Home Blog Page 2298

,,აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება” – კობახიძე

ეს მიდგომა მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, –  ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოახერხოს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.  “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

,,გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ”- კობახიძე

გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ამისათვის კომპეტენტური ორგანი არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში განაცხადა.

„ყველაფერთან დაკავშირებით პირველ რიგში პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება“. – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში დაავადების გავრცელებას პროგნოზირებენ.

„ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი. ვინც ჩაიტარა ტესტირება იმათ შორის, 50%-ზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი. თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მან თავი უნდა შეიკავოს სხვა პირებთან კონტაქტისგან“, – აცხადებს კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე. 

EG.5 ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და მას სწრაფი გავრცელება, მაღალი სიცხეები, მშრალი ხველა და სახსრების ტკივილი ახასიათებს.

კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები მსოფლიოს 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. დასავლური მედიის ცნობით, 10 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჯამში 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე წინა 28 დღეში.

,,ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა”- მაჭარაშვილი

ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ალიანსში მიღება, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, უკრაინისთვისაა საზიანო, ხელს ითბობენ სულ სხვა ქვეყნები და ძალები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის იმ განცხადებაზე, სადაც იენსენი აღნიშნავს: „ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“.

მაჭარაშვილის თქმით, ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა.

„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ, სამწუხაროდ, ომი, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში, არ არის, მათ შორის უკრაინის სასარგებლო და ამას იყენებს არაერთი ძალა მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის საწინააღმდეგოდ. ნატო-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ნატო-ში მიღება და ეს იქნებოდა კარგი, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და სამწუხაროდ, ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, არის საზიანო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ხელს ითბობენ აბსოლუტურად სულ სხვა ქვეყნები და სხვა ძალები.

ეს მოცემულობაა დღეს და ნატო-ს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება შემთხვევით არ კეთდება, ეს წამოცდენაც არაა, რადგან ასეთი წამოცდენა არამცთუ ხელმძღვანელს, რიგით წევრსაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც, სამწუხაროდ, აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს, რომლებსაც ახლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სურთ ომი უკრაინაში და სურთ მეორე ფრონტი საქართველოში.

ამას ვამტკიცებდით მტკიცებულებებით და ახლა იქიდან მოდის მტკიცებულებები, ჩვენ მოპოვება აღარ გვჭირდება, ერთადერთი, ხალხს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ნატო-ს ხელმძღვანელობაც აღარ მალავს, რომ ქვეყნებმა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ არჩევანი ნატო-ში და ისიც გარანტირებული არ არის, არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ დათმობთ ტერიტორიებს, ნატო-ში მიგიღებთო. უბრალოდ, საუბარია, რომ როგორც ნატო-ს ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მოხდეს როგორმე ამ კონფლიქტის გაყინვა, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. მითუმეტეს მასშტაბურად ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა, არ უნდა მოექცნენ  გლობალური კონფლიქტის არეალში, რადგან უკრაინა ათჯერ მეტია საქართველოზე, მაგრამ ხომ ხედავთ, რას უკეთებენ და საქართველოსთან მიმართებაში 10-ჯერ უარესი იქნებოდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,აშშ ახალ პანდემიას ამზადებს” – იგორ კირილოვი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პანდემიას ამზადებს.

„შეერთებულმა შტატებმა გლობალური ბიოლოგიური კონტროლის დამყარებისთვის შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ოფისი შექმნეს. საუბარია იმაზე, რომ ახალი სტრუქტურა პასუხისმგებელი იქნება კურსის განსაზღვრასა და უცნობ ბიოლოგიურ გამოწვევებთან საბრძოლველად.სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი გლობალური საგანგებო მდგომარეობა“, – აცხადებს კირილოვი.

კირილოვის თქმით, ამ გზით შეერთებულმა შტატებმა ვირუსის მუტაციების ძიებით ახალი პანდემიისთვის მზადება დაიწყო.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ შეერთებული შტატების მიერ ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებას შეტევითი მიზნებისთვის, ისევე როგორც გლობალური მართვის მიზნებისთვის ბიოლოგიური ხასიათის კრიზისული სიტუაციების შექმნით“, – თქვა რუსმა გენერალმა.

 

“უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ” – ანა ნაცვლიშვილი

მშვენიერია! უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ – ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა – რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე მომხდარს და მსოფლიო მედიის გამოხმაურებას.

ნაცვლიშვილის თქმით, მორიგი „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!

მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!

ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია!“, – წერს ნაცვლიშვილი “ფეისბუქზე”.

გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი” – გიგი წერეთელი The Killers-ის კონცერტზე

სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი, ამით შეიძლებოდა ეს უსიამოვნება თავიდან აგვეცილებინა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შეკვეთილში, ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეკვეთილში, კონცერტზე მომხდარი ინციდენტი უსიამოვნოა, „მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რუსული სტრატეგია მიუღებელია და წითელ ხაზს წარმოადგენს“.

„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს. ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი. ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომხდართან დაკავშირებით Black Sea Arena-მ განცხადება გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა. თავის მხრივ, საზოგადოებას მოუბოდიშა თავად ბენდმაც. მუსიკოსების განმარტებით, მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6226 ლარი ეღირება, ევრო – 2.8634 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3407 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6209 ლარი ღირდა, ევრო – 2.8665 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3322 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აგვისტოს ამოქმედდება.

„უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“ – The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევმა აღშფოთებით უარყო ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ თავისი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს, თუ კიევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა მკაცრად დაგმო იდეა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა წამოაყენა: „სულელური აზრია და ყურადსაღები არ არის“, – განაცხადა მრჩეველმა. „თუ ასეთ იდეაზე დავთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად ვაკეთებთ არჩევანს დემოკრატიის დამარცხებაზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფასა და ომის გადაცემაზე მომავალი თაობებისადმი“, – დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში სამშაბათს.

„აშკარაა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გამანადგურებლად არ დამარცხდება, ისე რუსეთში პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება, ხოლო სამხედრო დამნაშავეები არ დაისჯებიან, კრემლის მადა ომის გაფართოებაზე სულ უფრო გაძლიერდება“.

როგორც ცნობილია, სტიან იენსენმა ზემოთ ხსენებული იდეა ნორვეგიულ გაზეთთან „ვერდენს განგთან“ (VG – Verdens Gang) საუბარში წამოაყენა, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა: „მე არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთ სავარაუდო გადაწყვეტილებად ჩავთვალოთ“.

უკრაინამ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კიევს განზრახული აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლება და დაბრუნება, ამიტომაც არანაირ მოლაპარაკებაში ჩართვას არ აპირებს, რომლის დროსაც ტერიტორიის მოსკოვისადმი გადაცემა იქნება განხილული.

სკანდალის გაჩენას ხელი შეუწყო რუსეთის მიერ „ზუსტი“ რაკეტებით უკრაინის დასავლეთ რეგიონებისადმი მიყენებულმა დარტყმამ, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრებიან. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ეს შეტევა ყველაზე მასირებული საჰაერო ოპერაცია იყო ომის დაწყების დროიდან, რომელიც ლვოვისა და ვოლინის (ლუცკის) ოლქებზე განხორციელდა.

რუსეთმა აჩვენა, რომ მისი არმია ძლიერი და ზუსტი ტექნიკით არის შეიარაღებული და რომ მას შეუძლია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გარღვევა (ამერიკული Patriot-ების მიუხედავად) და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შორ მანძილზე მდებარე ქალაქების დაბომბვა შეუძლია. ამ დროს კი უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს, რაც კიევის რეპუტაციის წინააღმდეგ მოქმედებს.

