მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი -ალუდა ღუდუშაური

336
spot_img

მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის სირცხვილი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ერთობის აუცილებლობის თაობაზე.

მისი თქმით, „სააკაშვილს, გვარამიას, უგულავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და ამ კოჰორტას ღირსებით სავსე ქვეყანაში ნული აქვთ შანსი [ხელისუფლებაში მოსვლის]”.

„გასაგებია მათი ფერისცვალება და უგულავა რომ ვიღაცებს ჩაანაცვლებს. როგორ გამეტებით ტალახს ესროდნენ და რეებს იძახდნენ ერთმანეთზე, ეს ხომ კარგად გვახსოვს?! არსად არავის წაუღია ის, რომ უგულავას შეფასებით, ეს ადამიანი იყო ჯართი. 2017 წელს უგულავასთვის ჯართი, 2023 წელს ქართველი ხალხისთვის მომავლის მომტანი როგორ უნდა იყოს? რამდენიმე თვის უკან ქართულადაც კი არ ისურვა საუბარი და მოითხოვა თარჯიმანი, ყველაფერი ქართული აქვს დავიწყებული. თავმოყვარეობის ნატამალიც კი არ აქვს და რა პოლიტიკა და ნათელი მომავალი უნდა შესთავაზოს ადამიანმა, რომელსაც უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული და ერთ ბრალდებაზეც არ აქვს პასუხი გაცემული, სასამართლოში საუბრობს მხოლოდ აბსურდულ რაღაცებზე, სხვა გალაქტიკაში იმყოფება და არ აკეთებს შეპასუხებას იმისას, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, ქუჩაში უმოწყალოდ დარბევა, დგას და აბსოლუტურ დემაგოგიაშია”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში დაბრუნებას არ გეგმავს და 2024 წელს ივანიშვილის დამარცხების თანამონაწილე იქნება.

„გვარამია პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა, ის პოლიტიკაში იყო, არ ვიცი ახლა ბრძოლას აანონსებს. კარგად გვახსოვს საკუთარ ტელევიზიას როგორ იყენებდა – ჭიქაში კომპოტი ჰქონდა და წითელი კომპოტით რომ სისხლი უნდა დაელია, მოზღვავებული წყურვილი ჰქონდა, რომ სისხლი დაელია ვიღაცების. გვარამია რას აკეთებდა იმ დროს, როცა ხელისუფლებაში იყო და ძალაუფლება ჰქონდათ გამოგლეჯილი ქართველი ხალხის ხელიდან, ესეც გვახსოვს, პირად ამბიციებს გადააყოლეს ქვეყნის ინტერესები. მე გეკითხებით, ერთი დღე, ერთი წუთი, ერთი საათი მაინც თუ ყოფილა პოლიტიკის მიღმა?! – არასდროს ყოფილა. სადაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ პოლიტიკაშია, უკეთესი იქნება, რადგან პოლიტიკის მიღმა არასდროს ყოფილა. კარგად გვახსოვს, რომ შეკრებდა ხოლმე (ოპოზიციონერებს) და ეუბნებოდა საცივში რომ თავები გაქვთ, ამოყავით თავებიო”, – განაცხადა ღუდუშაურმა.