ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი ბიბლიური იოსების ხსოვნას ეძღვნება

144
spot_img

დღეს ვნების შვიდეულის – დიდმარხვის ბოლო კვირის ორშაბათია. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძრებში პირველშეწირულ ძღვენთა წირვები სრულდება და მთელი სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.

ვნების შვიდეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას, რომელიც მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამებრივი აღსასრულის წინასახეა.
იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასეთივე გახლდათ იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი – აღდგომა, ამაღლება და განდიდება.

იოსებსა და მაცხოვარს შორის პარალელები აშკარაა: იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას – იაკობს, ისევე, როგორც მაცხოვარი ზეციური მამის საყვარელ ძედ ითვლება: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ” (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობასა და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთიც მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, მაგრამ როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე, მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას.

უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თავად იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში. მან მონობაშიც არ დაკარგა სულიერება, რადგან უფლის ძლიერი რწმენა ჰქონდა. იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრებაც იყო ჯვარცმა და წამება.
იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები სიკვდილისაგან იხსნის.
ასევეა, მაცხოვრის შემთხვევაშიც: ადამიანებმა ქრისტე სასიკვდილოდ გაწირეს, მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა კი იხსნა კაცობრიობა.

დიდი ორშაბათის დღე წმინდად და სათაყვანოდ მიიჩნევა. როგორც წმინდა თეოდორე სტუდიელი ვნების კვირის ორშაბათის სწავლებისთვის ქადაგებს, დღევანდელი დღე წმინდა და თაყვანსაცემებია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად ლისათვის და ცხებულისა მისისათვის!”

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობასაც იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა _ იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.