თავის მხრივ, ბალტიისპირა ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) და განსაკუთრებით პოლონეთი „კუნთებს ათამაშებენ“: ვარშავაში 15 აგვისტოს ისტორიულად გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა იმის აღსანიშნავად, თუ როგორ დაამარცხეს 103 წლის წინ (1920 წელს) პოლონელებმა მდინარე ვისლასთან რუსეთის წითელი არმია და ათასობით წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

რუსებმა უარყვეს უკრაინის განცხადება, რომ ლვოვისა და ლუცკის დაბომბვის დროს სამოქალაქო ნაგებობები დაინგრა. კრემლის ცნობით, დარტყმები ზუსტად განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარალიზება. ანდრეი ერმაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, თქვა, რომ რაკეტების ნამსხვრევების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი ახლახან, მიმდინარე წლის აპრილში არიან გამოშვებულნი. მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ სანქციები გაამკაცრონ, რათა მოსკოვმა რაკეტების წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები არ მოიპოვოს.

წყარო

“რუსეთი რაც მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის” – გურამ მაჭარაშვილი

რუსეთის ფედერაცია რაც უფრო მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას – ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ-ი, ნატო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგორი იქნება?! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „საუბარია იმაზე, როცა სხვა ქვეყანას უნდა შენს ხარჯზე გაძლიერდეს და მოიპოვოს უპირატესობა რუსეთის ფედერაციასთან”.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ერთი სახელმწიფო ისე არ იზრუნებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღეს როდესაც სხვა ქვეყნებს, მათ შორის ძლიერ ქვეყნებს სხვა პრიორიტეტი – რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და მისი შესუსტება უდგათ წინ, როგორ გგონიათ წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ თუ საქართველოს ინტერესებს? დღეს უკვე მსოფლიო ვითარება შეიცვალა და აშშ-ი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებზე წინ საქართველოს რატომ დააყენებს? არც უნდა დააყენოს, ისევე როგორც საქართველომ პირველ ადგილზე ჯერ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესები – ეს არის მთელი მოცემულობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში მიღება უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა მოხდეს, მტკიცებულებაა იმისა, რომ მსოფლიოს გადანაწილება ხდება და ამ ომში სულ სხვა ქვეყნები და ძალები ითბობენ ხელს.

„ხომ იცით, ნატოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. ეს წამოცდენაც არ არის და გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც ომის პარტიის ხელმძღვანელებს გააჩნიათ. მათ სურთ ომი უკრაინაში და სურთ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში იყოს.

მეგობრებო, რომ იცოდეთ, აი ეს ხდება – სამწუხაროდ, ნატოს ხელმძღვანელობაც არ მალავს იმას, რომ ქვეყნებმა არჩევანი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ. ესეც გარანტირებული არ არის – არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ ტერიტორიებს დათმობს, ნატოში მიიღებენ. როგორც ნატოს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნები აცხადებენ, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე კონფლიქტის გაყინვა მოხდეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

„განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ – Der Tagesspiegel

„აშშ-შიც და გერმანიაშიც ამჟამად დავა მიმდინარეობს ამა თუ იმ შეიარაღების სისტემის მნიშვნელობაზე და იარაღის მიწოდების დაყოვნებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევისათვის, მაგრამ განსხვავება ამ ორი ქვეყნის პოზიციაში ისაა, რომ თუ ბერლინი ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ (Taurus) მიწოდება-არმიწოდების საკითხზე მსჯელობს, ამერიკელები ყურადღებას ამახვილებენ კიევისათვის ავიაგამანადგურებელ „ფანტომების“ (F-16-ების) მიწოდების დაგვიანებაზე“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ (ავტორი – ქრისტოფ ფონ მარშალი).

მართალია, ამერიკული პრესის მიერ გამოქვეყნებული ცალკეული სტატიების ავტორები და გადამდგარი გენერლები, მაგალითად, ფილიპ ბრედლავი და სხვები, ამტკიცებენ, რომ უკრაინისათვის „ფანტომების“ მიწოდება და პილოტების მომზადება „საომარი თამაშის წესებს დიდად ვერ შეცვლისო“, მაგრამ სამხედრო ექსპერტების აზრით, დასავლური ტანკების, არტილერიისა და რაკეტების, აგრეთვე განაღმვის სისტემების გამოყენებასთან ერთად, ავიაცია დადებით როლს შეასრულებს კიევის არმიის კონტრშეტევაში და დანაკარგებს შეამცირებს.

