Home Blog Page 2269

AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა


#ახალითაობისთვის 
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა. ნომინაციის გამარჯვებული ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლაშა დ. კოტორი გახდა.

გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ახალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გვინდოდა, წვლილი შეგვეტანა კრეატივის სფეროში მათ აღმოჩენასა და წახალისებაში. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ ფესტივალზე ახალი ნომინაცია “Young Creative”. გვჯერა, რომ გამარჯვებულისთვის გამოყოფილი პრიზი მას კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და მომავალში არაერთ წარმატებას მიაღწევს.“ – მარიამ მიქელაშვილი, ბრენდის ლიდერი.

თიბისი ახალი თაობის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს და საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს აუდიტორიას.

(R)

“ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს”- გიორგი ვაშაძე

გვაქვს ორი მთავარი საკითხი – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ყველამ ნახა, „ქართული ოცნება“ როგორ ჩადგა ჯაშუშის დამცველის ფუნქციაში.

მისივე თქმით, უტყუარად დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფება.

„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას – რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, თუ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაუყონებლივ დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით? სუს-ი და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც არ აკავებენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, პირდაპირ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებასაც“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?

ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს: უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის მთავარია, „ოცნებამ“ საზოგადოებას პასუხი გასცეს, რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება, კაცი არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

“გვქონდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები კრიტიკულ მომენტში წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ”-ირაკლი კობახიძე

გვქონდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ცვლილება თავის დროზე, როცა შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ.

„თავის დროზე აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე და, როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, მათ სურდათ საბოტაჟი.

ხომ გამოჩნდა დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი, არცერთის გამოკლებით, წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებამდეც მიდის ეს ყველაფერი. როცა მივიღეთ ინფორმაცია, შევიტანეთ ეს ცვლილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სწორედ სახელმწიფო ინტერსების და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების შესაბამისად“.

„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც, იმავე ლარის კურსთან, ინფლაციასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება ეროვნულ ბანკში და ამას ვგულისხმობ. კრიტიკულ მომენტში იყო სერიოზული რისკები დაკავშირებული ამ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იყო ძალიან სერიოზული რისკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ბანკი 20 სექტემბერს საბჭოს სამმა წევრმა, ვიცეპრეზიდენტებმა – ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა.

“ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა”-თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა და ამიტომ ხდება კოორდინირებული ქმედებები ფარცხალაძის დასაცავად.

მისი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, სავარაუდოდ, რთული შეხვედრა ექნებოდა ამერიკაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

რაც შეეხება თავად ფარცხალაძეს, ბოკუჩავას თქმით, მას ხელი შეუწყვეს, რომ არ მიეღო ზიანი დასანქცირებით და ფარცხალაძემ სავარაუდოდ, მოასწრო თანხების გატანა, ისევე, როგორც ქონება გადააფორმა ოჯახის წევრზე.

„სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ მძიმე იყო ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს მის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალ მოცემულობაში, რომლის წინაშე ის აუცილებლად დადგება, თუ არ გადააბარებს დროულად, მშვიდობიანად ხელისუფლებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება”-ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იგი სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქუჩის აქციების მოწყობაზე, გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების მოწყობის კუთხით.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ანუ ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდამჭერებსაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილები თქვეს და მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცას ეუბნებოდნენ – 200 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს რეალურად ქუჩაში! საზოგადოება უკვე ძალიან გამოცდილია და ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, ეს აქცია ჩავარდა.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მისი მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში ეს რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ. რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელი – კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! არ მოუკლავთ თუ რა?! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ როგორღაც სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე“. ასევე, „ზაფხულის ერთი დღე“ ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრად დასახელდა.

კამპანიის ფარგლებში — ზაფხულის ერთი დღე, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია. ამ კამპანიით თიბისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, აუდიტორიისთვის ახალი სახით მიწოდებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფესტივალის გამარჯვებულები წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ.

R

“ნათია თურნავას მიმართ პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე „პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს“.

კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ძალიან მძიმე და ცუდია“.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, „ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მოქმედებს კონსტიტუციასთან ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“.

„რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე, კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რის თანახმადაც საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ქონება თავის შვილს გადაუფორმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, პიროვნება ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებით, სავარაუდოდ, არ იზღუდება.

„პირველ რიგში, ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება, ფარცხალაძის მიერ ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას, მე იურისტი არა ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა ერთი რამ როგორც ვიცი და ამას არ ვიჩემებ, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები ამას არ ზღუდავს – ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას.

ფარცხალაძე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში. რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე შესაბამისი უწყებები განცხადებებს გააკეთებს, კერძოდ, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს აღნიშნულ საქმეს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, მე პოლიტიკოსი და დედაქალაქის მერი ვარ და ამ სიღრმეებზე ინფორმაციას ცხადია, არ ვფლობ“, – განაცხადა კალაძემ.

მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით – კახა კალაძე ოპოზიციას

რადიკალებს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაიცავს.

„ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება, ამ შემთხვევაში სუს-ი როცა აკეთებს განცხადებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამასთან დაკავშირებით. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, არის მცდელობა, შესაბამის უწყებას მიაყენონ გარკვეული დისკრედიტაცია, თუმცა რაზეც იყო საუბარი, არის სამწუხარო რეალობა. არ იფიქროთ, რომ ეს რადიკალები მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ, მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, ამაზე არ ვხუმრობ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. ამის მცდელობა აქვთ. არ იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს ვაშინებ, მშვიდად იყავით, მეგობრებო, ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენს ხალხსაც, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღეს დავიცავთ. ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით, იგივე სააკაშვილის განცხადება, ვაშაძის განცხადება იარაღთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ადასტურებს იმ კონკრეტულ განცხადებას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცეცხლს ეთამაშებით, ცეცხლს ეთამაშებით, ძალიან ფრთხილად იყავით. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დაპირისპირება და სცადონ ხელისუფლების დამხობა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც დააპირებს არაკანონიერ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არცერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა.

რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მისი კანდიდატურის მომხრე 82 დეპუტატი იყო, არცერთი წინააღმდეგი.

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრემა მათ მხარი არ დაუჭირეს.

ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა – საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.

“გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა. შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.

დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა. იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვის წერილში.

“აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- გია აბაშიძე

აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც უარი განაცხადა, ეროვნული ბანკის წევრების თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე.

ექსპერტის თქმით, ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს.

„აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე, უკანონობის გარდა, მიუთითებს, რომ ზურაბიშვილის ადეკვატურობა იმაზე უარესადაა დაცემული, ვიდრე ნაცოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა. აქსიომაა, რომ ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს“, – წერს აბაშიძე facebook – ზე.

“საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სსფ-თან თანამშრომლობას და ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

„საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.