Home Blog Page 2268

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ

ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის. „ამერიკის ხმამ“ წერილის ასლი მოიპოვა.

 

სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში მოითხოვენ, საქართველოში „არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ, 2024 წლის არჩევნებს“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს“.

ორივე სენატორი, 2012 წლის არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“.

2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც.

„საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი.

სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.

წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის ე.წ. 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია” – ნათქვამია წერილში.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის” ქონას სთხოვენ.

წყარო 

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა. როგორც „ცახალის“ მეთაურობა აცხადებს, მათი სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებია.

ისრაელმა „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ადასტურებს.

„ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაურის, ალი გალის ლიკვიდაცია მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაიღუპა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ორი წევრი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. დაღუპულია 21 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

“არახამიას უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას”-არჩილ თალაკვაძე

ბატონი არახამიას უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის ვიზიტი, რომელიც ჩვენ გვქონდა; საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელიც კიევში ჩავიდა ჩვენი კოლეგის, ბატონი სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ. აღარ მინდა, ვისაუბრო ჰუმანიტარულ დახმარებაზე. საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაუჭირა მხარი უკრაინას, მათ შორის, რეზოლუციებს, საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ჰააგაში და რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან. შესაბამისად, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეუძლია და ამაზე იყო არაერთი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. რატომღაც ამ ოპოზიციას და მათ მიერ მართულ ტელევიზიებს ეს განცხადებები უყურადღებოდ რჩებათ, სამაგიეროდ, ძალიან ინტერესდებიან განცხადებებით, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არის გამოთქმული. რაც შეეხება ბატონ არახამიას, მისი უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით,ძალიან სამწუხარო და სევდიანია, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირი ასეთი მძიმე ომის დროს იცლის და საკმაოდ ხშირად აკეთებს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

„ჩვენ სხვას არაფერს არ ვიტყვით ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი უკრაინა არის ომში, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში უფრო უკეთ ესმით, რა მძიმე გამოწვევების წინაშეა ჩვენი მეგობარი უკრაინა და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება ახლა, ვიდრე ეს ესმის ბატონ არახამიას, რომელიც უკრაინაშია და პირდაპირ ვალდებულია, მთელი დრო და ენერგია დაუთმოს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ომის 442-ე დღე – რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ომის 442-ე დღე. დონბასში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შეტევას და ორ კილომეტრამდე მანძილზე უკან დაიხია.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე 2 კილომეტრით უკან დაიხია. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია”, – წერს სირსკი.

მისი თქმით, უკრაინელების გააზრებულმა თავდაცვითმა ოპერაციებმა “ვაგნერის” მომზადებული ძალები გამოფიტეს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი იყვნენ პოზიციები რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის უარესად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის დაეთმოთ, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს.

“ჩვენ ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და მტერს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება”, – აღნიშნა სირსკიმ.

უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ მარინკის მიმართულებითაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა ოკუპანტთა 30-მდე შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში წუხელ, საჰაერო იერიშის დროს, აფეთქების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფრებში და საფრთხის დასრულებამდე იქ დარჩნენ.

“საქართველოში ელჩის დაბრუნება სჭირდება უკრაინულ მხარეს”-ირაკლი კობახიძე

მაშინ ემოციური ფონი იყო განსხვავებული საქართველოში და ზოგადადაც, მაშინ ასეთი მარტივი გათვლა იყო, რომ იმ ფონზე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა. მარტივი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა მაშინაც ელჩის გაწვევას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადგილზე, მუშაობს და ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა. ჩვენ მოგვარებული გვაქვს ეს ყველაფერი. რეალურად საქართველოში ელჩის დანიშვნა უკრაინულ მხარეს სჭირდება. როდესაც ამას არ აკეთებენ, ამით საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ძალიან გამიხარდა, ნიშნებია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება”- ლაშა პაპაშვილი

“ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.

ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან?”.