„რასაკვირველია, თუ მხოლოდ შეიარაღების ერთი სისტემით ისარგებლებს, წარმატებას ვერცერთი არმია ვერ მიაღწევს“, – ამბობს კარლო მასალა, მიუნხენში მდებარე ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი, – „მაგრამ „ფანტომების“ მიწოდება უკრაინისათვის ნამდვილად დადებით როლს შეასრულებს და უკრაინელებისათვის სასარგებლო იქნება“. მისი აზრით, F-16-ების გამოყენება შეიძლება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისათვის რუსული ავიაციის მხრიდან. დღეისათვის უკრაინის ცაში, ფრონტის ხაზზე, რუსული ავიაცია ბატონობს, დამრტყმელი ვერტმფრენების სახით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს უკრაინელ ჯარისკაცებს.

დაბეჯითებით ითხოვს ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას უკრაინისათვის ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი. მისი აზრით, ვინც ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის, იგი თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით ვერ აზროვნებს და არაფერი არ უსწავლია წინა ომების გამოცდილებით“. გენერალი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის ჯარების სახმელეთო ოპერაციების დროს ავიაციის გამოყენებაზე, მაგალითად, ერაყის ოპერაციის დროს 1991 წელს და საფრანგეთში აშშ-ის არმიის შეტევის დროს 1944 წელს, რომლებსაც წინ უძღოდა მრავალდღიანი ავიადაბომბვები. „განა უკრაინაში სხვაგვარად უნდა იყოს? ავიაციას უკრაინაშიც იგივე დანიშნულება აქვს“.

ფრედერიკ ბენ ჰოჯესი სერიოზულ შეცდომად თვლის იმას, რომ დასავლეთი თავს იკავებს კიევისათვის უახლესი სამხედრო ტექნიკის მიწოდებისაგან და ეშინიათ, ვაითუ ომის ესკალაცია მოხდესო. „ჯო ბაიდენი „ფანტომებს“ არ აძლევს, ოლაფ შოლცი კი „ტაურუსებს“, ორივე ერთმანეთს უყურებს, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„დასავლეთი, სავარაუდოდ, ისევ იმ შეცდომებს გაიმეორებს, რომლებიც დაშვებული იქნა ვიეტნამსა და ავღანეთში. ჩვენ უკრაინის გამარჯვება ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ მიზნად უნდა გამოვაცხადოთ, შემდეგ კიევს ყველანაირი რესურსი უნდა მივცეთ“, – აცხადებს ფრედერიკ ბენ ჰოჯესი.

თავის მხრივ, გერმანელი სამხედრო ექსპერტი კარლო მასალა ვარაუდობს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას „ფანტომებს“ მისცემს, მის გამოყენებას შეზღუდავს. „გასაგებია, რომ უკრაინას F-16-ებით რუსულ თვითმფრინავებზე გამარჯვება შეუძლია. თეორიულად კიევს რუსეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესაძლებლობაც ექნება, რომ ის ბომბდამშენები ჩამოაგდოს, რომლებიც რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქების დასაბომბად. მაგრამ განა უკრაინას დასავლეთი ამის ნებას მისცემს? არამც და არამც“, – ამბობს კარლო მასალა.

ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი უფრო პრიორიტეტულად თვლის უკრაინის არმიის უზრუნველყოფას საარტილერიო ჭურვებით ფა ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტებით: „უკრაინას დღეს უპირველესად არტილერიის ჭურვები ჭირდება – იმიტომ, რომ სახმელეთო ბრძოლები განსაკუთრებით გააფთრებულად მიმდინარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია უკრაინის არმიის განაღმვის სისტემებითა და დრონების საწინააღმდეგო რაკეტებით უზრუნველყოფა“, – ციტირებს გერმანული გაზეთი ექსპერტის ნათქვამს.

წყარო

თიბისის მხარდაჭერით, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ რეკლამის ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიფართოვონ პროფესიული წრე და გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან,  2015 წლიდან  პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. სტუმრების სიაში Mighty Jungle სტრატეგიის საკონსულტაციო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ პოლარდი იქნება.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

წელს თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, ფესტივალზე ახალ ნომინაციას წარადგენს და გამარჯვებულ ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

R