Home Blog Page 2269

“კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ” – შალვა პაპუაშვილი

კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ კითხვაზე განაცხადა.

„პრობლემა არ არის იმაში, რა ჰქვია პარტიას, როგორია ორგანიზაციული სტრუქტურა, ვინ არის თავმჯდომარე, მოადგილე და როგორია პოლიტსაბჭო. ოპოზიციის პრობლემა იმაშია, რომ ისინი თავისი არსით არიან კორუფციისა და ძალადობის სისტემის შემქმნელები. მათ სხვა არაფერი არ გამოუვათ პოლიტიკურ საქმიანობაში გარდა იმისა, რომ კორუფციისკენ და ძალადობისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ამიტომაც ეუბნება ხალხი მათ უარს.

მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას, ვინ ვისთან დაწყვილდება, ვის რა სახელი ექნება და ვინ იქნება ლიდერი წინა და უკანა ფლანგზე, პრობლემაა ფილოსოფიაში – კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“მომდევნო კვირებში ნახავთ ახლებურ მიმართულებას გაფართოებასთან დაკავშირებით” – ოლივერ ვარჰეი

მომდევნო კვირებში თქვენ ნახავთ ჩვენი აზროვნების ახლებურ მიმართულებას გაფართოებასთან დაკავშირებით, პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას და ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

როგორც ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ვარჰეიმ განაცხადა, ანგარიში ძირითდად ოთხ მიმართულებას მოიცავს.

„ამ ანგარიშში, ჩვენ არამხოლოდ გვსურს წინსვლა, არამედ გვსურს, მივცეთ საშუალება უფრო სწრაფ ინტეგრაციას. ეს მოიცავს ზრდის გეგმას დასავლეთ ბალკანეთისთვის, რომელიც დაეფუძნება ოთხ საყრდენს. ესაა სოციალ-ეკონომიკური რეფორმების გაძლიერება ევროკავშირში რეგიონის მიერთების დაჩქარებისთვის. მეორე – ჩვენ გვსურს, გაწევრიანებამდე მივცეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის საშუალება ამ ქვეყნებს ერთიან ბაზარში ევროკავშირის ოთხი თავისუფლების მიმართულებით. მესამე პუნქტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიც არის კანონის უზენაესობა და დემოკრატია. მეოთხე – ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ საჭირო ინსტრუმენტები ეკონომიკური და სოციალური ნაპრალების ამოსავსებად. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესით, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ახალი ინსტრუმენტი ჩვენს მდგომარეობას, რომლითაც ევროკავშირი შეძლებს, აჩვენოს, რომ მზად არის ახალი წევრების მისაღებად. ის მზად არის, შექმნას სწორი პირობები ახალი წევრების მისაღებად. ახლა კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ჩვენი დასკვნით, ახალი წევრების მისაღებად ხელშეკრულების ცვლილება საჭირო არ არის. ნათელია, რომ შიდა დებატი შეიძლება, წარიმართოს გაწევრიანების პროცესის პარალელურად“, – განაცხადა ვარჰეიმ.

“რა დაგჩენიათ ზედაპირზე რომ იტივტივოთ? – რუსებს დაუჯეროთ!”-გოგა ხაინდრავა “გირჩზე

“რა დაგჩენიათ ზედაპირზე რომ იტივტივოთ?”- ასე ეხმაურება “ტვიტერში” კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა  ორგანიზაცია “გირჩის” განცხადებებს: “ქართული ოცნება“ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს და იმის იმედადაა რუსები არ იტყვიან”, – უკვირს “გირჩს”. ნიჭი არ გაქვთ, გონება და თავმოყვარეობა! რა დაგჩენიათ ზედაპირზე რომ იტივტივოთ? – რუსებს დაუჯეროთ! ლავროვს! დროშა ხელში, შვიშტოკი პირში! ვპერიოდ ურაა!” -წერს გოგა ხაინდრავა

https://x.com/KhaindravaGoga/status/1707382649969414485?t=cbb6MheXOvILqN0wHNzYyQ&s=08

რუსეთს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს – გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებაზე

„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ „ოცნებაა“ სათავეში?! -ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანმდნენ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო,  რომ ქართული ოცნება იტყუებოდა

მისი თქმით, ამაზე მნიშვნელოვანია ის რიტორიკული შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, თუ რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერს საქართველოს ახლანდელი მთავრობის დახმარება უნდოდეს.

