Home Blog Page 2264

,,ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც აშშ-ს ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო”- გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მაგალითად, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად. როდესაც ფოტო გამოქვეყნდა ამ 10 მოსამართლის და საელჩოს კომენტარი, რომ ის მხარს უჭერს პროფესიონალ და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, თუ გათვლა არის ის, რომ ამ კარგ მოსამართლეებს, ჩვენ ცუდი მოსამართლეები დავუპირისპირდეთ, ანუ, მე და ჩემ სანქცირებულ კოლეგებს გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა ამ 10 მოსამართლის მიმართ, მაშინ ძალიან ცდება ამ მეთოდის ავტორი. ეს არ მუშაობს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ღიად დააფიქსირა მისთვის კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის ფაქტი, ამით გაღიზიანებულმა საელჩომ გადაწყვიტა ერთგვარად დაესაჯა ეს მოსამართლე და სასწავლო ვიზიტით წასაყვან მოსამართლეთა სიიდან ამოეღო. შემდგომში დაფიქსირდა ასევე ფაქტი, როდესაც სხვა მოსამართლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა ჩხიკვაძეს და არც მათ მიიღეს მონაწილეობა ამ სასწავლო ვიზიტში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს  აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

,,აქციისთვის თანხის გარკვეულ ნაწილს, იღებთ, ჰპირდებით, მიგაქვთ და არ მოგყავთ ხალხი” – ჩარკვიანი ნებიერიძეს

ეს არის გამოძალვა. აქციისთვის თანხის გარკვეულ ნაწილს, იღებთ, ჰპირდებით, მიგაქვთ და შემდეგ არ მოგყავთ ხალხი, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით ნებიერიძეს გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

„ერთ-ერთი აქციის გაკეთების დროს თანხა აიღოთ ადამიანებმა და მერე ხალხი არ მოიყვანოთ. აი ასე, ბატონო დავით. ახლა გირჩევთ, თქვენ აქ შეწყვიტოთ და წერტილი დაუსვათ… იკვებებით გადმოგდებული ოლიგარქის ფულებით… ეს არის სიმართლე… აი ახლა, რომ სხედხართ, შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი. დავით, თქვენ ის დავით ნებიერიძე ხართ ჩემს ოფისში „კანონში და სამართალში“ მრავალი ადამიანის თანდასწრებით იჯექით და ძალიან გთხოვთ, დასვით ახლა წერტილი. ეს იყო ერთი წლის წინ. ამიტომ გეუბნები, რომ ორმაგ სტანდარტში ხართ თქვენ… სამარცხვინო ხართ. ახლავე გეუბნებით, რომ  ჩვეულებრივი გამომძალველი ხართ… ხართ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის გამომძალველი…“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

,,„BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება”- დავით ქართველიშვილი

„BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ.

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ BBC-მ კეზერაშვილი საზოგადოებას შეახსენა არა როგორც პოლიტდევნილი, ან მედიამაგნატი, არამედ, როგორც რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი.

„ძალზე სიმპტომატურია, რომ სწორედ იუდა ისკარიოტელის „ხსენების დღეს“, ავტორიტეტულმა, არარუსეთუმე მედია-ჰოლდინგმა BBC თავისი სკანდალური გამოძიებით დავით კეზერაშვილი შეგვახსენა. არა პოლიტდევნილი, არა მედიამაგნატი, არამედ – კრიმინალი, რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი დავით კეზერაშვილი.

„დავივიწყოთ“ ერთი წამით ქართული ჯარის ძარცვის ეპიზოდები, რაზეც მას უკვე გამოუტანეს სასჯელი. ერთი წუთით „დავივიწყოთ“ იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემები, რაზეც მას აუცილებლად დაეწევა მორიგი სასჯელი, რომელიც უკვე „გზაშია“. ერთი საათით „გადავდოთ“ მისი ბიზნეს-ინტერესები უკრაინის უმსხვილეს სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია „BGS Rail“-ის და მისი დირექტორთა საბჭოს წევრი კურტ ვოლკერის მიმართ. აუცილებლად დადგება ის დროც, როდესაც გაირკვევა უკრაინაში გაგანია ომის დროს, რა ტიპის ტვირთები და რომელი მიმართულებით გაჰქონდათ მათ ქვეყნიდან.

