ფრანგული ჟურნალი „ლეზ ეკო“ (Les Echos) აქვეყნებს ინტერვიუს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონისთან სათაურით „ევროპის ბრძოლის მიზანი სტრატეგიული ავტონომია უნდა იყოს“. ჟურნალისტი ნიკოლ ბარე ფრანგ ლიდერს ჩინეთში ვიზიტის შედეგებსა და ევროპის პერსპექტივაზე ესაუბრება.
გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:
კითხვაზე, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან თქვენი დიალოგის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ ჩინეთისაგან უკრაინასთან მიმართებით?“, ემანუელ მაკრონი პასუხობს:
„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმას აკეთებს, რასაც ჩვენ – კერძოდ, იმას, რომ დღეს სამხედრო მოქმედებების ამინდია და ორივე სიტუაციას ვაკვირდებით. უკრაინას წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, ჩვენ კიევს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ამჟამინდელ მდგომარეობაში მოლაპარაკების დრო არ არის – თუნდაც მომზადებულნი ვიყოთ ამისათვის. ჩინეთთან ჩვენი დიალოგის მიზანი ისაა, რომ ჩვენი მიდგომების კონსოლიდირება მოვახდინოთ: პირველი – ესაა გაეროს წესდების დებულებებისადმი მხარდაჭერა; მეორე – მკაფიო გაფრთხილება ბირთვული პრობლემის თაობაზე. ჩინეთმა უნდა მიიღოს ზომები იმის გამო, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი ბელარუსში განალაგა – თანაც ორიოდე დღის მას შემდეგ, რაც კრემლმა მისი გაუვრცელებლობის ვალდებულება აიღო; მესამე – მკაფიო გაფრთხილება ჰუმანიტარული სამართლის ერთგულებისა და ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით და მეოთხე – სწრაფვა მტკიცე მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკების გზით.
სი ძინპინმა ბევრი ილაპარაკა უსაფრთხოების ევროპულ არქიტექტურაზე, მაგრამ შეუძლებელია ევროპულ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი მანამ, სანამ ევროპაში „გაყინული“ კონფლიქტებისა და დაპყრობილი ტერიტორიების მქონე ქვეყნები არსებობენ. ანუ, როგორც ხედავთ, ამ ყველაფრისაგან ერთი საერთო მატრიცა იქმნება… არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიისათვის პრიორიტეტი? შესაძლოა, არ არის. მაგრამ ეს დიალოგი შესაძლებელს ხდის იმ კომენტარების შერბილებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით – მათში რუსეთის მიმართ ერთგვარი თვითკმაყოფილებაა გამოხატული“.
ტაივანთან დაკავშირებული კითხვაზე, „რამდენადაც ჩინელები ამერიკელებთან კონფრონტაციაში არიან, განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო, ხომ არ განიხილავენ ისინი ევროპას ორ დიდ სახელმწიფოს შორის მოქცეულ პაიკად?“, – საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენი, ევროპელების მთავარი საზრუნავი ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩინეთს ვაჩვენებთ, რომ ევროპა ერთიანია. სწორედ ეს აზრი იყო ჩადებული ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტში. ჩინელებიც შეშფოთებულნი არიან ერთიანობის საკითხით, ტაივანთან დაკავშირებით, რომელიც, პეკინის აზრით, მის ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რატომ მსჯელობენ ასე ჩინელები. ჩვენ, ევროპელებს, ხშირად გვისვამდნენ კითხვას: დაინტერესებულები ვართ თუ არა ტაივანის პრობლემის სწრაფი გადაწყვეტით? არა, არ ვართ დაინტერესებულები. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ევროპელები ამერიკის ტემპებს ავყვეთ ამ საკითხში და ჩინეთი გავაღიზიანოთ“.
„ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავიღვიძოთ. ჩვენი პრიორიტეტი იმაში არ უნდა იყოს, რომ სხვა რეგიონებში მდებარე ქვეყნების დღის წესრიგს შევეწყოთ“, – ხაზს უსვამს ემანუელ მაკრონი. ფრანგი პრეზიდენტის აზრით, „ევროპა ხაფანგში აღმოჩნდება, თუ ის სტრატეგიული ავტონომიის პირობებში მაინც იქნება ისეთ კრიზისებში ჩათრეული ევროპის მიღმა მდებარე ქვეყნების მიერ, რომლებიც მას პირდაპირ არ ეხება. თუ მსოფლიო ორპოლუსიანი იქნება, ჩვენ არანაირი სახსრები არ გვეყოფა ჩვენი ავტონომიის შესანარჩუნებლად, ჩვენ ან რომელიმე პოლუსის ვასალები გავხდებით, ან მესამე პოლუსი უნდა ვიყოთ“.
„მართალია, ევროპის სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში ბევრი რამ იქნა გაკეთებული, მტკივნეულ ადგილად მაინც რჩება საერთო თავდაცვა“, – ამბობს ემანუელ მაკრონი. იმის გამო, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამხედრო წარმოება განუვითარებელია, ისინი იძულებულნი არიან იარაღისათვის ამერიკას და აზიის ქვეყნებსაც კი მიმართონ: „ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, უნდა გავძლიერდეთ“.
ინტერვიუში საფრაგეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში [თხევადი გაზის იმპორტის სახით], უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო რუსულ „ცისფერ საწვავზე“ უარის თქმის გამო.
„ამერიკელებზე ჩვენი დამოკიდებულება და შევზღუდოთ და შევამციროთ, ამის გასაღები ევროპის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებაშია, ასევე ატომური და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების საერთო სტანდარტების შემუშავებაში. რასაკვირველია, ევროპის სტრატეგიული ავტონომია არ ნიშნავს კარჩაკეტილობას და ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან დაახლოებასაც, მაგრამ ევროპას არ სურს დაემორჩილოს ორი ბლოკის დაპირისპირების ლოგიკას“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.
„პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ იმ მომენტში, როცა ჩვენ ნამდვილ ევროპულ სტრატეგიულ ავტონომიას ვქმნით, მაინც პანიკური რეფლექსით ვხელმძღვანელობთ და აშშ-ის პოლიტიკას უკან მივყვებით“, – აცხადებს ფრანგი ლიდერი და იქვე ამატებს – „ევროპა რ უნდა იყოს დამოკიდებული დოლარის ექსტერიტორიულ ძალაუფლებაზე“.