Home Blog Page 2275

“ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გამთლიანებულ საქართველოს”

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას. ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ განაცხადა.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა. მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა; ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მაკრონის სიტყვები, წაქეზება და პროვოკაციაა – ზახაროვა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამზრახველია, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – აცხადებს ზახაროვა.

მან ასევე, გაიხსენა პარიზის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე, სადაც ის პირველად აცხადებს თავის გეგმებს, იძლევა დაპირებებს და კრიტიკულ მომენტში აფრიკის ქვეყნებს ტოვებს კიდეც.

“ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები”

არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ასე ეხმაურება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.

“არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრესით, არამედ ისე ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები.

არ მიკვირს”, – წერს ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

“პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციას, რეალურად ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია”

პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. რეალურად, ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუჭირდება თქმა, პრეზიდენტი ამას შეგნებულად აკეთებს თუ გაუაზრებლად.

„საზოგადოებამ შეაფასოს, თუ ვინმე მიიჩნევს საქართველოში ან სადმე სხვაგან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. პირადად მე, ნამდვილად არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას დაეხმარება ასეთი განცხადებების კეთება, რომ საქართველოში რუსული გადაწყვეტილებები მიიღება ან ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს და განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ გახლავთ უფლებამოსილი, დამოუკიდებლად იმოქმედოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში და მას ასეთი წარმომადგენლობის განსახორციელებლად მთავრობის თანხმობა ესაჭიროება. ცივილიზებულ სახელმწიფოში ყველა უნდა ახერხებდეს, საკუთარი ქმედებები ისე დაგეგმოს, რომ ეს თავსებადი იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ კი ამას ვინმე ვერ ახერხებს, ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის ან სხვისი პრობლემაა. ეს მისივე პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი ეღირება, ევრო – 2.8259 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2522 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი ღირდა, ევრო – 2.8325 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2581 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს ამოქმედდება.

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა – Financial Times-ი

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.

ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.

მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.

„რომ მეთქვა არა იურიდიული, ხოლო ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, იმ განადგურების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინას მიაყენეს, იცით, რომ უკრაინის აღდგენაში ამათმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი. იურიდიული თვალსაზრისით, ეს საკითხი დამუშავების სტადიაზეა“, – აღნიშნა პრიცკერმა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაა, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი, ასევე, მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.

მისივე თქმით, სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება წარმოადგენს, რათა არ მოხდეს საჯარო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციის მატარებელ პირთა გადინება და მიღებული ცოდნა-გამოცდილება საჯარო ინტერესს მოხმარდეს.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

„საუბარია, დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1 000 ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში”

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს.

„ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.

„მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის – ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მელიას რა აქვს სალაპარაკო, ხაბეიშვილი რომ ჩამოგაგდებს, წადი დაიმალე რა” – ირაკლი ზარქუა

წაქცეულები არიან და ახლა წაქცეულს კიდე ფეხი მიაყოლო, ცოტა უხერხულია ჩვენის მხრიდან. რაც უნდათ, ის ქნან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

„წაქცეულები არიან და ახლა წაქცეულს კიდევ ფეხი მიაყოლო, ცოტა უხერხულია ჩვენი მხრიდან. რაც უნდათ, ის ქნან. ხაბეიშვილი რომ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ, ახლა იქ რა უნდა ილაპარაკო?! ან მელიას რა აქვს სალაპარაკო?! ხაბეიშვილი რომ ჩამოგაგდებს, წადი, დაიმალე რა. არჩევნებზე დარეგისტრირდება თუ მოაგროვა ის ხმები, რაც უნდა პარტიის რეგისტრაციას, წააგებს და მერე იტყვის გამიყალბესო. საკუთარ პარტიაში ჩამოგაგდეს, ბიჭო რა დროს ჯერ შენი პოლიტიკაა. ხელმოცარულების პარტიაა. ლუზერების პლატფორმა. ამიტომ გადმოიყვანეს დიდი მებრძოლი, ცრუ პატრიოტი ვაშაძე. პოპულისტი, საკუთარი მეზობლები არ აძლევენ ხმას. ხომ ხედავთ, აქ ხელმოცარულები ხართ რევოლუციურ დაფინანსებებში. ერთმანეთს მოუწყვეთ მერე პარტიაში რევოლუცია“, – აღნიშნა ზარქუამ.