დღეს დავუბრუნდეთ BBC-ის გამოძიებას. გაირკვა, რომ „Milton Group“-ად ცნობილმა, ინტერნაციონალური თაღლითების ჯგუფმა ევროპელი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა. BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. აქამდე დავით კეზერაშვილის ე.წ. „მილტონის დანაშაულებრივ ქსელთან“ კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც BBC-ს ხელში ჩაუვარდა თაღლითების მიერ ოფშორულ ზონაში გახსნილი საბანკო ანგარიშების დოკუმენტები, ეგრევე ამოტივტივდა მისი, როგორც ამ ქსელში არსებულ დამფუძნებელ კომპანიებში ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერის სახელიც. თავდაპირველად, ასევე, არ არსებობდა დავით კეზერაშვილის უშუალოდ „მილტონის ჯგუფთან“ დამაკავშირებელი საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად აღიარა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი „Milton Group“-ში იყო ჩართული.

BBC-მ თავისი გამოძიების ფარგლებში დაადგინა კეზერაშვილის მიერ ინტერნეტ-ბიზნეს პლატფორმა LinkedIn-ის გამოყენების ფაქტები, თავისი თაღლითური სქემების განსახორციელებლად. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები ექსკლუზიურად მხოლოდ „Milton Group“-ის კომპანიები იყვნენ. მისი „სარისკო კაპიტალის“ ფირმა, „Infinity VC“, ფლობდა ბრენდინგის და ვებ-დომენებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სათაღლითოდ უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას. კეზერაშვილს ასევე დაუდასტურდა კიევში განლაგებული საოფისე შენობის მფლობელობა, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო „ქოლ-ცენტრი“ (რომელიც ყიდის EverFX-ს), ასევე, ტექნიკური ფირმები, რომლებიც ახორციელებდნენ იმ ოფისების პროგრამულ უზრუნველყოფას, სადაც პოლიციამ გასული წლის ნოემბერში ჩხრეკა ჩაატარა.

დადგინდა, რომ კეზერაშვილი ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც შეიცავდა იმავე თაღლითური სქემის განხორციელების ტექნიკურ ფირმას. BBC-მ დაადგინა, რომ კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულინი არიან მილტონის ჯგუფის თაღლითურ სქემებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი „ტუზიდან“ ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია. BBC-მ ლონდონში აღმოაჩინა კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული, 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ეცადა მასთან დაკავშირებას, ინტერვიუს აღების მიზნით. მაგრამ „ცნობილი“ ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელმა „რაღაც“ BBC-თან არ ჩათვალა მიზანშეწონილად პირდაპირი კავშირი და თავისი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი ან მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან.

„თქვა უფალმან, ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“ (ლუკას სახარება 12-2)“, – წერს დავით ქართველიშვილი.

რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, პოლიტიკური დევნის კამპანიაა – ელენე ხოშტარია

„ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტვ „პირველის“ ეთერში „ბიბისის“ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, რის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ადრე კეზერაშვილთან კარგი ურთიერთობით სარგებლობდა და ახლა მის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთნენ.

„ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კეზერაშვილის მიმართ, მისი ბიზნესის მიმართ, ეს არის ადამიანების საქმეა და ყველა უნდა შეეჩვიოს რომ ყველანაირი კითხვა უნდა დაისვას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც „ფორმულა“ შეიქმნა და რაც მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური დევნის კამპანია, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ კეზერაშვილის დევნას, არამედ „ფორმულას“ დევნას, ოპოზიციის დევნას და ზოგადად მოცილებას, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს.

