Home Blog Page 2273

“გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ”-თეა წულუკიანი

მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე გარკვეული გაუგებრობა.

ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.

„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით.

ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის – და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის – ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე, მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბევრი რამ იცის და ახსოვს, თუმცა იმის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირია, ყველაფერზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„მე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, სად ვმუშაობ. მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ყველაფერზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, შევახსენებ ყველას, რომ ჩემს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მე ვედექი სათავეში მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას და საქართველოში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღებას, რამაც, მეოთხე ტალღასთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა წინა მოწვევისას, მოიტანა საქართველოსთვის დიდი ნახტომები მართლმსაჯულებაში. იმდენად, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების საუკეთესო ჯგუფში, მოწინავე პოზიციებზე და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც და ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას. მიუკერძოებლობის, ასევე დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდი წარმატებები აქვს.

ეს პროცესი გრძელდება და ქართველ ხალხს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, ეს დღე როდესაც დადგება, ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო, სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მოუკერძოებელ სასამართლოს. შესაბამისად, მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს. ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ყოველთვის ერთ მუშტად შეკრული, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვნების შვიდეულის მეორე დღე – დიდი სამშაბათი

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

იგავი ათ ქალწულზე

მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური.

უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.

და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.

მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.

გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.

მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. (მათე 25, 1–13)

იგავი ტალანტების შესახებ

იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.

ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.

დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.

მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაც აქვს. (მათე 25, 13–29)

“რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ ვერ შედგა, არის უპასუხისმგებლობ” – ხათუნა სამნიძე

რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო – ესაა უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებას.

მისი თქმით, იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ამ საკითხის გამო გადადეს ვიზიტები. სამნიძე აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს.

“როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, მას ორივე დეპუტატის – წითლიძის და ხაბეიშვილის ხელმოწერაც ჰქონდა. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს სხდომის ჩასანიშნად. მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა. იმდენად მნიშვნელოვანი მგონია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც ნორმალური იქნებოდა. ახლა არსებითია ორივე მათგანმა და თითოეულმა დეპუტატმა პარლამენტში განაცხადოს, რომ მორიგ სხდომაზე, როცა ჩაინიშნება კენჭისყრა, ყველა იქნება დარბაზში,”- განაცხადა სამნიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის გაწეული ბრძოლისთვის ჯილდოს გადასცემს და აღნიშნა, რომ საკამათო არ არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში პროგრესი იყო, თუმცა უკანა პლანზე გადაინაცვლა ადამიანის უფლებებმა.

“მე არ ვიცი, რას და რა პერიოდს ეხება, მაგრამ ზოგადად “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში პროგრესი რომ იყო, ამაზე არ მგონია ვიკამათოთ. თუმცა, მალევე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პროგრესზე გაკეთდა პრიორიტეტი და უკანა პლანზე გადაიწია ადამიანის უფლებებმა, რამაც გამოიწვია უამრავი პრობლემა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით,” – განაცხადა სამნიძემ.

რიკოთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ- ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114- კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობითვე, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

“არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს” – ეკა სეფაშვილი

არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯილდოებისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს გადაეხადა.

“ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა,” – განაცხადა სეფაშვილმა.

14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში მოამზადა

სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში მოამზადა. ანგარიში მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლებების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა, მათგან ყველაზე მეტი- 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა. ომბუდსმენის განმარტებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით -11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო, სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 10 რეკომენდაცია, 3 ზოგადი წინადადება გამოსცა და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის არის ქალთა მიმართ სავარაუდო შევიწროების ფაქტები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის წარდგენა, გაკეთებული აქცენტების საზოგადოებისთვის გაცნობა და სახალხო დამცველის ამ ყველაფერზე ძალიან მკაცრი რეაგირება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მაგალითები არის მოყვანილი ანგარიშში. ყველა საქმე მნიშვნელოვანია, რაც ანგარიშში არის მოყვანილი”,-განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

“ვინც ყველაზე მაგრად იგინება, იფურთხება და კლავიატურის კაკუნისას თვალებს აბზრიალებს, მას პრეტენზია აქვს, რომ სამშობლოს იცავს!”