„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ ოცნებაა სათავეში?! – ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატი“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს და „ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა“.

„როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”, – აღნიშნა ლავროვმა.

“როცა ოკუპანტის ინტერესებს იცავ, ამას რა სახელი ჰქვია?” – მიხეილ დაუშვილი

ფარცხალაძეს მხოლოდ ღარიბაშვილი კი არა, მთელი “ოცნება” იცავს – მისი დაცვით ჩვენმა მოქალაქეებმა 150 მილიონი ლარი პირდაპირი ზიანი მიიღეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, ფარცხალაძის დაცვით გარდა ფინანსური ზიანისა, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა, ხოლო ბრძანებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა. რუსული ინტერესები დაიცვეს.

“ფარცხალაძეს რაც შეეხება, მას მარტო ღარიბაშვილი არ იცავს, მთელი “ოცნება” იცავს და მოდით ჩამოვთვალოთ, რა ზიანი მიაყენეს ქვეყანას ფარცხალაძის დაცვით: სუფთა ფინანსური ზიანი, რაც მოქალაქეებმა მიიღეს არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა კურსის დასტაბილურების მიზნით, გაყიდა 60 მილიონ დოლარზე მეტი, ანუ დაახლოებით 150 მილიონი ლარი არის პირდაპირი ზიანი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ის აქციეს პარტიულ ორგანიზაციად და რასაც “ოცნება” უბრძანებს, იმას გააკეთებენ და არა იმას, რაც არის მოქალაქეთა ინტერესები. ამასთანავე, სებ კი არ დააზიანეს მხოლოდ, მთელს ქვეყანას უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს საერთაშორისო დონეზე, პარტნიორებს უთხრეს, რომ თქვენს საერთაშორისო სანქციებს ვითვალისწინებთ მხოლოდ ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა და ჩვენ წარმოგვიდგენია. ესეც უმძიმესი შემთხვევაა და რა რუსული ბრძანებაც “ოცნებამ” და ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ამით მათ დაიცვეს რუსული ინტერესები საქართველოში. როცა ოკუპანტის ინტერესებს იცავ, ამას რა სახელი ჰქვია? – ეს ყველაფერზე მეტყველებს და ნუ გვიკვირს, რომ ფარცხალაძეს იცავენ. იმიტომ იცავენ, რომ როგორც ჩანს, ბევრი აქვთ საერთო და ბევრი საკითხია, სადაც მათი ინტერესები გადაჯაჭვულია, თუ არ დაიცავენ, ესეიგი რაღაც პრობლემები შეიძლება შეექმნათ, ამიტომ იცავენ”, – განაცხადა დაუშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას მიუნხენში ფრენასთან დაკავშირებით და მას მოქალაქეთა “დაცინვა” უწოდა.

“ეს არის მოქალაქეების დაცინვა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, დღეს “ოცნება” გვეუბნება, რომ თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” ყოველწლიურად იპარავდა 14 მილიონს და ახლა ჩვენ ვიპარავთ 12 მილიონს და ჩვენ მათზე უკეთესები ვართ, მათზე ნაკლებს ვიპარავთ“. ეს ახსნა არ არის. ეს იყო პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ “ოცნების” მიზანი არ არის მოქალაქეებმა უკეთ იცხოვრონ, არამედ მათი მიზანია შეინარჩუნონ ძალაუფლება და საკუთარი პირადი შემოსვლები გაზარდონ”, – განაცხადა დაუშვილმა.

“საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში” – შალვა პაპუაშვილი

შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდგომმა პერიოდმა ერთი რაღაც დაგვანახა – ამ გადაწყვეტილებამ ერთადერთი, რაც გამოიწვია არის ის, რომ ეს გახდა იარაღი ოპოზიციის ხელში იმისთვის, რომ რადიკალიზმი გაეღვივებინა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში.

