Home Blog Page 2278

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სიბიდი დეველოპმენტს“ შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა. პარალელურად, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას როცა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, და, ვფიქრობ, გაზაფხულზე დასრულდება ეს ყველაფერი, მუნიციპალიტეტი მზადაა გადადგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და დავიწყოთ ამ პრობლემის ერთად მოგვარება, იმიტომ, რომ მხოლოდ თბილისი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია აპირებს დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოაწყოს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა თავის მოადგილეს დააავალა მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მომსახურების შესყიდვა.

„რეკრეაციული სივრცეების გაზრდა დედაქალაქში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლებში. ალბათ ბევრმა იცის, რომ დიდი დიღმის მე 3 მრ-ის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა – 8647 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც, ფაქტობრივად, ამ მიკრორაიონის შუაგულია და გარშემორტყმულია კორპუსებით. ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. ვფიქრობთ, თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არის.

მინდა დავავალო ჩემს მოადგილე ანდრია ბასილაიას, მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მომსახურების შესყიდვა და დავიწყოთ ახალი პარკის მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი” – ჯანდაცვის სამინისტრო

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.

„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.

პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია – „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას’,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, საუბარი იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.

„ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში”, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

“ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია”

საგამოძიებო კომისია ფრთხილი მოლოდინებით და ოპტიმიზმით უნდა შევქმნათ, რადგან ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიცია არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 მოსამართლის თაობაზე აშშ-ის პოზიციის რევიზიას არ აპირებენ და კომისიამ სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებული ფაქტები უნდა გამოიძიოს.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვით კოლეგებს, მაგრამ მოლოდინი მაქვს ფრთხილი, რადგან ყველას, ვისაც ოპოზიცია ჰქვია, ოპოზიცია არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა. გადაწყვეტილებები კომისიაში მიიღება ხმების უმრავლესობით. მართალია, უმრავლესობა არ შეიძლება იყოს უმრავლესობა, მაგრამ ერთი სოციალისტის ყოფნაც კი, ფრიდონ ინჯიას წარმომადგენლის ყოფნაც კი დაბლოკავს ყველა პროცესს, ეს ხალხი არის „ქოცზე“ უფრო „ქოცი“, ეს არის ფაქტი, მოცემულობა და არც თავად უარყოფს – რომ ჰკითხოთ, ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა თუ ოპოზიციასთან, იტყვის, რომ „ოცნებასთან“. იმ 4 მოსამართლესთან დაკავშირებით, ამერიკამ ვისზეც თქვა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ფაქტები აქვს, ამის რევიზიას არ ვაპირებთ, სხვა მოსამართლეებზე კი ბატონო შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მაგრამ ფრთხილი მოლოდინებით და ოპტიმიზმით, რადგან ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიცია არ არის,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაგეგმილ შეხვედრას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სამივე შტო არაფორმალურად იმართება.

„კლანი“, ღარიბაშვილი, კობახიძე ანუ ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებულია არაფორმალური მმართველობის მიერ. რასაც წარმოადგენს „კლანი“ სასამართლოში, იგივეს წარმოადგენს კობახიძე პარლამენტში და ღარიბაშვილი მთავრობაში. საერთო ჯამში, ეს ძალაუფლება მიდის ივანიშვილთან, ცალკე „კლანი“ არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის „კლანი“, სამივე შტო ხელისუფლების მის მიერ არის უზურპირებული,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი ბიბლიური იოსების ხსოვნას ეძღვნება

დღეს ვნების შვიდეულის – დიდმარხვის ბოლო კვირის ორშაბათია. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძრებში პირველშეწირულ ძღვენთა წირვები სრულდება და მთელი სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.

ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას, რომელიც მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამებრივი აღსასრულის წინასახეა.
იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასეთივე გახლდათ იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი – აღდგომა, ამაღლება და განდიდება.

