ფრანგულ ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-ში (JDD – Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „BRICS-ის ქვეყნებმა G7-ის ქვეყნებს ეკონომიკურად პირველად გადაუსწრეს: რას მოასწავებს ეს ფაქტი?“ (ავტორი – მაიკლ ბლოკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბოლო დღეებში ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავდა, რომ „ბრიკსის“ (BRICS) სახელმწიფოებმა ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნის ერთობლივ მშპ-ს გადააჭარბეს. მოწმობს თუ არა ეს ფაქტი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გადატრიალებას“?
მხოლოდ ფაქტები
„ბრიკსი“ (BRICS) აბრევიატურაა იმ ქვეყნების ჯგუფისა, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედის. ბრიტანული კონსალტიგური კომპანიის Acorn Macro Consulting-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად „ბრიკსის“ ქვეყნებს უფრო დიდი ეკონომიკური წონა აქვთ, ვიდრე G7-ს – „დიდ შვიდეულს“.
BRICS-ის ორგანიზაცია დღეისათვის მსოფლიოს მშპ-ის 31,5%-ს უზრუნველყოფს, „დიდი შვიდეული“ კი 30,7%-ს. ექსპერტთა გათვლებით, BRICS-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება. როგორც ხატოვნად აღნიშნა ცნობილმა ჟურნალისტმა და ეკონომიკურმა მიმომხილველმა ჟორჟ მაკმა, „დღეს განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო უკვე აღარ არსებობს. შეიძლება მხოლოდ ვილაპარაკოთ აღმავალ და დაღმავალ მსოფლიოზე“.
BRICS-ის ისტორიიდან
ტერმინი BRICS პირველად 2001 წელს იქნა მოხსენიებული კომპანია Goldman Sachs-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსის მიერ იმდროინდელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის მიმოხილვის მიზნით, რომელთა ტემპები სწრაფად მატულობდა. თანდათანობით ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა სტრუქტურირება დაიწყეს და ერთმანეთთან დაახლოება დაიწყეს. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამიტი 2009 წელს ჩატარდა. იმ პერიოდში მათ მიზანს აშშ-ის საწინააღმდეგოდ მსოფლიო არენაზე ძალისხმევის კოორდინაცია წარმოადგენდა. ამ ქვეყნების ჯგუფს 2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა.
დღეს, როგორც ჩანს, ბევრი სახელმწიფოა დაინტერესებული BRICS-ის წევრობით – კერძოდ, ასეთი განზრახვა აქვს საუდის არაბეთს, მექსიკას, ნიგერიას, ვენესუელას და ირანს. 2022 წლის მაისში ჩინეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ განსაკუთრებული ხაზგასმით მოიხსნია ჯგუფის გაფართოება ისეთი ქვეყნებით, როგორებიცაა არგენტინა და პაკისტანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი.
2010-იან წლებში BRICS-ის ქვეყნებმა შექმნეს „განვითარების ბანკი“ – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატივა. მათ აგრეთვე ჩამოაყალიბეს საერთო სავალუტო რეზერვების ფონდიც. ობიექტურად თუ ვიტყვით, ბევრ ქვეყანას BRICS-ის წევრობა სწორედ ფულის (კრედიტების) სამართლიანად მიღების მიზნით სურს – მათი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოქმედება კრედიტებთან დაკავშირებით ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რატომაა მომხდარი ფაქტი მნიშვნელოვანი?
„დიდი შვიდეული“ (G7), რომელიც 1974 წელს შეიქმნა პარიზის ინიციატივით, დღეს წარმოდგენილია აშშ-ით, იაპონიით, დიდი ბრიტანეთით, საფრანგეთით, გერმანიით, იტალიით და კანადით. „შვიდეულის“ ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და ძირითადი გლობალური პრობლემები იხილება. ის ფაქტი, რომ G7 BRICS-მა უკან ჩამოიტოვა, რამდენიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენას დემონსტრირებს, კერძოდ, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის აქტიურად გამოსვლას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს სახით, რომელიც წინ უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გავიხსენოთ, რომ ჩინელებისა და ამერიკელების მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა დაფიქსირებული.
აშშ-ის ეკონომიკური ძლიერება თანდათან ეცემა. ეს რეალობაა – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მეორე მსოფლიო ომის დროიდან მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ითვლება – როგორც ეკონომიკური სისტემის რეორგანიზატორად (1944 წლის ბრეტონ-ვუდის შეთანხმების საფუძველზე) და როგორც მსოფლიოს ეტალონური ვალუტის მფლობელად, რომელსაც მთელი ვაჭრობა ეფუძნება.
BRICS-ის ქვეყნები G7-ის ქვეყნებს არამარტო ეკონომიკურად, არამედ დემოგრაფიულადაც უსწრებენ: „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებში 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, BRICS-ის სახელმწიფოებში კი 3,2 მილიარდი ადამიანი.
ვინ ვის?
უახლოეს წლებში, ალბათ, ნათელი გახდება, თუ რა აქვთ განზრახული BRICS-ის ქვეყნებს აშშ-ის ძლიერების დასათრგუნავად. დაიწყებენ თუ არა ისინი ვაშინგტონთან კონფრონტაციას? შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია რუსეთის როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დამწყები ქვეყნის მიმართ? გასული წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის წევრებს მეტი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა „დასავლელი სახელმწიფოების ეგოისტური მოქმედების საპასუხოდ“. ბოლო დროს, ევროპასა და ამერიკას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე განუხრელად ფართოვდება რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა.
„ფუძემდებლური მითი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის შესახებ გაიფანტა“, – ამბობს გიუნტერ მაიჰოლდი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის (SWP) დირექტორის მოადგილე „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, BRICS-ის გაერთიანება თავისი გეოპოლიტიკური ძლიერების მომენტს განიცდის, მისი წევრები ცდილობენ ისეთი მოდელის შეთავაზებას, რომელიც G7-ის ალტერნატივა იქნება“.
და მაინც, BRICS-ის გეოპოლიტიკურ ძალად გადაქცევის შესაძლებლობა საეჭვოდ მოჩანს: „ამ ორგანიზაციას მოქმედი სისტემის ჩანაცვლების გეგმები არ აქვს“, – ამბობდა გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (IRIS) დირექტორი ქრისტოფ ვენტურა, – BRICS-ის ჯგუფი სხვა მსგავს კლუბებს და ფორუმებს ჰგავს, რომლის წევრებს თავიანთი ინტერესები აქვთ და თითოეული საკუთარი მიზნის რეალიზებას ცდილობს“.