„BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ.
ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ BBC-მ კეზერაშვილი საზოგადოებას შეახსენა არა როგორც პოლიტდევნილი, ან მედიამაგნატი, არამედ, როგორც რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი.
„ძალზე სიმპტომატურია, რომ სწორედ იუდა ისკარიოტელის „ხსენების დღეს“, ავტორიტეტულმა, არარუსეთუმე მედია-ჰოლდინგმა BBC თავისი სკანდალური გამოძიებით დავით კეზერაშვილი შეგვახსენა. არა პოლიტდევნილი, არა მედიამაგნატი, არამედ – კრიმინალი, რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი დავით კეზერაშვილი.
„დავივიწყოთ“ ერთი წამით ქართული ჯარის ძარცვის ეპიზოდები, რაზეც მას უკვე გამოუტანეს სასჯელი. ერთი წუთით „დავივიწყოთ“ იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემები, რაზეც მას აუცილებლად დაეწევა მორიგი სასჯელი, რომელიც უკვე „გზაშია“. ერთი საათით „გადავდოთ“ მისი ბიზნეს-ინტერესები უკრაინის უმსხვილეს სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია „BGS Rail“-ის და მისი დირექტორთა საბჭოს წევრი კურტ ვოლკერის მიმართ. აუცილებლად დადგება ის დროც, როდესაც გაირკვევა უკრაინაში გაგანია ომის დროს, რა ტიპის ტვირთები და რომელი მიმართულებით გაჰქონდათ მათ ქვეყნიდან.
დღეს დავუბრუნდეთ BBC-ის გამოძიებას. გაირკვა, რომ „Milton Group“-ად ცნობილმა, ინტერნაციონალური თაღლითების ჯგუფმა ევროპელი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა. BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. აქამდე დავით კეზერაშვილის ე.წ. „მილტონის დანაშაულებრივ ქსელთან“ კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც BBC-ს ხელში ჩაუვარდა თაღლითების მიერ ოფშორულ ზონაში გახსნილი საბანკო ანგარიშების დოკუმენტები, ეგრევე ამოტივტივდა მისი, როგორც ამ ქსელში არსებულ დამფუძნებელ კომპანიებში ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერის სახელიც. თავდაპირველად, ასევე, არ არსებობდა დავით კეზერაშვილის უშუალოდ „მილტონის ჯგუფთან“ დამაკავშირებელი საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად აღიარა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი „Milton Group“-ში იყო ჩართული.
BBC-მ თავისი გამოძიების ფარგლებში დაადგინა კეზერაშვილის მიერ ინტერნეტ-ბიზნეს პლატფორმა LinkedIn-ის გამოყენების ფაქტები, თავისი თაღლითური სქემების განსახორციელებლად. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები ექსკლუზიურად მხოლოდ „Milton Group“-ის კომპანიები იყვნენ. მისი „სარისკო კაპიტალის“ ფირმა, „Infinity VC“, ფლობდა ბრენდინგის და ვებ-დომენებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სათაღლითოდ უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას. კეზერაშვილს ასევე დაუდასტურდა კიევში განლაგებული საოფისე შენობის მფლობელობა, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო „ქოლ-ცენტრი“ (რომელიც ყიდის EverFX-ს), ასევე, ტექნიკური ფირმები, რომლებიც ახორციელებდნენ იმ ოფისების პროგრამულ უზრუნველყოფას, სადაც პოლიციამ გასული წლის ნოემბერში ჩხრეკა ჩაატარა.
დადგინდა, რომ კეზერაშვილი ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც შეიცავდა იმავე თაღლითური სქემის განხორციელების ტექნიკურ ფირმას. BBC-მ დაადგინა, რომ კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულინი არიან მილტონის ჯგუფის თაღლითურ სქემებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი „ტუზიდან“ ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია. BBC-მ ლონდონში აღმოაჩინა კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული, 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ეცადა მასთან დაკავშირებას, ინტერვიუს აღების მიზნით. მაგრამ „ცნობილი“ ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელმა „რაღაც“ BBC-თან არ ჩათვალა მიზანშეწონილად პირდაპირი კავშირი და თავისი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი ან მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან.
„თქვა უფალმან, ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“ (ლუკას სახარება 12-2)“, – წერს დავით ქართველიშვილი.