იოსებსა და მაცხოვარს შორის პარალელები აშკარაა: იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას – იაკობს, ისევე, როგორც მაცხოვარი ზეციური მამის საყვარელ ძედ ითვლება: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ” (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობასა და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთიც მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, მაგრამ როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე, მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას.

უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თავად იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში. მან მონობაშიც არ დაკარგა სულიერება, რადგან უფლის ძლიერი რწმენა ჰქონდა. იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრებაც იყო ჯვარცმა და წამება.
იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები სიკვდილისაგან იხსნის.
ასევეა, მაცხოვრის შემთხვევაშიც: ადამიანებმა ქრისტე სასიკვდილოდ გაწირეს, მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა კი იხსნა კაცობრიობა.

დიდი ორშაბათის დღე წმინდად და სათაყვანოდ მიიჩნევა. როგორც წმინდა თეოდორე სტუდიელი ვნების კვირის ორშაბათის სწავლებისთვის ქადაგებს, დღევანდელი დღე წმინდა და თაყვანსაცემებია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად ლისათვის და ცხებულისა მისისათვის!”

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობასაც იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა _ იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

“ზაპოროჟიეს რაკეტები ესროლეს ამ ტერორისტებმა, მეტი არაფრის უნარი არ აქვთ”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ურდოს შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა! რეალურად ჩავარდა და დიდი დანაკარგები განიცადა ურდოს შეტევებმა ავდეევკის და მარიინკას მიმართულებებზე! ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საერთოდ ხელი აიღეს ამ შეტევების განხორციელებაზე, მაგრამ გუშინაც კი ავდეევკას და მარიინკას მიმართულებით განხორციელებული წარუმატებელი შეტევების შედეგად ურდომ დიდი დანაკლისი განიცადა ცოცხალი ძალის და განადგურებული ტანკების, აგრეთვე ჯავშანმანქანების სახით და უკან დაიხია!

ზაპოროჟიეს რაკეტები ესროლეს ამ ტერორისტებმა, მეტი არაფრის უნარი არ აქვთ. პირიქით თხრიან სანგრებს და ემზადებიან ჩვენების იერიშისთვის! ყველაზე მძიმე ვითარება, რა თქმა უნდა, ნარჩუნდება ბახმუტში და მის შემოგარენში! მართალია, ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის სადგურის მიდამოებში, აქვთ გარკვეული წინსვლა სტადიონ “ავანგარდის” მიმართულებით, თუმცა თავად სტადიონი ჯერ კიდევ ჩვენების კონტროლის ქვეშ არის! გარდა ამისა, ურდოს ისევ ჰქონდა მცდელობა ორეხოვო-ვასილივკის, ბოჰდანოვკის და ხრომოვოს მიმართულებით შემოტევის, მაგრამ ჩვენები მაგრად დაუხვდნენ! ისევე როგორც სამხრეთით, ივანოვსკოეს მიმართულებაზე და ტ0504 ტრასის მიმართულებაზე ვითარება იყო უცვლელი! კრემინნას მიმართულებაზეც ყოჩაღად არიან ჩვენები, ხოლო სვატოვოსა და კუპიანსკის ნაწილებზე სიტუაცია უბრალოდ დგას!

გავრცელებული ინფორმაციით, კუხარკა პრიგოჟინის ვაგნერმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადა ბახმუტში და მის შემოგარენში, რომ ურდომ მიმიღო გადაწყვეტილება რეგულარული ნაწილების ელიტური დანაყოფები დაახმაროს! თავად პრიგოჟინი კი ისევ მოთქვამს! რა თქმა მისი წუწუნი იყო ჭურვების ნაკლებობაზე, მაგრამ ამჯერად მან ჩვენების მომავალი შეტევის მასშტაბებზე ისაუბრა! მისი ინფორმაციით, უკრაინამ შეძლო 200-დან 400 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზება, რომელთან გამკლავებაც არ იქნება ადვილიო! ცხადია, ჭურვები ურდოს მაინც უფრო მეტი აქვს და ამ დღეებში სწორედ არტილერიის ხარჯზე ცდილობს მცირედი უპირატესობის მიღწევას, მაგრამ ურდოსაც აქვს სერიოზული პრობლემები ჭურვების და მძიმე ტექნიკის ნაკლებობის თვალსაზრისით! ავტორიტეტული “ორიქსის” დადასტურებული ინფორმაციით, ურდომ 10 ათასზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა დაკარგა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ! ცხადია, არავის, მათ შორის არც რუსეთში სჯერათ პიანი ძიმონ მედვედევის, რომელიც გაიძახის, რომ 1500 ახალთ-ახალი ტანკი გადმოვა კონვეერებიდან და შეუტევს უკრაინას, ისედაც სამ ცვლაში მუშაობენ და არსებულის შეკეთება მოდერნიზებას ძლივს ასწრებენ!

