Home Blog Page 2265

“ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება” – თინა ბოკუჩავა

ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება – საინტერესოა, რომ ამ თემაზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკური კვლევა ვაწარმოოთ, – ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ში, სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე დასმულ კითხვას.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სუს-ის მუდმივი ბოდვა მოგონილ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მობეზრდა. მისივე შეფასებით, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი თემების ფსევდო თემებით გადაფარვის მცდელობას.

„ესეც მორიგი ფარსია, რაც რეალურად მნიშვნელოვანი, ივანიშვილისთვის პრობლემური თემების გადაფარვის მიზანს ემსახურება – მათ შორისაა თემა, როცა მისი გარემოცვის საკვანძო წევრი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ს მიერ და აღწერილია როგორც რუსი-ქართველი ოლიგარქი. ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და მასთან სულ უფრო ახლოს მიდის. ეს არის ის, რაც რეალურად ბიძინა ივანიშვილს აღელვებს. შესაბამისად, ეს აღელვებს სუს-ს და ყველა სხვა უწყებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად რაღაც ფსევდო თემები უნდა მოიფიქრონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელდეს” – ლაშა ხუციშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელდეს – უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კვლევის შედეგებს, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება და „6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა“.

როგორც მინისტრმა განმარტა, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტები, რომ მათი სხვა ბაზრებზე გადართვა პრობლემას წარმოადგენდეს იმ შემთხვევაში, თუ ფასი მისაღები არ იქნება.

„იმპორტის ზრდა დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ რიცხვებზე, რაც ბიზნესისთვის მისაღებია. აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება [რუსეთზე] დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა. ამიტომ, უსაფრთხოების კუთხით, საწვავი არაა ის პროდუქტი, რომლის დეფიციტიც შეიძლება შეიქმნას. მისი იმპორტი შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ამ ნაწილში უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ, ახლაც ვხედავთ რა სიტუაცია – როდესაც ფასები გაიზარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

„2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა – 75%-ით. რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო“,- ნათქვამია ანგარიშში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება” – პრემიერი

2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, აქაც გასამმაგებაა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს” – სალომე ზურაბიშვილი

რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამჟამად უკრაინაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს.

„ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები. მთელი ევროპა და თავად დემოკრატიის მომავალი საფრთხის წინაშეა. უკრაინაში მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და უკრაინა ამ ბრძოლაში იმარჯვებს, რადგან ის წინააღმდეგობას უწევს იმდენ ხანს, რაც დანარჩენ მსოფლიოს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია, აჩვენოს, რომ უკრაინა დაუმარცხებელია. უკრაინისა და მისი პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი გამძლეობა და სიმამაცე მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის სამხედრო ძალის გაუვნებელყოფა, რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სამხედრო სტრატეგიის გაუთავებელი ცვლილება, პრიგოჟინის საქმე, ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ დაასრულა ის, რაც დაიწყო და აგრძელებს „კაგებეს“ ტიპის და არა სამხედრო ომს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პუტინმა უკვე წააგო პირველი რაუნდი.