შიდა პარტიული დაპირისპირების შემდეგ დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა. ამ დღეს ყოფილი თავმჯდომარე თანამოაზრეებს შეხვდება, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება. არ არის გამორიცხული ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

“მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს”

მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.

„ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2008 წელს რუსეთის შემოჭრამ მძიმე შედეგები იქონია ჩვენს ხალხზე. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ომის გამო არსებული არასტაბილური ვითარება გვახსენებს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და კონფლიქტების − მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის − მოგვარების საჭიროებას. ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას.

დასკვნის სახით, ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი მზადყოფნა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ვდგავართ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გადამწყვეტ მომენტში და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირისადმი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. დაე, ეს 15 წლის იუბილე იყოს იმის დასტური, რასაც ერთად მივაღწიეთ და იმ მუდმივი ვალდებულების შეხსენება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობის, შერიგებისა და კეთილდღეობის მიმართ.

ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს. დიდი მადლობა!”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“გვწამს, რომ ღვთის წყალობით, ქვეყანა გამთლიანდება” – შიო მუჯირი

გვწამს, რომ ღვთის წყალობით, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება, ერთადერთი გამოსავალი ეს არის ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, პატიება, ურთიერთმისამძიმრება, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა და საზოგადოებას ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს ვფიქრობთ ქრისტეს ჯვრის მნიშვნელობაზე, „გვაცხოვნენ ჩვენ, ჰოი, საღვთო ძალავ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისაო და ნუ დაგვიტევებ ჩვენ ცოდვილთა“, – ასე ლოცულობს წმინდა ეკლესია, ასე გვასწავლის ჩვენ ლოცვას ჯვრისადმი, რადგან ჯვარი ნამდვილად არის ცოცხალი ღმერთის ნიშანი, ჯვარი არის ცოცხალი საღვთო სიყვარულის ნიშანი, იმ სიყვარულისა, რომლითაც შეიქმნა სამყარო, შეიქმნა ადამიანი, იმ სიყვარულის ნიშანია, რომელიც განხორციელდა და გამოვლინდა ძე ღმერთში, უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი გადარჩენისთვის.

ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება. ასე გვასწავლიან ჩვენ წმინდა ეკლესია და ეკლესიის წმინდა მამები. ამიტომაც, წმინდა ჯვარს თაყვანს ვცემთ და მივმართავთ, როგორც ცოცხალ არსებას. ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთკაცის, თვით ყოვლადწმინდა სამების თავგანწირულ სიყვარულს, როცა თაყვანს ვცემთ წმინდა ჯვარს.

ჩვენ, ყველა, ჩვენს სხეულზე ვატარებთ ჯვარს, მაგრამ მთავარია, რომ ჯვარი გამოვსახოთ ჩვენს გულში, რომ ჯვარი აღვმართოთ ჩვენს გულში და იმ გზით ვიაროთ, რომელსაც გვაჩვენებს ქრისტეს ჯვარი. ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს თავგანწირული სიყვარულია, ჩვენ გვეშინია ამ გზაზე სიარულისა, გვეშინია თავგანწირვისა და გვავიწყდება, რომ სწორედ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს მივყავართ ნამდვილი კეთილდღეობისკენ, ნამდვილი სიყვარულისკენ, ნამდვილი სინათლისკენ, ნამდვილი სიხარულისკენ… და გვავიწყდება ისიც, რომ როგორც კი ამ ჯვარს აღვმართავთ ჩვენს გულში და მოვისურვებთ სვიმონ კვირინელთან ერთად დავდგეთ და ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი, ის ჩვენთვის ხდება სიხარულის მომნიჭებელი… და გვავიწყდება ის, რომ მხოლოდ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს (სადაც არის მხოლოდ ეს ჯვარი ქრისტესი და თავგანწირული სიყვარული, იქ არის მხოლოდ სამოთხისეული სიტკბო და სამოთხისეული სიხარული) მივყავართ ამ სიხარულისა და მარადიული სიტკბოსკენ, როგორც ზეციურ ცხოვრებაში, ასევე აქ, ამ მიწიერ ცხოვრებაში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს, როდესაც ვემთხვევით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ უფალს და ჯვრის ძალას, რომ მუდამ იყოს ჩვენთან, დაგვიფაროს და შეგვეწიოს ცხოვრებისეულ გზაზე, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა უფალ იესო ქრისტესთან ერთად ვიაროთ ღმერთის და მოყვასის თავგანწირული სიყვარულის გზაზე.

დღეს აღინიშნება ასევე ჩვენი ერისთვის ძალიან მწუხარე დღე, შესრულდა 30 წელი სოხუმის დაცემიდან. ჩვენ ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ ომს, სადაც დაიღუპა 15 000-ზე მეტი ადამიანი, რასაც მოჰყვა, პრაქტიკულად, მთელი ქართული მოსახლეობის გამოდევნა ეროვნული ნიშნით საკუთარი მიწა-წყლიდან, საკუთარი კუთხიდან, მოხდა ეს დიდი ბოროტებაც. საერთოდ, ეს ყველაფერი იყო ბოროტება…

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს და მოვიხსენიებთ დაღუპულთა სულებს, როგორც მეომრებს, ასევე საერო პირებს, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს.

მინდა, შეგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები ამასთან დაკავშირებით. იგი ბრძანებს: „ჩვენ ორივემ შევცოდეთ, როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმა, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. ეს ომი არ იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ეს ომი იყო ჩვენი ძმობის წინააღმდეგ გამართული ომი. მავანს და მტერს უნდა, რომ დაგვშალოს და იბატონოს ჩვენზე. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს უნდა გავაანალიზოთ“, – ბრძანებს მისი უწმინდესობა და გვწამს, რომ ღვთის წყალობით, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება. ერთადერთი გამოსავალი ეს არის – ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, პატიება, ურთიერთმისამძიმრება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ ყოველი თქვენგანი, ჯვრის ძალამ და მადლმა დაიფაროს, დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო“, – აღნიშნა შიო მუჯირმა.

“ჩანს, რომ მელია შექმნის ცალკე პარტიას, ლოგიკურია, თუ გაერიდება „ნაციონალურ მოძრაობას” – ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის შეფასებით, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს და ცალკე პარტიას შექმნის.

სამნიძის თქმით, საჭიროა ძლიერი ოპოზიციური პარტიები და შიდა არეულობა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს ასუსტებს.

„დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას. ეს ჩანდა აქამდეც და უკვე დადასტურდა მისი მხრიდან. მაქვს მოლოდინი, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს. როცა ოპოზიციურ პარტიებში არის შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირება გარეთაც გამოდის, ეს ასუსტებს ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტიები ოპოზიციის მხარეს. გვჭირდება მეტი კოორდინაცია და ალტერნატივის შექმნა. ამას კი სჭირდება გამოკვეთილი პროფილები თითოეული პარტიიდან. პარტია, სადაც მუდმივად დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს. ლოგიკურია, თუ ნიკა მელია ცალკე პარტიას შექმნის და გაერიდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თანამშრომლობასა და საუბარს მე ვაპირებ ყველა პარტიასთან, თუმცა ვნახოთ, როგორი საარჩევნო ცენტრი შეიქმნება, როგორი აზრი იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის დატოვება არ გამორიცხა. „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“, – აღნიშნა მელიამ.