ამ გახსენებაზე მედვედევი არ გვეყოფოდა “არმაგედონის” “დაანონსებით”, ახლა ტრამპმა დაუწყო ჩიჩხინი აპოკალიფსს. გუშინ ტვიტი გამოაცხო: “მესამე მსოფლიო ომი”! კარგი რა, კარგი! ვაახ!

ჩვენებიც ელოდებიან ტექნიკას! გუშინ გამოჩნდა პირველი ვიდეო უკრაინაში ბრიტანული თვითმავალი არტილერიული სისტემის “ას 90”-ის შესახებ! ძალიან მძლავრი რამეა! ასეთი ტექნიკა აქამდე მხოლოდ ბრიტანელებს ჰქონდათ თავად და პოლონელები ამზადებდნენ ლიცენზიით მსგავსი მოდიფიკაციის ტექნიკას!

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა იგნატმა განაცხადა, რომ ძალიან მალე უკრაინა ჩაიბარებს ამერიკულ პატრიოტებს და ფრანგულ/იტალიურ სამპ-ტ-ებს (ძალიან მალეს როცა ამბობენ, როგორც წესი, უკვე ადგილზეა ხოლმე ვნახოთ)!

ამასობაში ერთ-ერთი უკრაინელი ბიზნესმენი გამოდის ინიციატივით, რომ წითელ მოედანზე 9 მაისს უპილოტო საფრენი აპარატის დაჯენისთვის ჯილდოდ გადაიხდის 500 ათასი აშშ დოლარს!

დოლარებზე გამახსენდა და თუ რამეს ჭირს ამ დღეებში კატასტროფა, ეს რუსული რუბლია! მიქრის და მიქრის ახალი მწვერვალებისკენ – 1 დოლარი = 82 რუბლს, 1 ევრო – 91-ს! ბოლო მონაცემებით, ურდოს ეკონომიკაში დეფიციტური ხვრელის ზომა მალე 7 ტრილიონ რუბლს მიუკაკუნებს! არ მუშაობსო კაცო სანქციებო, არაო.

საერთაშორისო ძალისხმევა შეიძლება კიდევ ვიხილოთ, მაგრამ მგონია, რომ აწი უკვე ყველა დაელოდება უკრაინელების მასიურ შეტევას! ბრძოლის ველზე გადაწყდება, იქნება თუ არა საერთოდ და როგორი ტიპის მოლაპარაკებები იქნება უკრაინას და რუსეთს შორის!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას” – სანქცირებული მოსამართლე განცხადებას ავრცელებს

მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – წერს შენგელია.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს და შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

უწყების ცნობით, ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ენტონი ბლინკენის განცხადება და კოლინ პაუელის შხამიანი სინჯარა! – ლევან მამალაძე

“აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“რატომ აიძულა აშშ-მ 2012 წელს ახლად გამარჯვებული ქართული ოცნება, სააკაშვილის რეჟიმის დამცველი მოსამართლეები დაეტოვებინა, ახლა კი მათ სანქციები დაუწესა!

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციაში ედებათ ბრალი და სანქციები დაუწესდათ!

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!