,,სწორედ, ის არის ყველაზე სამწუხარო შედეგი, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს. ამ წელიწადნახევარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებისას საქართველო ობიექტურად ლიდერია და ამას ადასტურებს არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველო სტაბილურად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგები, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება თუ სხვა რეიტინგები. თავად ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. სწორედ ის არის მთავარი, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა. ის ინსტიტუციები სწორედ ქართველმა ხალხმა ააშენა, რომელიც ასე შექებულია სხვადასხვა რეიტინგებსა და შეფასებებში. ეს დაფასებულია ევროკავშირის მიერ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ნაციონალური მოძრაობისგან” შექმნილი სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია-პაპუაშვილი

ისტორიამაც დაგვანახა ერთი რამ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – რამენაირად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც მათ საკუთარ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდეს, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი რამ შეძლო – შექმნა კორუფციისა და ძალადობის სისტემა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული ხაზია, როგორმე კორუფცია და ძალადობა დააბრალონ ხელისუფლებას და ამით საკუთარი ლაქის ჩამორეცხვა სურთ.

„ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად ისეთი საკითხი მოძებნონ, რომელიც გირგვლიანის მსგავსი საქმე იქნება და ამაზე აწევენ ემოციებს, ასევე ცდილობენ, მუდმივად კორუფციულ სქემებზე ბრალდებები წამოაყენონ. საქმეც იმაშია, რომ სიმართლე სულ სხვაა. საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი ყალბი ამბავი იფუშება და უშედეგოდ მთავრდება, რადგან სიმართლე არის ზუსტად იქ, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია და ქართული საზოგადოება კორუფციული მარწუხებისგან გაათავისუფლა. სწორედ იმას უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“, რომ არ დააბრუნოს მოძალადე და კორუმპირებული ძალები ხელისუფლებაში. ეს იქნება სწორედ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში მთავარი არჩევანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“დღეის მდგომარეობით, უკვე ჩაბარებული და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი”

რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს დავათვალიერე და გავეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და, ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, უკვე ჩაბარებული არის, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა უკვე.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 300-მდე კომპანია არის ჩართული ამ პროცესში, ჯამში 450 კომპანიაა ქვეყანაში, მაგრამ აქედან 300 კომპანია არის ჩართული. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შტაბის მუშაობით. ისინი ლაივრეჟიმით აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას, მიღების პროცესს, დაწყებული მიღებიდან, ჩაბარების, მთელ პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მის გუნდს, შტაბს მთლიანად, ყველას, ვინც ამ პროცესში არის ჩართული.

ბოლო წლებში, იცით, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა და ეხმარება მევენახეებს. მევენახეობა არის სტრატეგიული დარგი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის. ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, ღვინის სამშობლო ვართ, ასე რომ, განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამიტომაც გვაქვს ჩვენ ამ დარგის მიმართ.

შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2012 წელს 25 ათასი ჰექტარი იყო ქვეყანაში. დღეს არის 50 ათასი ჰექტარი უკვე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი პროგრამების, დახმარებების შედეგი. ასევე გეტყვით, რომ თუ მაგალითისთვის, 2012 წელს 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან რეკორდული, 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა. ჯამურად შარშან 400 მილიონი დოლარის ექსპორტით მიღებული შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდა ამ ოჯახებში, რეგიონში და არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც არის მეღვინეობა განვითარებული.

450 კომპანიაა, ადრე იყო რამდენიმე ათეული კომპანია, როგორც უკვე მოგახსენეთ და საერთოდ, არავითარი დახმარება არ ეძლეოდათ მევენახეებს და მეღვინეობას, ზოგადად, ამ დარგს.

ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგრძელებთ ამ დახმარებებს, იქნება სუბსიდირების სახით თუ სხვა პროგრამების სახით, უამრავი პროგრამაა ასეთი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა კმაყოფილი იქნება წელს”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში, შტაბის წევრებისგან რთველის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 24 აგვისტოს გაიხსნა და რთველის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმით მუშაობს. შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. რთველის წინამოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შტაბის წევრების ნაწილი კახეთში აგვისტოს დასაწყისიდან იმყოფებიან.

