“როცა ოკუპანტის ინტერესებს იცავ, ამას რა სახელი ჰქვია?” – მიხეილ დაუშვილი

206
spot_img

ფარცხალაძეს მხოლოდ ღარიბაშვილი კი არა, მთელი “ოცნება” იცავს – მისი დაცვით ჩვენმა მოქალაქეებმა 150 მილიონი ლარი პირდაპირი ზიანი მიიღეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, ფარცხალაძის დაცვით გარდა ფინანსური ზიანისა, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა, ხოლო ბრძანებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა. რუსული ინტერესები დაიცვეს.

“ფარცხალაძეს რაც შეეხება, მას მარტო ღარიბაშვილი არ იცავს, მთელი “ოცნება” იცავს და მოდით ჩამოვთვალოთ, რა ზიანი მიაყენეს ქვეყანას ფარცხალაძის დაცვით: სუფთა ფინანსური ზიანი, რაც მოქალაქეებმა მიიღეს არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა კურსის დასტაბილურების მიზნით, გაყიდა 60 მილიონ დოლარზე მეტი, ანუ დაახლოებით 150 მილიონი ლარი არის პირდაპირი ზიანი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ის აქციეს პარტიულ ორგანიზაციად და რასაც “ოცნება” უბრძანებს, იმას გააკეთებენ და არა იმას, რაც არის მოქალაქეთა ინტერესები. ამასთანავე, სებ კი არ დააზიანეს მხოლოდ, მთელს ქვეყანას უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს საერთაშორისო დონეზე, პარტნიორებს უთხრეს, რომ თქვენს საერთაშორისო სანქციებს ვითვალისწინებთ მხოლოდ ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა და ჩვენ წარმოგვიდგენია. ესეც უმძიმესი შემთხვევაა და რა რუსული ბრძანებაც “ოცნებამ” და ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ამით მათ დაიცვეს რუსული ინტერესები საქართველოში. როცა ოკუპანტის ინტერესებს იცავ, ამას რა სახელი ჰქვია? – ეს ყველაფერზე მეტყველებს და ნუ გვიკვირს, რომ ფარცხალაძეს იცავენ. იმიტომ იცავენ, რომ როგორც ჩანს, ბევრი აქვთ საერთო და ბევრი საკითხია, სადაც მათი ინტერესები გადაჯაჭვულია, თუ არ დაიცავენ, ესეიგი რაღაც პრობლემები შეიძლება შეექმნათ, ამიტომ იცავენ”, – განაცხადა დაუშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას მიუნხენში ფრენასთან დაკავშირებით და მას მოქალაქეთა “დაცინვა” უწოდა.

“ეს არის მოქალაქეების დაცინვა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, დღეს “ოცნება” გვეუბნება, რომ თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” ყოველწლიურად იპარავდა 14 მილიონს და ახლა ჩვენ ვიპარავთ 12 მილიონს და ჩვენ მათზე უკეთესები ვართ, მათზე ნაკლებს ვიპარავთ“. ეს ახსნა არ არის. ეს იყო პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ “ოცნების” მიზანი არ არის მოქალაქეებმა უკეთ იცხოვრონ, არამედ მათი მიზანია შეინარჩუნონ ძალაუფლება და საკუთარი პირადი შემოსვლები გაზარდონ”, – განაცხადა დაუშვილმა.