მესამე საკითხი – ე.წ. ქოლ ცენტრების თემა არის უბინძურესი და უმძიმესი საქმე. ქვეყნის სირცხვილია და მიდის საერთაშორისო გამოძიება. ნებისმიერი ვინც ამაში არის ჩართული, კატასტროფაა. ამ საქმეზე გამოძიებას თავად ოპოზიცია ითხოვდა, იმიტომ რომ ფაქტია საქართველოში ეს სისტემა ფუნქციონირებს, საკმაოდ მასიურია, ბევრი ახალგაზრდაა დასაქმებული და შეუძლებელია ეს სუსის მფარველობის გარეშე ხდებოდეს.

სამწუხაროდ, არცერთი გამოძიება ამაზე არ ჩატარებულა. ვნახეთ, რომ ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა.

ბოლო პუნქტი, რომელიც არ შემიძლია არ დავასახელო. მე ვხედავ რამდენიმე ძალიან არაკეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად სარგებლობდა დავით კეზერაშვილთან ურთიერთობით და დღეს, არ ვიცი რა მიზეზებით, უცებ კამპანიაში ჩაერთნენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის დამტკიცებული“, – აცხადებს ხოშტარია.

პური გაიაფდა

პური გაიაფდა. პირველადი მოხმარების სურსათსა და საწვავზე ფასების შემცირების შემდეგ, ღირებულებამ პურზეც დაიკლო. დღეიდან სავაჭრო ობიექტებში ფართო მოხმარების პურის სახეობებს მომხმარებელი 10 თეთრით ნაკლებად ყიდულობს. ამ შედეგებისთვის, ფქვილის ფასის კლების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწარმოებლებთან მოლაპარაკებას მართავდა.

პურის გაიაფება წინა კვირაში, მთავრობის სხდომაზე დაანონსდა. პრემიერის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პურის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დაიწყო. უწყებაში დღეს თქვეს, რომ საკვები პროდუქტის გაიაფება, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია.

„არ მაინტერესებს ვინ რა გვარის არის დავიღალეთ ამ სიბინძურით”- ჩარკვიანი

ახალაიას კლანი იქნება, პეტრეს კლანი იქნება, მელიას კლანი იქნება,  არ მაინტერესებს, დავიღალეთ ამ სიბინძურით – ამის შესახებ პარტია „კანონი და სიმართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„არ მაინტერესებს ვინ რა გვარის არის. ახალაიას კლანი იქნება, პეტრეს კლანი იქნება, მელიას კლანი იქნება, არ მაინტერესებს, დავიღალეთ ამ სიბინძურით, რეფორმები მინდა სამართლებრივ ქვეყანაში, რომ კლანური მმართველობა და მკვლელები არ ბედავდნენ ტლინიკინს პირველ რიგში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

,,აშშ-ს საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს” – მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, შეერთებული შტატების საელჩოს სურს რომ კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, პირდაპირ ერევა მართლმსაჯულებაში. ეს ფაქტიც ამის პირდაპირი დადასტურებაა. როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს მოსამართლე არის კარგი და კეთილსინდისიერი, მეორე მოსამართლე კი არ არის კარგი და კეთილსინდისიერი, ანუ პრაქტიკულად ყოფს სიტუაციას, ეს არის აშკარა. სხვას კი არაფერს ვამბობთ. ელჩი გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ მოსამართლეებს ეუბნება: „შენ კარგი ხარ, იმიტომ რომ მიჯერებ, ამიტომ წაგიყვან ჩემთან ამერიკაში. ის ცუდია, იმიტომ რომ არ მიჯერებს და ამერიკაში ჩემთან არ წავიყვან“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

,, ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი” – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, კეზერაშვილი იშვიათი გარეწარია და ამისთვის საზოგადოებას „ბიბისის“ გამოძიება არ სჭირდებოდა.

„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის „ბიბისის“ გამოძიება. ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ რაც ჩვენი საწყობები რუსებმა  გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, კეზერაშვილმა ცხვარი ან ხარი დაკლა ბედნიერებისგან, იმიტომ რომ მანამდე რაც ჰქონდა მოპარული და შეჭმული, მიდი და გაიგე.

დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან, ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. აქ იყო და კეზერაშვილმა გაძარცვა ქართული ჯარი, ევროპაში წავიდა და გაძარცვა ევროპელი პენსიონერები“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

,,პატრუშევსა და გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ სავარაუდოდ დივერსიის გეგმა ჰქონდათ” – .„ვაის ნიუსის“

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ სავარაუდოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დივერსიისთვის გეგმა ჰქონდათ და მის განხორციელებას 5 მარტამდე ფიქრობდნენ. მაშინ, როდესაც პუტინი სავარაუდოდ ქიმიოთერაპიის მორიგ კურსს დაიწყებდა და საომარ მოქმედებებზე გავლენის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა, – ამის შესახებ საუბარია პენტაგონისთვის განკუთვნილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, რომელიც „ვაის ნიუსისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.

„წყაროს ცნობით, „იერიშის“ გეგმა… რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მიერ შემუშავებული სტრატეგია იყო პუტინის საბოტაჟისთვის“. წყარომ 22 თებერვალს მიანიშნა, რომ სავარაუდოდ, გერასიმოვი გეგმავდა, გაეგრძელებინა ძალისხმევა საბოტაჟისთვის. წყარო აღნიშნავს, რომ გერასიმოვი პირობას დებდა, „ჩაეგდო“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია 5 მარტისთვის, მაშინ როდესაც პუტინი სავარაუდოდ აპირებდა ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის დაწყებას და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გავლენა ექონია საომარ მოქმედებებზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მედიის ინფორმაციით, დაზვერვის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამ მოსაზრების გავრცელების ავტორი უკრაინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც, თავის მხრივ, კრემლის მაღალჩინოსნებთან კავშირში მყოფი საკუთარი წყარო ჰყავს. ამ დოკუმენტებში არსად არის ნახსენები, რომ ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას აშშ-ის დაზვერვაც ადასტურებს, თუმცა დაზვერვის სააგენტომ, რომელმაც ეს ვარაუდი მიყურადების დროს მოისმინა, საჭიროდ ჩათვალა, ინფორმაცია პენტაგონის ხელმძღვანელობისთვის ეცნობინებინა.

,,ეს სერიოზული ბრალდებაა იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს” – სეფაშვილი კეზერაშვილზე

 

„როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობაზე კითხვა უკვე საერთაშორისო დონეზე დაისვა, ასევე საინტერესო ხდება, რა ფულს იღებენ მის მიერ დაფინანსებული პარტიები და მედიები.

„BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ეს ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ იმით, რომ BBC ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მედიასაშუალებაა, სადაც მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპი უმაღლეს დონეზეა დაცული. მათი მაუწყებლობის ქცევის კოდექსს გავეცანი იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტშიც, მაუწყებლობის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რაც ასოცირების დღის წესრიგით იყო განპირობებული. BBC-ში მიუკერძოებლობის იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ გაგიკვირდებათ. ზედმეტად, ეპითეტის გამოყენების უფლებაც კი არ აქვთ საინფორმაციო გადაცემებში, იმის გამო, რომ მიკერძოებულობაში არ ჩაეთვალოთ და რაიმე პოზიცია არ დააფიქსირონ. აქედან გამომდინარე, როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს.

