,,ნებისმიერი გამოწვევა არაფერია ჩვენს ერებს შორის ძლიერ კავშირთან შედარებით”- ზელენსკი

271
spot_img

პოლონეთის ქალაქ ლუბლინში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტს და მოხალისე ექიმს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ საერთო გზაზე ნებისმიერი გამოწვევა არაფერია უკრაინელებსა და პოლონელებს შორის სიძლიერესთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მე ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ძლიერი სამეზობლო ჰყავს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლონელს…

მე მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის ნებისმიერი გამოწვევა არაფერია ჩვენს ერებს შორის სიძლიერესთან შედარებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კანადაში სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებულმა ზელენსკიმ ლუბლინში ყოფნისას, ომის დროს გაწეული დახმარებისთვის სახელმწიფო ჯილდოები გადასცა პოლონეთის მოქალაქეებს: ჟურნალისტ ბიანკა ზალევსკას და სამედიცინო მოხალისეს დამიან დუდას.

ცნობისთვის, ბოლო დროს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა მარცვლეულის კრიზისის გამო დაიძაბა, როცა პოლონეთმა უკრაინის მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა, უკრაინამ კი პოლონეთიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე ემბარგო დააწესა.

ამის შემდეგ ზელენსკიმ გაეროში გამოსვლას პოლონეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული „პოლიტიკური თეატრი” მოსკოვს უწყობდა ხელს. უკრაინის პრეზიდენტის ამ გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოყვა პოლონეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის მოუწოდა, აღარასოდეს „შეურაცხყოს” პოლონელები.