Home Blog Page 2293

,,დროა, სომხეთ აზერბაიჯანს შორის, ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვი მზად არის ამაში დაეხმაროს”- ლავროვი

მოვიდა დრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვის ჯარები მზად არიან, ამაში დაეხმარონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს შუამავლად ორ ქვეყანას შორის, რაც, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საჭირო არ არის.

„ევროკავშირი ცდილობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობას და ვაშინგტონთან ერთად სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია მოაქვს. ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ლიდერებმა გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საკითხი, დადგა დრო მშვიდობიანი ცხოვრების, მისი დამკვიდრებისა, ნდობის განმტკიცებისა. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ამაში ყოველმხრივ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, ყარაბაღში მცხოვრები სომხების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის პირობები სრულდება, მიმდინარეობს მუშაობა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და დაჭრილთა ევაკუაციაზე.

,,ნებისმიერი გამოწვევა არაფერია ჩვენს ერებს შორის ძლიერ კავშირთან შედარებით”- ზელენსკი

პოლონეთის ქალაქ ლუბლინში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტს და მოხალისე ექიმს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ საერთო გზაზე ნებისმიერი გამოწვევა არაფერია უკრაინელებსა და პოლონელებს შორის სიძლიერესთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მე ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ძლიერი სამეზობლო ჰყავს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლონელს…

მე მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის ნებისმიერი გამოწვევა არაფერია ჩვენს ერებს შორის სიძლიერესთან შედარებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კანადაში სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებულმა ზელენსკიმ ლუბლინში ყოფნისას, ომის დროს გაწეული დახმარებისთვის სახელმწიფო ჯილდოები გადასცა პოლონეთის მოქალაქეებს: ჟურნალისტ ბიანკა ზალევსკას და სამედიცინო მოხალისეს დამიან დუდას.

ცნობისთვის, ბოლო დროს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა მარცვლეულის კრიზისის გამო დაიძაბა, როცა პოლონეთმა უკრაინის მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა, უკრაინამ კი პოლონეთიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე ემბარგო დააწესა.

ამის შემდეგ ზელენსკიმ გაეროში გამოსვლას პოლონეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული „პოლიტიკური თეატრი” მოსკოვს უწყობდა ხელს. უკრაინის პრეზიდენტის ამ გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოყვა პოლონეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის მოუწოდა, აღარასოდეს „შეურაცხყოს” პოლონელები.

,,არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება”- თურნავა

არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მედიასთან  განაცხადა. „კითხვის ნიშნები გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. რა თქმა უნდა, საყურადღებო კომენტარი და გამოსვლა იყო მისი მხრიდან, მაგრამ არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება

24 სექტემბრის ამინდი პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ ამ დღეს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. მეგობრებთან შეხვედრების დროს ეცადეთ, ისეთი თემების განხილვას მოერიდოთ, რომლებიც შეიძლება ვინმესთვის უსიამოვნო იყოს.

ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და თუ აუცილებელი არ არის, შესყიდვებს უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობებში თავს განსაკურებით დაუცველად გრძნობთ და ნებისმიერ შენიშვნაზე მტკივნეულად რეაგირებთ.

კურო

ეს დღე გეგმების განხორციელებისთვის არახელსაყრელია – წინ მეტისმეტად ბევრი დაბრკოლება გელით. სამაგიეროდ, შესაძლებლობა გაქვთ, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინოთ, რომლებიც მალე გამოგადგებათ. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სიურპრიზები და აქედან ყველა სასიამოვნო არაა. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურთ – ადრე თუ გვიან, თქვენი მონდომება შედეგს მოიტანს.

ტყუპები

ადამიანებს მოსწონხართ, ამიტომ ისინი ყოველთვის და ყველგან თქვენს დასახმარებლად მოდიან და ცდილობენ, პრობლემებისა და საზრუნავისგან გიხსნან. ეცადეთ, ეს მადლიერებით მიიღოთ და ახალ, ყველაზე ერთგულ მეგობრებს შეიძენთ.

მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ბევრ ტყუპს, კომერციული საქმიანობისგან შორს მყოფსაც კი, ამ დღეს ბიზნესალღო განსაკუთრებით გამახვილებული აქვს. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ.

კირჩხიბი

ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – ყველაფერს გაუმკლავდებით. ძველი მეგობრები და სანდო მოკავშირეები ყველა მიმართულებით გეხმარებიან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები თავად უნდა გადაწყვიტოთ.

მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. თქვენ შეძლებთ, იპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც მოეწონებათ.

ლომი

სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ მიმავალ გზას იპოვით. მეგობრებთან ურთიერთობა შთაგონებით და დადებით ემოციებით აგავსებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანთან, რომელსაც ვერასოდეს უგებდით.

მშვენიერი დღეა ნათესავებთან სტუმრობისთვის. ლომი მშობლები იამაყებენ შვილების წარმატებებით.

ქალწული

თუ ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე და მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. მზად ხართ, ითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც ყველა დავალებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც თქვენ.

გირჩევთ, კოლეგები და საქმიანი პარტნიორები სტუმრად მიიწვიოთ – არაფორმალურ გარემოში ურთიერთობას ერთად მუშაობას გაგიადვილებთ.

სასწორი

ყველაფერი, რაც ამ დღეს ხდება, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ეს გამოცდილება მომავლის შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

დღეს სარისკო მოქმედებებს უნდა მოერიდოთ – რაც უფრო ფრთხილად იქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება უხერხული სიტუაციები და სულელური პრობლემები. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. ნუ დაკარგავთ დროს ისეთ ადამიანებთან საუბარში, ვისი შეხედულებებიც თქვენი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – დარწმუნდით, რომ თქვენი გარიგებები იურიდიულად გამართულია, რადგან შეიძლება, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. რამდენიმე დღე დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე არა მხოლოდ დადებით ემოციებს, არამედ მნიშვნელოვან გამარჯვებებსაც გპირდებათ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მოულოდნელ, მაგრამ ძალიან საინტერესო შეთავაზებას მიიღებს. საშუალება გექნებათ, გაერთოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ.

ახალი ნაცნობობა საქმიანი თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო იქნება.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ, ან დრო სასიამოვნო ადამიანებთან გაატაროთ, თუმცა არც უსიამოვნო დავალება უნდა დაივიწყოთ, რომელიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. მასთან გამკლავება ყველაზე ადვილი შუადღის შემდეგ იქნება.

მერწყული

მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმიანი მივლინება კარგ გარიგებებს და წარმატებულ შესყიდვებს მოგიტანთ.

ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, რაც ნამდვილად ყურადღებას საჭიროებს. დღის ბოლოს განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა გაჩნდება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა ძალიან გაგახარებთ.

თევზები

ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისთვის, ვიდრე კონკრეტული ქმედებებისთვის. ამასთან, მეგობრები და ნათესავები მზად არიან, საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარონ.

ეცადეთ, რომ გარშემო მყოფებთანაც და საკუთარ თავთანაც გულახდილი იყოთ – მაშინ ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

 

,,რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას – კატეგორიულად მიუღებელია”- სარჯველაძე

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ასეთი ტიპის დაძაბული ურთიერთობები, დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლები არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელად გეუბნებით, დაზუსტებით არ ვიცი გლდანში რა მოხდა. ვის რა როლი ჰქონდა, ვინ როგორ მონაწილეობდა და რას აკეთებდა – არ ვიცი. რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას – კატეგორიულად მიუღებელია. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, რაც არ უნდა იყოს შინაარსი და მიზეზი, ძალადობა და ამ ფორმის ურთიერთობა რა თქმა უნდა მიუღებელია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გლდანში გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

,,თავდასხმაში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, ყველას ვიკვლევთ – ხოშტარია”

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ გლდანში, გუშინ მომხდარ ძალადობასა და ოპოზიციონერებზე თავდასხმაში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ:

”ეს არ იყო წახალისება ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ყველას ჰქონდა თავისი როლი. ზარნაძემ შეამზადა ფონი, სუს-ს ჰქონდა როლი რომ ადევნებოდა ამ ხალხს  და ყველაზე მოწყვლად პერიოდში დასხმოდნენ ხალხს. სპორტსმენებს, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ – ჩვენ ყველას ვიკვლევთ. იქ სპორტსმენებიც იყვნენ ჩვენი ინფორმაციით და აბსოლუტურად ყველაზე გვექნება ინფორმაცია” – ამბობს ხოშტარია “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას. 

,,სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას”- სარჯველაძე

ერთგვარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკის წარმოებისა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ანიჭებს მას შესაძლებლობას, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე ნახევრად ევროპული დამოკიდებულებაა.

„სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას, პირადად სააკაშვილს. ვიდრე ბრალმდებლის როლში წარმოდგება პრეზიდენტი, უნდა გაითვალისწინოს, აქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში საქართველოს მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება

კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი ნანა ჯანელიძის ფილმზე „იარე ლიზა” წერს და მას რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს, რომელიც მისი მტკიცებით, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა.

ოდიშარია კი ამბობს, რომ ფილმი პირველად 2019 წელს დაფინანსდა, დამატებითი დაფინანსება კი 2020 წელს უშუალოდ გახარიას მონაწილეობით მიიღო. სააკაშვილის ამ პოსტს კი მორიგ აფერიზმს უწოდებს და კითხვას სვამს თუ საიდან აქვს წვდომა მას „ვივამედში“ ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში.

„სააკაშვილი კულტურისგან სრულად გაუცხოებული გოიმი და ანალიტიკური უნარებისგან განძარცვული მეგალომანიაკი როა, ყველამ ისედაც ვიცით, თუმცა ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე, “იარე ლიზა”, აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო. არადა, ფილმი რეალურად ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია, რომელიც აფხაზეთის ომის საკითხს საერთოდ არც იკვლევს და არც თანაგანცდა გააჩნია, მხოლოდ ემოციურ აპარატზე ზემოქმედებას ცდილობს და ისიც გადაჭარბებული თეატრალიზმის და ჰოლივუდური პატერნების მიმბაძველობის გამო, ძალიან რთულად მისაღწევი იქნება მაყურებელში.

მიზანი ერთი შეხედვით კეთილშობილურია, რომ დაინგრეს მტრის ხატი, გამოჩნდეს, რომ ორივე მხარე ერთნაირად დაიჩაგრა, მაგრამ იმის გამო, რომ სიუჟეტს აკლია სიღრმისეული გააზრება, არის ზედაპირული და პრიმიტიული, ეს მიზანი ვერ მიიღწევა. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მორიგ ფუჭ აპელირებას, ფილმში იმდენი გინებაა რუსეთის მისამართით და იმდენი კომენტარია, რომ რუსეთის ბრალია ყველაფერი, მომენტებში გავიწყდება რომ ფილმს უყურებ და პირველკურსელი ლიბერალის პოდკასტი გეგონება თემაზე “კავკასიის გეოპოლიტიკა”.

მოკლედ, ეს მორიგი აფერიზმია, სააკაშვილი წულუკიანისკენ იშვერს ხელს, მისი ბრძანებით დაფინანსებული ფილმიაო, არადა, ფილმი პირველად დაფინანსდა 2019 წელს, წინა კულტურის მინისტრის პერიოდში, წინის წინა კინოცენტრის დირექტორის პირობებში და გახარიას პრემიერობის დროს. დამატებითი დაფინანსება 2020 წელს უშუალოდ გახარიას ჩამრევლობით მიიღო, მაშინაც, კულტურის მინისტრი იყო ჩხენკელი. გარდა იმისა, რომ უმარტივესი ფილმის გაანალიზება და კონტექსტის წაკითხვა არ შეუძლია, ამასთან, უბრალოდ პრიმიტიულ ტყუილს ამბობს, როგორც ჩვევია.

და ერთი ის მაინტერესებს, ვივამედში, სადაც, “სიკვდილს ებრძვის”, საიდან აქვს წვდომა ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში?“, – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

,,პრემიერ-მინისტრმა გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა”- თალაკვაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

„მთავარი იყო, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა. მეორე ის იყო, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას. ეს იყო მთავარი გზავნილები. მან ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი. ეს არის დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუციური რეფორმები და რაც მთავარია, მან კიდევ ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში. ეს გზავნილები იყო მოსმენილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილებს გაითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

23 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

,,პრეზიდენტის ქმედებების გაანალიზებით, ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში არ მოქმედებს” – წილოსანი

პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც თვალნათელია, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ის რეალურად რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის დაწესებული სანქციები პირველად მიემართება საქართველოს მოქალაქეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია

,,ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა არ შეეწყვიტა, საკითხის დღის წესრიგში დიდხანს დარჩენას ემსახურება”- თალაკვაძე

ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

„როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და ოპოზიციას, რომელსაც თავი გააქვს თვიდან თვემდე ასეთი ტიპის თემებით, არაფერი საქმიანი აღარ აქვს თავის დღის წესრიგში, როგორმე კიდევ დაუტოვონ რაიმე სალაპარაკო, რითაც შეძლებენ თავისი ამომრჩევლები მოატყუონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.