სოციალურ ქსელში ურთიერთშეურაცხყოფა სამწუხარო ნორმადაა დამკვიდრებული, მაგრამ ვაკვირდები, რომ ამ ბოლო დროს მაინც რაღაცა ახალ, ტრაგი-კომიკურ მიმდინარეობას ეყრება საფუძველი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

მისი თქმით, სამშობლო მოშიშვლებული საჯდომითა და მრუდე ენით კი არა, გულით, ფიქრით, საქმით, გონივრული ნაბიჯებით და რაც მთავარია, სიყვარულითაა ასაშენებელიც, გასაბრწყინებელიც და დასაცავიც.

“ვინც ყველაზე მაგრად იგინება, იფურთხება და კლავიატურის კაკუნისას თვალებს აბზრიალებს (ვითომ გვაშინებს), მას პრეტენზია აქვს, რომ სამშობლოს იცავს!!! არადა, ვინ – ვის და რატომ იცავს, არაა ამისი ამოცნობა რთული.

ეს მაგინებელ- ბრაზიანი კომენტატორები არაფრით არიან იმ შარვალჩახდილებზე უკეთესნი, სანატრელ მამულს მოშიშვლებული საჯდომებით რომ “იცავდნენ”.

სამშობლო მოშიშვლებული საჯდომითა და მრუდე ენით კი არა, გულით, ფიქრით, საქმით, გონივრული ნაბიჯებით და რაც მთავარია, სიყვარულითაა ასაშენებელიც, გასაბრწყინებელიც და დასაცავიც. მანდილოსნის (ვინც უნდა იყოს ეს მანდილოსანი: დამლაგებელი, მინისტრი, ექიმი, პედაგოგი, თუ პრეზიდენტი) შეურაცხმყოფელი… ვითომ მამაკაცი სამშობლოს, დამიჯერეთ, ვერ დაიცავს. მინახავს ასეთი არსებები ომიანობის ჟამს, კრიტიკულ ვითარებებში. გამგებმა გაიგოს!” – წერს კახა კალაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრობლემაა, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში“ – რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემაა, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში. ეს მოდელი არც დღეს შეცვლილა. ამ მოდელმა რაღაც დრომდე ასე თუ ისე თუ იმუშავა, დღეს შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის დამანგრეველი გახდეს.

ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ, რაც წამოვედი“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.

“ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული” – ივანე ჩხაიძე

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული – ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა.

„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა.

იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა.

რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება.

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია. დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი.

რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს

14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/760400915455508

 

 

 

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეარტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის , ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს.

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა : ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი , მეტეხის, მარჯანიშვილის , სამეფო უბნის თეატრტებთან.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა. ესენია: ლუკა – მამუკა სალუქვაძე “სიმარტოვე” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი

მწერალი – ნოდარ დუმბაძე “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” რეჟ: გიორგი თავაძე
ბარნი – ნილ საიმონი “მგზნებარე შეყვარებული” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
აკელა – რედიარდ კიპლინგი “მაუგლი” რეჟ: ნიკოლოზ საბაშვილი
ზაალ ერისთავი – აკაკი წერეთელი “ბაში-აჩუკი” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მამა – ოთარ ბაღათურია “მეფე ლირი თავშესაფარში” რეჟ:ოთარ ბაღათურია
ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს” რეჟ: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ჰერცოგი – უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” რეჟ:ლევან წულაძე
ვასილ კეჟერაძე – გურამ დოჩანაშვილი “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” რეჟ.ზურაბ კანდელაკი
ლეონჰარდტი – ამადეუს ჰოფმანი “პატარძლის ამორჩევა” რეჟ.მედეა კუჭუხიძე
მიუნჰაუზენი – გრიგორი გორინი “ბარონი მიუნჰაუზენი” რეჟ.ელენე მაცხონაშვილი
შაქრო – ნოდარ კეკელიძე “იღბლიანი მკითხავი“ რეჟ:ეკატერინე შარიქაძე
ნიკა – ალექსანდრე ჩხაიძე ‘”თავისუფალი თემა” რეჟ.შალვა გაწერელია
ბესო – ალექსანდრე ჩხაიძე “სკოლა 88” რეჟ.ანდრო ენუქიძე
გია – ირაკლი სამსონაძე “ბედნიერი ბილეთი” პრემია წლის საუკეთესო როლი რეჟ.შალვა გაწერელია
მგელი – დავით კვიჟინაძე „ფიცი მწამს“ რეჟ.მანანა კვირკველია
ნოე – თამაზ ჭილაძე „ნოეს კიდობანი“ რეჟ.თამაზ მესხი
ოლილე – არჩილ სულაკაური „ცისფერი ირემი“ რეჟ.თამაზ მესხი
ბილი – ო‘ჰენრი „ტრამალების რისხვა“ რეჟ.ირაკლი ჯაოშვილი, ინესა ბერძული
მეფე – ჩეხური ზღაპრების მიხედვით „ოქროსთმიანი პრინცესა“ რეჟ.ანატოლი ლობოვი
იოხიო – ძიუნძი კინოშიტა „წეროს ფრთები“ რეჟ.გიორგი ოსეფაშვილი
ლოთი – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ რეჟ.ქეთევან ხარშილაძე.
სახელმწიფო პრემიის ლაუერატი.
თეატრის გარდა , აქტიურად თამაშობდა კინოშიც. მის მიერ განსახიერებული კინო როლებია: ფილმები
ნუგზარი – მხ. ფილმი „მეტიჩარა“ რეჟისორები:ნელი ნენოვა, გენო წულაია
მოქეიფე – მხ. ფილმი „უძინართა მზე“ რეჟისორი.თემურ ბაბლუანი
წითელარმიელი – მხ. ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ:ნანა ჯორჯაძე
ჭუტალა – „ყავა და ლუდი“ რეჟისორი:ზაზა ბუაძე
ბიზნესმენი – სერიალი „ჩვენი ოფისი“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
ვიტალი – სერიალი „ჩიფსების თაობა“ რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
არჩილი – სერიალი „კლინიკა“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა
მეგარმონე – მხ. ფილმი „თბილისი-თბილისი“ რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
ავთო – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟისორი:გიორგი ლიფონავა

“საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია”

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, დაამშვიდონ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და კიევში იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები უკრაინაში ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ.

როგორც „პოლიტიკო“ ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა საიდუმლო მასალების გაჟონვის შესახებ, ამერიკული დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გასაჯაროების გამო მათი შეშფოთება გაექარწყლებინათ.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კავშირის წევრებმა მიმართეს ვაშინგტონს ბრიფინგების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

ამავე დროს, ლონდონში, ბრიუსელში, ბერლინში, დუბაისა და კიევში ოფიციალური პირები ვაშინგტონს სთხოვენ ახსნას, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ინფორმაცია ინტერნეტში, ვინ აგებს პასუხს დოკუმენტების გაჟონვაზე და რას აკეთებს აშშ სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის წასაშლელად. გარდა ამისა, ისინი სვამენ კითხვას, მიმართავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ზომებს, რომ მომავალში სადაზვერვო მონაცემების გაჟონვა არ მოხდეს.

ამერიკული მხარის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს, დაადგინოს გაჟონვის მასშტაბი.

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინა უკვე დიდი ხანია, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის აშშ-ს უზიარებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება.

„ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ უკრაინელები ამაში აბსოლუტურად მართალი იყვნენ“, – აღნიშნავს „პოლიტოკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი.

გამოცემის ცნობით, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გამოასწორებს ვაშინგტონი იმას, რასაც მთელ მსოფლიოში ოფიციალური პირები ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთ უდიდეს საჯარო დარღვევად მიიჩნევენ „ვიკილიქსის“ მიერ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ.