“ჩანს, რომ მელია შექმნის ცალკე პარტიას, ლოგიკურია, თუ გაერიდება „ნაციონალურ მოძრაობას” – ხათუნა სამნიძე

191
spot_img

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის შეფასებით, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს და ცალკე პარტიას შექმნის.

სამნიძის თქმით, საჭიროა ძლიერი ოპოზიციური პარტიები და შიდა არეულობა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს ასუსტებს.

„დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას. ეს ჩანდა აქამდეც და უკვე დადასტურდა მისი მხრიდან. მაქვს მოლოდინი, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს. როცა ოპოზიციურ პარტიებში არის შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირება გარეთაც გამოდის, ეს ასუსტებს ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტიები ოპოზიციის მხარეს. გვჭირდება მეტი კოორდინაცია და ალტერნატივის შექმნა. ამას კი სჭირდება გამოკვეთილი პროფილები თითოეული პარტიიდან. პარტია, სადაც მუდმივად დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს. ლოგიკურია, თუ ნიკა მელია ცალკე პარტიას შექმნის და გაერიდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თანამშრომლობასა და საუბარს მე ვაპირებ ყველა პარტიასთან, თუმცა ვნახოთ, როგორი საარჩევნო ცენტრი შეიქმნება, როგორი აზრი იქნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის დატოვება არ გამორიცხა. „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“, – აღნიშნა მელიამ.