გვახსოვს შარშან, გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად ანალოგიური ბრალდება იყო წაყენებული. ჩვენი გერმანელი კოლეგები სწორედ ამ საკითხს იკვლევდნენ და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს სამართალდამცველებთან თანამშრომლობდნენ. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მიღწევაა, რომ შეთანხმება გვაქვს დადებული, ასეთი ტიპის დანაშაულის გამოძიებისას ერთობლივად ვიმოქმედოთ. ველოდები, რომ ეს ყველაფერი მალე გაცილებით უფრო საფუძვლიანი იქნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ამის თქმის საფუძველს თვითონ BBC-ის მაღალი სტანდარტი მაძლევს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ, რომ კეზერაშვილი წარდგა ქართული სასამართლოს წინაშე, სადაც ჯარისგან 5 მილიონი დოლარის არაკანონიერი გზებით მითვისება დაუმტკიცდა. სულ ცოტა ხანში კი ვიხილეთ კეზერაშვილის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებს აფინანსებს. ანუ, პირდაპირ მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ასეთი კითხვა მებადება: თავისთავად ცხადია, რომ მის მიერ მოპოვებული თანხები არის არაკანონიერი, ანუ ე.წ. შავი ფული. როგორ აფინანსებს ის ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს? შავი ფულით? ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია და ასეთი საკითხების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება იყო ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, BBC-ის ამ სტატიამ ის ევროპარლამენტარებიც ამხილა, რომლებიც დავით კეზერაშვილს „მედიამენეჯერს“ უწოდებდნენ და მის მიმართ საქართველოში დაწყებულ გამოძიებას „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“ უწოდებდნენ.

„აღსანიშნავია, რომ შარშან ივნისში გამოიცა, ე.წ. პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურმე კეზერაშვილს დევნის ქართული ხელისუფლება და ეს არის საქართველოში თავისუფალი მედიის ხელყოფა და შეზღუდვა. მე მათ პოლიტიკოსებს საერთოდ არ ვუწოდებ, ისინი არიან ჩვეულებრივი მოსყიდული ადამიანები. ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელთაც ევროპარლამენტი იღებს, არის ძალიან დიდი სირცხვილის ლაქა ევროპარლამენტარების რეპუტაციისთვის. მათ არა მარტო მიიღეს ეს რეზოლუცია, არამედ მოახერხეს სხვა დეპუტატების აყოლიებაც, რაც ევროპარლამენტისთვის კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, ეს თემა უნდა გაჟღერდეს ხოლმე იმ დიპლომატიურ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც საქართველო მონაწილეობს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკა კი უნდა იყოს ისეთი, რომ როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ფაქტებს და ელემენტარულად გადაამოწმონ, მიღებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

გავიხსენებ პირველი რეზოლუციის მიღების ფაქტს, რომელიც, სხვათა შორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, რომელიც საქართველოს კრიტიკით გამოირჩევა, მას ხელი არ მოაწერა იქიდან გამომდინარე, რომ საფუძველს ვერ ხედავდა. ასევე იყო საქართველოს შესახებ ანგარიში, რომელსაც თვითონ ავტორმა არ მოაწერა ხელი, იმდენი ცვლილება შევიდა თავდაპირველ ვერსიაში. ე.ი. ესე იგი ადრე ევროპარლამენტარები პატიოსნებასა და ობიექტურობას მეტად იჩენდნენ. ალბათ, კარგი იქნება, ამ მიმართულებით სვლას თუ გააგრძელებენ და ასე სასაცილოდ არ გაიხდიან თავს. თუ ადრე, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს რეზოლუციები სიმართლეს არ შეეფერებოდა და იურიდიული ტერმინი რომ ვიხმაროთ, „ჩვენი სიტყვა მათი სიტყვის საწინააღმდეგოდ“ იყო, ახლა გამოდის, რომ ჩვენი სიტყვა უკვე არა მარტო ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტებით, არამედ უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული გამოცემის, BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოძიებული ფაქტებითა და არგუმენტებითაა გამყარებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მართლები ვიყავით ამ სიტუაციაში. მათ თავის დროზეც იცოდნენ, რომ ტყუილზე აწერდნენ ხელს, მაგრამ შეგნებულად წავიდნენ ამაზე, რადგან ისინიც ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია აღქმები. მაგრამ ცრუ ნარატივზე, დეზინფორმაციასა და ტყუილზე აგებული აღქმების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ როგორც წესი, ძალიან მალე გაცამტვერდება ხოლმე. ახლა ისიც ვიხილეთ, რომ ხუხულასავით ჩამოენგრათ თავიანთი რეზოლუციის მტკიცებულებები და ისიც, რომ მათ რეპუტაციას ისეთი ზიანი ადგება, რომლის ჩამორეცხვაც შეუძლებელია. როგორც ვამბობთ ხოლმე საქართველოში, სახელის გატეხას თავის გატეხა გერჩივნოსო. ფაქტობრივად, სახელგატეხილნი არიან ეს ევროპარლამენტარები. მართალია, არც მანამდე აკლდათ სახელის გატეხა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად არის მათი რეპუტაცია შერყეული და ამიერიდან როგორი რეზოლუციაც არ უნდა „გამოაცხონ“ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობა ექნება. ალბათ, დაიჯერებენ ისევ მათი მომხრეები, ან ისინი, ვისაც უნდა, რომ საქართველოს რეპუტაციას რაიმე ზიანი მიადგეს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი, რომელიც შეიძლება, ობიექტურად იყოს დაინტერესებული, რამე ცუდი ხომ არ მოხდა საქართველოში, უკვე ნამდვილად აღარ დაუჯერებს მათ შექმნილ ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მსჯელობასაც შეეხო და განმარტა, რომ კანონი პირდაპირ დავით კეზერაშვილს ესადაგება.