„ახლა უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინის გამარჯვება კი ყველას გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ძალიან ეგოისტურად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელიც უბრალოდ შეუცვლელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც უკრაინის ომზე ვსაუბრობთ. სამი ზღვის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ შევუერთდით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს და დაგვეხმარება მომავლის უზრუნველყოფაში. ყველა ის დიდი პროექტი, რომელსაც ევროპა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას და ხელს უწყობს უკრაინის წარმატებას. ასევე, ფაქტია, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთი არ გასცდეს თავის საზღვრებს და მოიქცეს ნორმალური სახელმწიფოსავით. ვიდრე ეს არ მოხდება, ვერავინ იცხოვრებს მშვიდად და ვერავინ იტყვის, რომ არ ემუქრება ახალი ინტერვენციები, რადგან რუსეთი დარჩება რუსეთად, ისეთად, როგორიც იყო, როგორსაც ჩვენ ვხედავდით და ვიცნობდით, როგორსაც თქვენ და მრავალი ევროპელი იცნობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის შეჩერება უკრაინელებს და ასევე ყველა ევროპელი პარტნიორის ერთიანობას შეუძლია.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„საქართველოს თითოეულ მცხოვრებს იმედი აქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და საქართველოს ყველა მცხოვრებს ალბათ ეს ესმის, რომ არ გვსურს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება. ჩვენ გვინდა იქ მცხოვრები ადამიანების დაბრუნება. ამის მიღწევის ერთ-ერთი შესაძლო გზა სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ეს არის სწორედ ის, რისკენაც მივისწრაფვით. ამ პერსპექტივის გახსნა, ამ გზის გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, მოეპოვებინათ მომავლის პერსპექტივას, ისინი შეძლებდნენ, გაეცნობიერებინათ, რომ მათი იდენტობა, მათი უფლებები და მშვიდობა შენარჩუნებული იქნებოდა. ეს არის ყველაფერი, რისი უზრუნველყოფაც ოკუპაციის დროს რუსეთმა აშკარად ვერ შეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და პრეზიდენტს ჰკითხა, ამჟამინდელი შედეგი არის თუ არა მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ ამგვარი კონფლიქტები ძალის გამოყენებით გვარდება.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს იქ მცხოვრები ადამიანების ნება და არა გამოყენებული ძალების ვფიქრობ, წარსულში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი დარეგულირების პოვნის შესაძლებლობები იყო, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა, რათა არ დაეშვა ამ საკითხის შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღწევა, ამიტომ მივედით იმ შედეგამდე, რომელიც ახლა გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადამიანური ტრაგედია, რომელიც უზარმაზარ ტკივილს აყენებს არ რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში. თუმცა ამან ძირეულად შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება თავისი მეგობრებისა და მტრების მიმართ. მთელი ის რწმენა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტორი ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც ესაზღვრება, გაქრა იმ მძიმე ისტორიის გამო, რომლის გავლაც მას მოუწოდა. ახლა სომხეთის მოსახლეობა იყურება, სადაც სურს და იყურება ის უპირველესად დასავლეთისკენ, რადგან ჩვენ ვიზიარებთ საერთო ცივილიზებულ ღირებულებებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურებაა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის მეტი ჩართულობა.

„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება, რომელიც ამ ბოლო ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. სომხეთში, საქართველოს მსგავსად, განთავსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა და ამერიკელების მეტი ჩართულობა, რომლებიც ბოლო დროს აჩვენებენ, რომ მათ სურთ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და სურთ, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილს საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ჰკითხეს, კერძოდ, სანქციების დაწესებაზე უარის თქმაზე და საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

„ამ საკითხში შეგეწინააღმდეგებოდით, რადგან საქართველო და ქართველები თავად არასდროს მიმართავდნენ რუსეთს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ჩვენი ისტორიის გაკვეთილი გავითავისეთ, რომ ქართველებს უნდათ მხოლოდ ევროპული გზა, სურთ, შეუერთდნენ ევროპულ საზოგადოებას, სადაც მათ აერთიანებს საერთო ღირებულებები. არის გარკვეული რეფლექსიები ხელისუფლების პოლიტიკაში, მაგრამ მანდატი, რომელიც მიენიჭა ხელისუფლებას, მთავრობას ან მე, როცა ამირჩიეს, იყო ევროპული მანდატი და არა რუსული მანდატი. დიდი ეჭვი მეპარება, რომ ერთი ქართველი მაინც მიანდობდა თავის ხმას რომელიმე მთავრობას ან პრეზიდენტს, რომელიც რუსეთს მიმართავდა. ეს არის ჩემი მტკიცე რწმენა და ამიტომ ვარ აქ, ამიტომ ვმოგზაურობ ევროპის ყველა დედაქალაქში და ვცდილობ, შევისმინო იმ ხალხის ხმა, რომელმაც ამირჩია ერთი რამის გამო – ეს სახელმწიფო იყოს იქ, სადაც უნდა იყოს ამ გრძელი და რთული გზის ბოლოს – ევროპაში“, – აღნიშნა მან.

