Home Blog Page 2264

კელი დეგნანი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

ელჩი აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოძიებას ბოლომდე არ იცნობს, თუმცა ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელობას მსგავსი საკითხების შესასწავლად.

„არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას“, – აცხადებს კელი დეგნანი.

“ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი”- სალომე ზურაბიშვილი

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით.

„კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

(ვიდეო) კობა კობალაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მიწვეული სპიკერის სტატუსით, აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის მსმენელთათვის, გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაატარა სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციის, ამოცანების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ.

კობა კობალაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია ჩაატარა (ვიდეო)

მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მიწვეული სპიკერის სტატუსით, აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის მსმენელთათვის, გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაატარა სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციის, ამოცანების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ.

 

პაატა ბურჭულაძე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი“, – აცხადებს ბურჭულაძე.

,,მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია”- ზურაბ ჩხაიძე

ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„გავიმეორეთ ყველა ანალიზი, განსაკუთრებით მის ძირითად დაავადებებთან უკვე რაც გვქონდა გამოტანილი და რაც შედის კვლევის პაკეტში, გაგზავნილი იყო ანალიზი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან და ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლას მასთან ადგილი არ აქვს. ეს მეორედ შესრულებული კვლევაა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“

,,ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით”- სეიმურ ჰერში

ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, სეიმურ ჰერშის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ დიზელის შესასყიდი აშშ-ის თანხებიდან 400 მილიონი დოლარი მიითვისეს.

ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, აშშ უკრაინას ომისთვის საჭირო დიზელის შესასყიდად ფულს აძლევს, რაც გალონ საწვავზე 400 დოლარს შეადგენს.

სეიმურ ჰერში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საწვავს რუსეთისგან ყიდულობს და ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვის მრავალი წევრი დიზელის საწვავის გადასახდელად გამოყოფილი ამერიკული დოლარიდან მილიონებს ხარჯავს. ამასთან, როგორც სეიმურ ჰერშმა აღნიშნა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, მითვისებული თანხები გასულ წელს 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჰერშის თქმით, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უთხრა: „ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით. და ვინ იხდის გაზისთვის და ნავთობისთვის? ჩვენ. პუტინი და მისი ოლიგარქები მილიონებს შოულობენ“.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, უკრაინის ბევრი სამინისტრო ქმნის კომპანიებს იარაღისა და საბრძოლო მასალის საექსპორტო კონტრაქტებისთვის იარაღის კერძო დილერებთან მთელ მსოფლიოში.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ კორუფციის საკითხი უშუალოდ დაისვა ზელენსკისთან, მიმდინარე წლის იანვარში, კიევში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე. სეიმურ ჰერშის განცხადებით, უილიამ ბარნსმა ასევე წარუდგინა ზელენსკის 35 გენერლისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სია, რომელთა კორუფციის შესახებ ცნობილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის და ამერიკის მთავრობის სხვა წევრებისთვის.

ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის ზეწოლას ათი დღის შემდეგ და საჯაროდ გაათავისუფლა სიაში მყოფი ათი პირი.

”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიასთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფას.

მემორანდუმის საფუძველზე, ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემია”, სადაც ჭიდაობა ”ძიუდოში” 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მზადაა, უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ვეტერანების, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ასევე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გოგონებს.

”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ”, ჩვენს ქვეყანას, არა ერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა, რომელთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, ასევე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის” დირექტორმა, კობა გეგიამ.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

„აფხაზეთი საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა“, – სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახური

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ქართულ სპეცსამსახურებს ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებაში ადანაშაულებს. შესაბამისი სიუჟეტი დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სიუჟეტში ნაჩვენებია ორი ქალის აღიარებითი ჩვენება, რომელთა გვარებია შენგელია და ხუხია. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან მათ ვინმე ჯანო ძაგანია გაესაუბრა, რომელზედაც ისინი ამბობენ, რომ ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელია და აფხაზეთში საიდუმლო ობიექტების, მათ შორის სამხედრო ბაზების, ე.წ. უშიშროების სამსახურის ობიექტების და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის ფოტოსურათების გადაღებას და ამ ობიექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის გარკვევას ავალებდა. მანამდე ის ქალებს დაემუქრა, რომ თუ არ ითანამშრომლებენ, მათ ნათესავებს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. დაკავებული ქალების თქმით, ისინი ფოტოებს „უოთს აპის“ და სხვა მესენჯერების გამოყენებით გადასცემდნენ.

