,,ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც აშშ-ს ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო”- გვრიტიშვილი

106
spot_img

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მაგალითად, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად. როდესაც ფოტო გამოქვეყნდა ამ 10 მოსამართლის და საელჩოს კომენტარი, რომ ის მხარს უჭერს პროფესიონალ და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, თუ გათვლა არის ის, რომ ამ კარგ მოსამართლეებს, ჩვენ ცუდი მოსამართლეები დავუპირისპირდეთ, ანუ, მე და ჩემ სანქცირებულ კოლეგებს გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა ამ 10 მოსამართლის მიმართ, მაშინ ძალიან ცდება ამ მეთოდის ავტორი. ეს არ მუშაობს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ღიად დააფიქსირა მისთვის კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის ფაქტი, ამით გაღიზიანებულმა საელჩომ გადაწყვიტა ერთგვარად დაესაჯა ეს მოსამართლე და სასწავლო ვიზიტით წასაყვან მოსამართლეთა სიიდან ამოეღო. შემდგომში დაფიქსირდა ასევე ფაქტი, როდესაც სხვა მოსამართლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა ჩხიკვაძეს და არც მათ მიიღეს მონაწილეობა ამ სასწავლო ვიზიტში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს  აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.