ომის 442-ე დღე – რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

113
spot_img

ომის 442-ე დღე. დონბასში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შეტევას და ორ კილომეტრამდე მანძილზე უკან დაიხია.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე 2 კილომეტრით უკან დაიხია. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია”, – წერს სირსკი.

მისი თქმით, უკრაინელების გააზრებულმა თავდაცვითმა ოპერაციებმა “ვაგნერის” მომზადებული ძალები გამოფიტეს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი იყვნენ პოზიციები რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის უარესად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის დაეთმოთ, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს.

“ჩვენ ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და მტერს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება”, – აღნიშნა სირსკიმ.

უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ მარინკის მიმართულებითაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა ოკუპანტთა 30-მდე შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში წუხელ, საჰაერო იერიშის დროს, აფეთქების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფრებში და საფრთხის დასრულებამდე იქ დარჩნენ.