“რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს” – სალომე ზურაბიშვილი

331
spot_img

რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამჟამად უკრაინაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს.

„ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები. მთელი ევროპა და თავად დემოკრატიის მომავალი საფრთხის წინაშეა. უკრაინაში მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და უკრაინა ამ ბრძოლაში იმარჯვებს, რადგან ის წინააღმდეგობას უწევს იმდენ ხანს, რაც დანარჩენ მსოფლიოს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია, აჩვენოს, რომ უკრაინა დაუმარცხებელია. უკრაინისა და მისი პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი გამძლეობა და სიმამაცე მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის სამხედრო ძალის გაუვნებელყოფა, რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სამხედრო სტრატეგიის გაუთავებელი ცვლილება, პრიგოჟინის საქმე, ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ დაასრულა ის, რაც დაიწყო და აგრძელებს „კაგებეს“ ტიპის და არა სამხედრო ომს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პუტინმა უკვე წააგო პირველი რაუნდი.

„ახლა უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინის გამარჯვება კი ყველას გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ძალიან ეგოისტურად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელიც უბრალოდ შეუცვლელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც უკრაინის ომზე ვსაუბრობთ. სამი ზღვის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ შევუერთდით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს და დაგვეხმარება მომავლის უზრუნველყოფაში. ყველა ის დიდი პროექტი, რომელსაც ევროპა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას და ხელს უწყობს უკრაინის წარმატებას. ასევე, ფაქტია, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთი არ გასცდეს თავის საზღვრებს და მოიქცეს ნორმალური სახელმწიფოსავით. ვიდრე ეს არ მოხდება, ვერავინ იცხოვრებს მშვიდად და ვერავინ იტყვის, რომ არ ემუქრება ახალი ინტერვენციები, რადგან რუსეთი დარჩება რუსეთად, ისეთად, როგორიც იყო, როგორსაც ჩვენ ვხედავდით და ვიცნობდით, როგორსაც თქვენ და მრავალი ევროპელი იცნობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის შეჩერება უკრაინელებს და ასევე ყველა ევროპელი პარტნიორის ერთიანობას შეუძლია.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„საქართველოს თითოეულ მცხოვრებს იმედი აქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და საქართველოს ყველა მცხოვრებს ალბათ ეს ესმის, რომ არ გვსურს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება. ჩვენ გვინდა იქ მცხოვრები ადამიანების დაბრუნება. ამის მიღწევის ერთ-ერთი შესაძლო გზა სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ეს არის სწორედ ის, რისკენაც მივისწრაფვით. ამ პერსპექტივის გახსნა, ამ გზის გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, მოეპოვებინათ მომავლის პერსპექტივას, ისინი შეძლებდნენ, გაეცნობიერებინათ, რომ მათი იდენტობა, მათი უფლებები და მშვიდობა შენარჩუნებული იქნებოდა. ეს არის ყველაფერი, რისი უზრუნველყოფაც ოკუპაციის დროს რუსეთმა აშკარად ვერ შეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და პრეზიდენტს ჰკითხა, ამჟამინდელი შედეგი არის თუ არა მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ ამგვარი კონფლიქტები ძალის გამოყენებით გვარდება.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს იქ მცხოვრები ადამიანების ნება და არა გამოყენებული ძალების ვფიქრობ, წარსულში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი დარეგულირების პოვნის შესაძლებლობები იყო, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა, რათა არ დაეშვა ამ საკითხის შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღწევა, ამიტომ მივედით იმ შედეგამდე, რომელიც ახლა გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადამიანური ტრაგედია, რომელიც უზარმაზარ ტკივილს აყენებს არ რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში. თუმცა ამან ძირეულად შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება თავისი მეგობრებისა და მტრების მიმართ. მთელი ის რწმენა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტორი ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც ესაზღვრება, გაქრა იმ მძიმე ისტორიის გამო, რომლის გავლაც მას მოუწოდა. ახლა სომხეთის მოსახლეობა იყურება, სადაც სურს და იყურება ის უპირველესად დასავლეთისკენ, რადგან ჩვენ ვიზიარებთ საერთო ცივილიზებულ ღირებულებებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურებაა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის მეტი ჩართულობა.

„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება, რომელიც ამ ბოლო ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. სომხეთში, საქართველოს მსგავსად, განთავსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა და ამერიკელების მეტი ჩართულობა, რომლებიც ბოლო დროს აჩვენებენ, რომ მათ სურთ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და სურთ, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილს საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ჰკითხეს, კერძოდ, სანქციების დაწესებაზე უარის თქმაზე და საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

„ამ საკითხში შეგეწინააღმდეგებოდით, რადგან საქართველო და ქართველები თავად არასდროს მიმართავდნენ რუსეთს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ჩვენი ისტორიის გაკვეთილი გავითავისეთ, რომ ქართველებს უნდათ მხოლოდ ევროპული გზა, სურთ, შეუერთდნენ ევროპულ საზოგადოებას, სადაც მათ აერთიანებს საერთო ღირებულებები. არის გარკვეული რეფლექსიები ხელისუფლების პოლიტიკაში, მაგრამ მანდატი, რომელიც მიენიჭა ხელისუფლებას, მთავრობას ან მე, როცა ამირჩიეს, იყო ევროპული მანდატი და არა რუსული მანდატი. დიდი ეჭვი მეპარება, რომ ერთი ქართველი მაინც მიანდობდა თავის ხმას რომელიმე მთავრობას ან პრეზიდენტს, რომელიც რუსეთს მიმართავდა. ეს არის ჩემი მტკიცე რწმენა და ამიტომ ვარ აქ, ამიტომ ვმოგზაურობ ევროპის ყველა დედაქალაქში და ვცდილობ, შევისმინო იმ ხალხის ხმა, რომელმაც ამირჩია ერთი რამის გამო – ეს სახელმწიფო იყოს იქ, სადაც უნდა იყოს ამ გრძელი და რთული გზის ბოლოს – ევროპაში“, – აღნიშნა მან.