თემაა “Dare to Be” და ჩვენი მიზანიც არის, მონაწილეებს ვაჩვენოთ ტექნოლოგიების სფეროს ფართო შესაძლებლობები, რომ გაბედონ ოცნება უფრო დიდ მიზნებზე, იყონ გაბედულები კარიერულ გზაზე და არა მხოლოდ.ბაღდათში ღონისძიების ჩატარება ჩვენი თანაგუნდელის, ლილი ფულარიანის, დამსახურებაა. ლილი ყოველთვის გვაცნობს სხვადასხვა პროექტის საშუალებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საოცარ ადამიანებს და გვინდოდა, პირველად მათ შევხვედროდით.”- თამთა კაპანაძე, ღონისძების ორგანიზატორი.

R

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, ზელენსკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტსაც შეხვდება.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები სენატის ხელმძღვანელთან, იან ენტონი ბრუინთან. გარდა ამისა, გეგმავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრას და საჰაერო ძალების ბაზის დათვალიერებას.

ამასთან, როგორც მედია წერს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიო მშვიდობის საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკის ნიდერლანდების სენატში სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ფინეთიდან ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სამიტი გაიმართა.

თბილისის მერიამ 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი ჩაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 39-მა წევრმა მიიღო.

თბილისის მერიამ თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განახორციელა.