“2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი” – ირაკლი ღარიბაშვილი

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი.

“რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება- წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტი მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან -ვოლსკი

პრეზიდენტი მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პრეზიდენტს ანგარიში ჩასაბარებელი აქვს არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, არამედ ხალხთან.

„არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. მისი ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უკავშირდება და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა, თურმე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. ეტყობა საერთოდ არ იცის ან სალომე ზურაბიშვილმა განგებ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების არანაირი ფაქტი არ გამოვლენილა. ამის შესახებ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომისიამ ილაპარაკა. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ესეც უნდა სცოდნოდა ზურაბიშვილის, რომ რუსეთისთვის ეს შესამჩნევი არ იქნება, ხოლო საქართველოს დაანგრევს ეკონომიკურად, თუკი ცალმხივ სანქციებს დააწესებს, რომელიც მყისიერად გადავა ორმხრივ სანქციებში და ჩვენ დავზარალდებით. ამის თაობაზე თუ ინფორმაცია არ მიაწოდა იმ ხელმძღვანელებს, ვისაც შეხვდა სალომე ზურაბიშვილი, შეგვიძლია, შევაფასოთ როგორც უკვე ფაქტობრივად, საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ პოლიტიკოსად. ვფიქრობ, მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, რომელთაც პატივს ვცემ, არამედ ხალხთან. მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი -ალუდა ღუდუშაური

მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ერთობის აუცილებლობის თაობაზე.

მისი თქმით, „სააკაშვილს, გვარამიას, უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და ამ კოჰორტას ღირსებით სავსე ქვეყანაში ნული აქვთ შანსი [ხელისუფლებაში მოსვლის]”.

„გასაგებია მათი ფერისცვალება და უგულავა რომ ვიღაცებს ჩაანაცვლებს. როგორ გამეტებით ტალახს ესროდნენ და რეებს იძახდნენ ერთმანეთზე, ეს ხომ კარგად გვახსოვს?! არსად არავის წაუღია ის, რომ უგულავას შეფასებით, ეს ადამიანი იყო ჯართი. 2017 წელს უგულავასთვის ჯართი, 2023 წელს ქართველი ხალხისთვის მომავლის მომტანი როგორ უნდა იყოს? რამდენიმე თვის უკან ქართულადაც კი არ ისურვა საუბარი და მოითხოვა თარჯიმანი, ყველაფერი ქართული აქვს დავიწყებული. თავმოყვარეობის ნატამალიც კი არ აქვს და რა პოლიტიკა და ნათელი მომავალი უნდა შესთავაზოს ადამიანმა, რომელსაც უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული და ერთ ბრალდებაზეც არ აქვს პასუხი გაცემული, სასამართლოში საუბრობს მხოლოდ აბსურდულ რაღაცებზე, სხვა გალაქტიკაში იმყოფება და არ აკეთებს შეპასუხებას იმისას, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ქუჩაში უმოწყალოდ დარბევა, დგას და აბსოლუტურ დემაგოგიაშია”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში დაბრუნებას არ გეგმავს და 2024 წელს ივანიშვილის დამარცხების თანამონაწილე იქნება.

„გვარამია პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა, ის პოლიტიკაში იყო, არ ვიცი ახლა ბრძოლას აანონსებს. კარგად გვახსოვს საკუთარ ტელევიზიას როგორ იყენებდა – ჭიქაში კომპოტი ჰქონდა და წითელი კომპოტით რომ სისხლი უნდა დაელია, მოზღვავებული წყურვილი ჰქონდა, რომ სისხლი დაელია ვიღაცების. გვარამია რას აკეთებდა იმ დროს, როცა ხელისუფლებაში იყო და ძალაუფლება ჰქონდათ გამოგლეჯილი ქართველი ხალხის ხელიდან, ესეც გვახსოვს, პირად ამბიციებს გადააყოლეს ქვეყნის ინტერესები. მე გეკითხებით, ერთი დღე, ერთი წუთი, ერთი საათი მაინც თუ ყოფილა პოლიტიკის მიღმა?! – არასდროს ყოფილა. სადაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ პოლიტიკაშია, უკეთესი იქნება, რადგან პოლიტიკის მიღმა არასდროს ყოფილა. კარგად გვახსოვს, რომ შეკრებდა ხოლმე (ოპოზიციონერებს) და ეუბნებოდა საცივში რომ თავები გაქვთ, ამოყავით თავებიო”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