მიუხედავად ამერიკის სიდიდისა და მსოფლიო გავლენისა არავის ეგონოს , რომ იქ სიღრმისეული ანალიზი კეთდებოდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე მზადდებოდეს გადაწყვეტილება. ხშირად პოლიტიკური მიზნები სიმართლეზე მაღლა დგას! გავიხსენოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაულის მიერ მტკიცებულების სახით, გაეროს უშიშროების საბჭოზე შხამიანი სინჯარის წარმოდგენა. ამის საფუძველზე ერაყში ამერიკამ კოალიციურია ჯარებით ომი დაიწო, ქვეყანა დაინგრა და უამრავი ადამიანი დაიხოცა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სადამ ხუსეინს ქიმიური იარაღი არ გააჩნდა!

საქართველოს რეალობაში ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2012 წელს როცა „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა, აშშ-ს წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას თანამდებობებზე დაეტოვებინა ძალადობრივი რეჟიმის „გამპრავებელი“ მოსამართლეები. ასეთი ზეწოლის პირობებში სისტემური ცვლილებების გატარება შეუძლებელი იყო, რადგან მართლმსაჯულებასთან დაპირისპირება , საგრძნობლად შეასუსტებდა სახელმწიფოს. მაშინდელ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოსამართლეები გაეთავისუფლებინა სააკაშვილის გავლენისგან და სასამართლოს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება მიეღო. იმპერიები გავლენის სფეროების დაკარგვას ძნელად ეგუებიან, ამიტომ აშშ-მ ამ ბოლი წლებში გაზარდა იმ NGO-ების დაფინანსება ვინც სასმართლოს დისკრედიტაციისთვის მუშაობს!

მოსამართლეთა მიმართ სანქციების დაწესება პოლიტიკურ შინაარს ატარებს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ვაჭრობის ფონზე, სასამართლოს სისტემაზე დარტყმა, ხელისუფლებაზე ზეწოლას და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას ნიშნავს! ამიტომ ამერიკისგან კორუფციის დამადასტურებელ მტკიცებულების წარმოდგენას არ უნდა ველოდოთ. ისინი დააკვირდებიან , რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ამას მეხუთე კოლონა!

სიმართლე უნდა ითქვას, ფერნაცვალ მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას დაბალი ნდომა აქვს, მაგრამ თუ მათ უდანაშაულობის დამტკიცება სურთ, ამერიკის სასამართლოში გაასაჩივრონ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან დაპირისპირებაში შესვლას არ შეუწყონ ხელი. ეს საინტერესო და საქართველოსთვის უპრეცედენტო პროცესი იქნება!
ხელისუფლებას კი ვურჩევდი, არ აიღოს ამ მოსამართლეების „უმწიკვლობაზე“ პასუხისმგებლობა. თვითონ გაუკეთოს ინიცირება საქართველოში გამოძიების დაწყებას და სიმართლის დადგენას. გასარკვევია: რამდენად შეუქმნა სააკაშვილის დაქირავებულმა ლობისტებმა ბატონ ბლინკენს განწყობა და სახელმწიფო დეპარტამენტს დააჩქარებინა მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღება; რა როლი მიუძღვის კიევის პოლიტიკურ ცენტრს არახამიას და სხვებს, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მომზადებაში; ვინ არიან ამერიკის ელჩის და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატორები; კიდევ რა დარტყმებს ამზადებს აშშ მეხუთე კოლონის მხარდასაჭერად და რევოლუციური ფონის შესაქმნელად; რამდენად არის საქართველო მზად, მოიგერიოს დარტყმები და უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება!
მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში და საქართველოს საწინააღმდეგო გეგმების გასაჯაროებით, აშშ-ს პოლიტიკურ მიზნებს ფარდა აეხდება. დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება და ახლა შემოღება მეხუთე კოლონის მხარდაჭერად, სამოქალაქო დაპირისპირების, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად უნდა ჩაითვალოს! გვახსოვდეს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო სცენარი მოქმედებაშია! ხელისუფლების ინტერესებშია მშვიდობის დაცვა და ყველაფრის გარკვევა, რათა არ დაუშვას ამერიკის ეს გადაწყვეტილება რადიკალურმა ჯგუფებმა არეულობისთვის გამოიყენოს”- წერს სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე

“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 411 -ე დღე

ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშშია.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს.

“ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს – უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მტრის 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ შახტიორსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებით, ბოლო დღის განმავლობაში, მტრის შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს დასახლებული ზონის დასაბომბად „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს.

დაბომბვის შედეგად, 33 კერძო სახლი დაზიანდა, ერთი კი მთლიანად განადგურდა.

მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის 40 შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს რუსი სამხედროების ცოცხალი ძალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის 11 უბანი, ელექტრონული ომის ხუთი სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.

„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. დოკუმენტების ნაწილი დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია.

„რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო: კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ, და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას, და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა. დაღუპულია 50-წლამდე კაცი. შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სუფრასთან შეკრებილ პირებს შორის განვითარდა.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ადგილზე წარმოიშვა და წარსულში კონფლიქტის მონაწილეებს შორის დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული დღეა, რომელიც რომელიღაც ძველი ოცნების ასრულებასთან დაგაახლოებთ. თუმცა ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს – ენთუზიაზმი მხოლოდ ხვალამდე გეყოფათ. ამ დღეს ყოველგვარი რისკი უნდა გამორიცხოთ.

კურო

არ დანებდეთ, ეცადეთ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ჩანაფიქრის განხორციელებისას შესაძლოა სხვადასხვა დაბრკოლებასა და უსიამოვნებას შეეჯახოთ, თუმცა თქვენ პრობლემებზე ძლიერი ხართ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და სამსახურებრივი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე სწრაფად და თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. დროა დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის განხორციელება დაიწყოთ. თქვენი ინტუიცია სასარგებლო მიმართულებას მოგცემთ, მთავარია, ყურადღებით უსმინოთ.

კირჩხიბი

შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი საშუალებას მოგცემთ, რომ ეს დღე ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატაროთ. თუმცა, მანამდე მოქმედების გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი მოვლენები და სასიამოვნო შეხვედრები გელით. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ.

ლომი

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გაკონტროლება გიჭირთ, რაც შეიძლება კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე აისახოს და უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით არავინ შეურაცხყოთ და თანამოსაუბრეებს პატივისცემით მოეკიდოთ.

ქალწული

თუ სამსახურში საკუთარი იდეების განხილვას და რამე უჩვეულოს შეთავაზებას გეგმავთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. კოლეგები ყურადღებით მოგისმენენ და საწინააღმდეგო მოსაზრებების შემთხვევაშიც კი შეთანხმებას ადვილად მოახერხებთ. პირადი ურთიერთობები იმდენად გაღრმავდა, რომ უახლოეს ხანში შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებში სრულიად უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინოთ და ცინიკური შენიშვნებით არ გააღიზიანოთ. ასევე, ეცადეთ მშვიდად მიიღოთ, თქვენს თუ ვინმე თქვენს ქცევას ან საქმიანობას აკრიტიკებს.

მორიელი

ეს დღე ბიზნესსაქმიანობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. წარმატების მისაღწევად ეცადეთ მიღებული ინფორმაცია ყურადღებით შეისწავლოთ და კოლეგების გამოცდილება გაითვალისწინოთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებები ან მცირე სიახლეები ურთიერთობას უფრო ღრმას და საინტერესოს გახდის და დადებითი ემოციებით აავსებს.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ ცუდად შესწავლილი ან სარისკო შეთავაზება მოგების ნაცვლად უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ – მიუხედავად იმისა, რომ თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ფსიქოლოგიური სტრესი შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს და ძველი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გირჩევთ, ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნოთ და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნისთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შესანიშნავი საშუალებაა.

მერწყული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ – ახალ ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იდეებს მოგიტანთ, რომლებიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

შესაძლოა, ახალმა, ძალიან საინტერესო პროექტმა გაგიტაცოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. მოერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.