ადგილზე მუდმივად არის შტაბის 20 წევრი; შტაბს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. შტაბის შემადგენლობაში არიან კახეთის მუნიციპალიტეტების კოორდინატორები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ყურძნის ჩაბარების პროცესს, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების მართვას; ასევე შტაბში იმყოფება ტექნიკური პერსონალი რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიმართულებით. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს.

დღევანდელი მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 68 ათას ტონამდე – რქაწითელი, 92 ათას ტონამდე – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავალი საწარმოებს 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათი შემოსავალი 170 მლნ ლარს აღწევს.

ამასთან ერთად, სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 19 ათასი ტონა კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი. დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეების მიღებული შემოსავალი 17,1 მლნ ლარს აღწევს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 450 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 300 კომპანია.

რთველი სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

ქადაგიძე არის ბანდიტი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, ძარცვავდა და ატერორებდა ბანკებს -ირაკლი ღარიბაშვილი

ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში, ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვერ მიიიღებს კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა. მე მახსოვს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმე. ჩართული იყო პირადად  ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ლაპარაკობს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა? ამიტომ ამ ადამიანებისგან ჩვენ არანაირ კრიტიკას არ მივიღებთ. რომ ლაპარაკობენ, რატომ ლაპარაკობთ და იხსენებთო, იმიტომ ვლაპარაკობთ და ვიხსენებთ, რომ ამ ადამიანებს, ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ არის მიუღებელი მათი ეს განცხადებები. ნამდვილად ასე უნდა ითქვას, რომ მითუმეტეს მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან რაიმე განცხადება და ვინმეს კრიტიკა.

მე კიდევ ვიმეორებ, რომ არავის დამცველი არ ვარ, მაგრამ ზოგადად ყველა მოქალაქეს ვიცავ და ყველა მოქალაქის ინტერესებს ვიცავ, თქვენზეც რომ იყოს საუბარი.

ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არაერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია საერთოდ რას გულისხმობს მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მშვიდად, რომ გადაადგილდებით, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცეებს მართლა უნდა უკრაინიზაცია, ავღანიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის განმეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. ნურავის ნუ ექნება ილუზია“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8270 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.

„დღეს თქვენი ძალები წინ მიიწევენ, ისინი სასტიკი ბრძოლების წინაშე არიან, მაგრამ თანდათან იკავებენ ტერიტორიებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არა მხოლოდ ნატო-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან.

„საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაერო-ში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით.

”ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

“იმ სახელმწიფოთა ლიდერები, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, ლაპარაკობდნენ სანქციების დაწესების მუქარაზე”

იმ სახელმწიფოთა ლიდერები, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე – ამით ყველაფერი ნათქვამია! – ეს განაცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტები ნიშანდობლივი, საყურადღებო გახდა და ილუსტაციადაც გამოდგება.

სარჯველაძის აზრით, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაკლები ტემპის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან საყვედურებს ვისმენთ. მას აქვს ამბიცია და სურვილი ქვეყნის საგარეო წარმომადგენლობაში მონაწილეობა მიიღოს, ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევს. ახლახანს ვიხილეთ – ერთდროულად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტი ჰქონდა, ვიზიტის შედეგად იმ სახელმწიფოს მეთაურისგან მოვისმინეთ დიდი ენთუზიაზმით გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ სრულად და უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. იყო იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმ სახელმწიფოების ლიდერებისგან, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე და ასე შემდეგ. ამით ყველაფერი ნათქვამია! საგარეო, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის სწორი რიტორიკის ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რასთანაც არაფერი აქვს საერთო იმ განცხადებებს, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, როცა ის საუბრებს კანდიდატის სტატუსის ვითომ და, არდამსახურებაზე, რეფორმების არგანხორციელებაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც იყო იმპიჩმენტის წამოწყება მნიშვნელოვანი და იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო იმ რიტორიკით წარმოადგინოს, რომელიც მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან თავსებადი არ არის. მთავრობის საგარეო ხაზია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.