ამის შესახებ ბიზნესმენმა  ლაშა პაპაშვილმა “ბიზნესფორმულასთან”   რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე საუბრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის  სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული   ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

 

“რა მოტივი აქვს პუტინის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისას?”-გიგა ბოკერია

“რა მოტივი აქვს პუტინის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისას?
ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს ქართველებზე გული მოუბრუნდა.
ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ პუტინს სურს ქართულ ოცნებას დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ და რუსეთისგან საფრთხე მათ ხელში არ გვემუქრება.
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ შეიძლება მტრული სახელმწიფოს ლიდერს საქართველოს ხელისუფლების დახმარება სურდეს?
აქაც ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს საქართველოსთვის კარგი უნდა.
რჩება მხოლოდ ერთი ლოგიკური, რაციონალური პასუხი, ერთადერთი სიმართლე:
ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და ამიტომ ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, კერძოდ საქართველოს დაპირისპირება და იზოლაცია დასავლეთისგან, რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება, უადვილებს მას იმ ამოცანას, რომელიც ჰქონდა, აქვს და ექნება, სანამ რუსეთს ამ ბუნების რეჟიმი მართავს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება.
ვითომ მშვიდობის დაცვის ლოზუნგით “ქართული ოცნება” დაუცველს გვტოვებს მთავარი საფრთხის წინაშე”- წერს გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში.

“მტერს რასაც “წაღლიტავ”, ყველაფრით უნდა ისარგებლო”- იაგო ხვიჩია პუტინის გადაწყვეტილებაზე

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მისი თქმით, სავიზო რეჟიმით უნდა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ აკეთებს ამას რუსეთი. ხვიჩია მიიჩნევს, რომ პუტინს “სურს ჩვენი თავი წაართვას დასავლეთს” და ეს გადაწყვეტილებაც ამ გეგმის ნაწილია. “მტერს რასაც წაღლიტავთ, ზოგადად, მგონია, რომ ყველაფრით უნდა ისარგებლო. უბრალოდ, უნდა გესმოდეს, რომ ის მტერია და მეორე – რომ ეს მტრის შენს მიმართ მეგობრული ნაბიჯი კი არ არის, არამედ ნაბიჯია, რომ შე დამოკიდებული გაგხადონ და შენი სიმპათიები აღიძრას არასწორი რამის მიმართ, რომელიც მერე ისე დამთავრდება, როგორც 2006 წელს დამთავრდა ან როგორც 2008 წელს დამთავრდა. უნდა გესმოდეს, რომ რუსეთი ამას არ აკეთებს იმის გამო რომ შენ უყვარხარ, არამედ იმისთვის, რომ შენ საცდური დაგიდოს. შენ თუ ამ საცდურს წამოეგები და ამ საცდურში მე არ ვგულისხმობ, რომ არ ვისარგებლოთ, საქართველოს მოქალაქეებმა, რასაკვირველია, უნდა ისარგებლონ, საცდური, რომ ამის გამო შენი სიმპათიები გადაიხრება რუსეთისკენ – ამას არ უნდა წამოვეგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამას ჩვენი სიყვარულის გამო არ აკეთებს. ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენი თავი წაართვას დასავლეთს. თუ ამ მიზანს მივხვდებით და აქედან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს, მგონია რომ ნებისმიერი რამე, რასაც დამპყრობელს წაართმევ და შენი მოქალაქეები ისარგებლებენ, ზოგადად, კარგია და არა ცუდი. ზოგადად, მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა გაგვასამართლონ პუტინის გადაწყვეტილების გამო, ჩვენ უნდა გაგვასამართლონ ჩვენი ქმედებების გამო. ეს ის ქმედებები არ არის, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ, ის პუტინმა ჩაიდინა – თავად ჩაკეტა, თავად გახსნა და კიდე თავად ჩაკეტავს იმისთვის, რომ დაგვაზიანოს. ფიზიკურად როგორც კი თავისად დაგიგულებს, ეგრევე ისე მოიქცევა, როგორც 2006 წელს მოიქცა და გუდა-ნაბად აყრილი გარეთ გამოაგდო ჩვენი მოქალაქეები. ეს უნდა გვახსოვდეს და თუ ამ რწმენით გავაკეთებთ ნებისმიერ რამეს, მაშინ, ცხადია, საფრთხე ნაკლებად იარსებებს,”-აცხადებს ხვიჩია.

“ხელისუფლება აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემის მიმართულებით” – ენმ

“ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, ის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო. 

ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი – უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით. 

ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში.

ხელისუფლება რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით.

სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე და ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა, – წერს ენმ.