„პარლამენტი მსჯელობს დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ და კეზერაშვილი სრულად შეესაბამება ამ კანონის განმარტებას ოლიგარქიის შესახებ, რადგან კანონის განმარტების თანახმად, ოლიგარქია პიროვნება, რომელიც ფლობს დიდძალ ფულად სახსრებს, მედიას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. ეს არის ის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ადამიანის ოლიგარქობის სტატუსი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

,,სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა, უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა, აგენტები იყვნენ.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 44-დღიანი ომის მთავარი მიზანი იყო არა მთიანი ყარაბაღი, არამედ სომხეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„შეიარაღებულ ძალებზე გუშინდელი თავდასხმის დროს ხალხმა კვლავ განაცხადა, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გადადგეს. ბოლოს და ბოლოს, მათ შეუძლიათ დაელოდონ ინციდენტის დასრულებას, მაგრამ არა, ახლავე უნდა მოხდეს… ეს არის მეხუთე სვეტის სტილი. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენი დემოკრატიის ზიანის მიყენების გარეშე. მაგალითად, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი თესავს პანიკას ჯარებში და ავალებს თავის ქვეშევრდომებს, დათესონ პანიკა, რათა ყველამ დატოვოს თავისი საბრძოლო პოზიციები, ან ქმნის პირობებს, რომ მტერმა უპრობლემოდ დაიპყროს ტერიტორიები. რატომ? არცერთი დანაშაული არ გაიხსნება, ვიდრე მოტივაცია არ გაირკვევა. შესაძლოა, ისინი სხვა ქვეყნის აგენტები არიან. ზემოდან უნდა მიეღოთ ბრძანება, ბრძანება მე უნდა გამეცა, მაგრამ არ გამიცია. ე.ი. კიდევ ერთი ზემდგომი ჰყავს, ბრძანება მიიღო და შეასრულა. თავად არ ამბობს, ვისგან მიიღო ბრძანება, რადგან უფრო მძიმე ბრალდებას მიიღებდა“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

რუსეთშიც ეგრე იყო, ტიპები სერიოზულად მსჯელობდნენ საიდან აქვს ფული ხადარკოვსკის – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

„რუსეთშიც ეგრე იყო, პუტინთან ბრძოლის მაგივრად ტიპები სერიოზულად მსჯელობდნენ საიდან აქვს ფული ხადარკოვსკის. რით დამთავრდა ეს ყველამ ვიცით. ასე რომ სჯობს, სანამ დრო გვაქვს, ფოკუსი გავასწოროთ. დეტალებზე თავად დავით კეზერაშვილი საუბრობს და მე აღარ გადაგღლით. აღდგომა და ხვალეო. ბრიტანეთის სასამართლოს ყველა ვენდობით, თუ მივიდა სასამართლომდე საერთოდ საქმე.

პ.ს. ერთობ ვხალისობ ყოფილ მეგობართა მოშურნეობაზე“, – აცხადებს გიგი უგულავა.