“ბიუჯეტი ეზრდებათ შსს-ს, თავდაცვას”-ირაკლი ღარიბაშვილი

ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს,თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.

„ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225 მილიონი ლარიმიემართება. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება -დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2024 წლიდან ჯანდაცვის, სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და მაღალმთიან დასახლებებში – 500 ლარამდე.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ევროპელი პენსიონერების ფულით ჩატარებული კვლევებით, გახარიასთვის მიწერილი 10 პროცენტი რამდენად “საბაჯაღლოა”? -დავით ქართველიშვილი

გახარიას აქვს ოქროს მანდატები” – ბრძანებს ცნობილი პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, – ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის პოსტს, რომელიც ეხება „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის შედეგს.

ქართველიშვილის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, ბატონ პოლიტოლოგისთვის, რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენენ გახარიას პოლიტსაბჭოს ჩამოთვლილი წევრები.

„საოქრომჭედლო “სამყაროში” განასხვავებენ ოქროს ექვს კლასიფიკაციას: 375 სინჯის (37,5%), 500 სინჯის (50%), 585 სინჯის (58,5%), 750 სინჯის (75%), 900 სინჯის (90%) და 999 სინჯის (99,9%). როდესაც პოლიტოლოგი გადადის საკუთარი აზრის გამოხატვის “ალეგორიულ” მანერაზე, ჩვენ მის მკითხველს, გვიჩნდება დამატებითი შეკითხვების დასმის “ფანჯარა”.

„გახარიას აქვს ოქროს მანდატები” – ბრძანებს ცნობილი პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. საუბარია გახარიას “ჩინურ ვერსია” ქემოკლიძეზე, „მარიამის ღრმულის” ცნობილ მკვლევარზე. საუბარია დეპუტატ ანა ბუჩუკურზე…

ასე რომ, განაგრძობს ბატონი ძაბირაძე: „რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე, მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს იმასთან გავაკეთებ კოალიციას“.

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენენ ბატონ პოლიტოლოგისთვის ჩემს მიერ ჩამოთვლილი გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები? ან ჩვენს საზოგადოებას რაში შეატყო ან დემენციური ამნეზიის, ან ოქროს თითბერისაგან გარჩევის უუნარობის ნიშნები? ან თავად გახარია რომელ სინჯს განეკუთვნება? “ბაჯაღლოს”? ევროპელი პენსიონერების ფულით ჩატარებული კვლევებით მისთვის მიწერილი 10 პროცენტი რამდენად “საბაჯაღლოა”? თუმცა, ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს თავისი გამოხმაურება “ოფშორმედიის” შეკვეთილ კვლევებზე მყისიერად რომ გამოეხატა, ამისთვის ეს “ოქროს” კლასიფიკაციებს მიღმა რეიტინგული მონაცემი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა“, -წერს ქართველიშვილი.

რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით -კახა კალაძე

“რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით“ – ასე უპახუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ – პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდი მიმტანად მუშაობდა.

„რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან?

მე, მაგალითად, არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით მივაღწიე, შევქმენი, გავაკეთე და ნამდვილად მეამაყება ჩემი წარსული და ის, რომ მაქვს დღეს იმის შესაძლებლობა, მივხედო ჩემს ოჯახს, დავეხმარო ჩემს შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ვისაც უჭირს. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ პირადად მე ცხოვრებას მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.