,,თუ ეს ,,ქართული ოცნებისთვის” არის ჯილდო, გამოდის, 2019- ში რუსეთმა დაგვსაჯა და ახლა დაგვაჯილდოვა – სად არის აქ ლოგიკა?” – კობახიძე

დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, – სად არის აქ ლოგიკა?, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, არის ხელისუფლებისთვის ჯილდო. როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კონსტიტუცია ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყონ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება სანქციის დაწესებაზე და გაუქმებაზეც ცალმხრივი იყო და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვერ ექნება პოზიცია. „ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული მხრიდან წინასწარ იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა რაც აძვირებს ხარჯებს ქმნის დისკომფორტს.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება ეს თემა კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. იყო დაწესებული სასჯელი რუსეთის მხრიდან და ეს სასჯელი მოიხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ურთიერთობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. პიროვნული თვისებები ახალი თანამოაზრეების პოვნასა და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. წარსულის გამოცდილება და ცოდნა რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

კურო

შესძლოა, წარსულის გატაცება გაიხსენოთ, რომელიც გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ. დღის პირველ ნახევარში საინტერესო შეხვედრები გელით. რომელიღაც ნაცნობი საინტერესო იდეას მოგაწოდებთ, რომლის განხორციელება ყველასთვის მოგებიანი იქნება.

ტყუპები

მშვიდი სამუშაო დღეა. მთელი ყურადღება შედეგის მიღებაზე გაქვთ გადატანილი. ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ საკუთარ საქმიანობას ახლებურად შეხედოთ. პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით – საყვარელ ადამიანთან კამათი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ.

კირჩხიბი

დროა, სადავო საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ. ეცადეთ მიმდინარე საქმეს პრაგმატულად შეხედოთ და სწორ გადაწყვეტილებას ინტუიცია გიკარნახებთ. დღის მეორე ნახევარში მაღაზიებში შეიაროთ. შესაძლოა, საჭირო ნივთები შეღავათიან ფასებში შეიძინოთ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში თავს დაღლილად გრძნობთ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. შესაძლოა, ნათესავთან ან მეგობართან კამათი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ძველი პრობლემების მოგვარებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებითა და მოულოდნელი სტუმრებით გაგახარებთ.

ქალწული

ეს დღე რთული და სტრესული იქნება. დილიდან ძველი და ახალი პრობლემების ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ, მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება თანამშრომლებს სთხოვეთ.

სასწორი

ხალისიანი განწყობილება და ოპტიმიზმი მნიშვნელოვანი პროექტის ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი ყველა გაუგებრობას დაასრულებს და ურთიერთობებს განამტკიცებს. ძველი პრობლემის აღმოსაფხვრელად ოჯახის წევრები საინტერესო იდეებს შემოგთავაზებენ.

მორიელი

მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალი გარემოებების გამო გეგმების ან სამუშაო გრაფიკის შეცვლა მოგიწევთ. შეიძლება, აჩქარების გამო მცირე გაუგებრობა ან შეფერხება მოხდეს, რაც თქვენი მუშაობის შედეგებზე აისახება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, მოვლენები არ დააჩქაროთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად ფიქრების მოკრეფა და სამუშაო განწყობის შექმნა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარშემო მყოფთა რჩევებს არე მოუსმინოთ. გახსოვდეთ, რომ ძველ მეგობრებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით – პირველი ნახევარი. დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ და მუშაობა გიჭირთ. გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო ბევრი საქმის სამომავლოდ გადადება ან საერთოდ დავიწყება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სასიამოვნო ნაცნობობისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი პროექტის დაწყების ან დიდი ხნის წინ დაგეგმილი იდეის განხორციელებისთვის. ამ დღეს ისეთ საქმესაც კი გაუმკლავდებით, რომელზედაც ადრე ვერ იოცნებებდით. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება საქმიან კავშირში, შემდეგ კი ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდოს.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ და სამუშაოს გწყვეტთ. გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიახლეები შეიტყოთ. გირჩევთ, ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ და დასკვნები მხოლოდ ამის მერე გამოიტანოთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდია, შეგიძლიათ მეგობრული წვეულება ან რომანტიკული ვახშამი დაგეგმოთ.

 

სალომე სამადაშვილმა აღიარა, რომ უცხოელებთან ქვეყნის დასანქცირებას ითხოვს

„რუსეთის ეს ჟესტი „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს შანტაჟისთვის, -არ გინდათ? აგერ არის რუსეთი.“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ხშირად არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, როგორ ითხოვენ ქვეყნის დასანქცირებას. „ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, რომ როცა ჩვენ ვითხოვთ სანქციებს და ა.შ. ეს ხომ არ აიძულებთ მათ [ქართულ ოცნებას] რომ კიდევ უფრო დაუახლოვდე რუსეთს. მიუხედავად იმისა, კანდიდატის სტატუსზე როგორ დასრულდება მიმდინარე წელს დებატები, ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმით, რომ სიცხადე შევქმნათ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ქართველი ხალხისთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ ევროპას და ქართველ ხალხს მართლაც სურს თანაცხოვრება ერთად ევროპულ სივრცეში.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.