„საქართველოს სპეცსამსახურებისთვის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის არის აფხაზეთის წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სამართალდამცველ სტრუქტურებში და პოლიტიკურ პარტიებში შეღწევა. საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა სულ უფრო კარგად ორგანიზებული ხდება და ისინი  კარგად არიან აღჭურვილები. ისინი ყველა შესაძლო მეთოდს იყენებენ ინფორმაციის მოსაპოვებლად და მას აფხაზეთში დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. მათ სურთ კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვება და სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევა. ე.წ. უშიშროების სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ძალზე გააქტიურებულები არიან“ – აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.

დე ფაქტო უწყება საკანონმდებლო სოხუმის დე ფაქტო მთავრობისგან და პარლამენტისგან ცვლილებების მიღებას მოითხოვს, რომელიც მას დამატებით უფლებებს მიანიჭებს.

 

 

,,ენმ’ – ს’ კეზერაშვილის მიმართ არ აქვს კითხვები, რადგან მათი დამფინანსებელია” – სარჯველაძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ როცა კეზერაშვილის მიმართ მარტო იმიტომ არ აქვს კითხვები, რომ ის მათი დამფინანსებელია, ნიშნავს, რომ ამ გარემოებამ გამოააშკარავა მათი ნამდვილი ბუნება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მათ არასდროს ჰქონიათ განწყობა, ყოფილიყვნენ თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს მხარდამჭერები ამ ქვეყანაში.

„მათთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ფასადი, რომ რეალური ზრახვები იყოს სადღაც შეფარებული და რაღაც ფორმით განხორციელებული. ეს არის ხალხი, რომლებსაც მათ შორის დრესტრუქციული, სისხლიანი რევოლუციების გზით ძალაუფლების სურვილი ამოძრავებთ და ამას ნიღბავენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერით. ზუსტად ამ ტენდენციასთან და მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგა თავს უფლებას აძლევს, არ აკრიტიკოს კეზერაშვილი, რადგან მისთვის დღეს პოლიტიკურად მომგებიანია, ხმა არ ამოიღოს, როცა ამაზე „ბიბისი“ საუბრობს, და აკრიტიკოს თუნდაც ხელისუფლება, როდესაც ასევე შირმად იყენებენ ჩვენს ქვეყანაში კეზერაშვილის ვითომ პოლიტიკურ დევნას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ შეუძლებელია, ადამიანი მოატყუო და თან მუდმივად, ადრე თუ გვიან, ასეთი ტყუილები იშიფრება. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაღაც ეტაპზე ვიღაცას გამოუვიდა, მათ შორის ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპოზიციას გულშემატკივრობენ და ეთიკური სტანდარტებით შეიძლება, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან დიდად შორს არ იყვნენ წასული. როდესაც ეს ადამიანები ახერხებენ და გარკვეულ რეზოლუციებში შეიძლება, კეზერაშვილის გვარი დადებით კონტექსტში ხვდებოდეს, ეს მუდმივი ვერ იქნება და ვერ იქნება ყველაზე გათვილი, რომ ყველა მოტყუვდება. როცა ეს აშკარავდება, უკლებლივ ყველას უქმნის დისკომფორტს. მათ შორის, იმ ევროპარლამენტარ კოლეგებსაც, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს ინიციატივა, მაგრამ ენდნენ საკუთარ კოლეგებს, ვინც შეაჩეჩა ფრაზეოლოგია, რომელიც არის მოხვედრილი რეზოლუციებში, ბუნებრივია, გაუჩენს კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

მაღაროში ნაპოვნი ბეწვის გორგალი გამყინვარების ხანის ციყვის სხეული აღმოჩნდა (ფოტოები)

ერთი შეხედვით, ბეწვისა და კლანჭების ყავისფერი გორგალი რაღაც გაურკვეველს წააგავს.

თუმცა, რენტგენული სხივებით სკანირებამ ცხადყო, რომ გრეიფრუტის ზომის ბურთი სინამდვილეში 30 000 წლის წინანდელი, გამყინვარების პერიოდის მუმიფიცირებული მიწის ციყვის სხეულია.

უცნაური ბეწვის გორგალი 2018 წელს ოქროს მაღაროელმა იპოვა კანადის ქალაქ დოუსონის სიახლოვეს, ერთ-ერთ მაღაროში.

„თავიდან ვერ მიხვდები, რა არის, ვიდრე პატარა თათებსა და კლანჭებს არ დაინახავ, შემდეგ დაინახავ პატარა კუდსა და ყურებსაც“, — ამბობს კანადის იუკონის ტერიტორიის მთავრობის პალეონტოლოგი გრანტ ზაზულა.

იუკონში მდებარე კლონდაიკის ოქროს მინდვრები გამყინვარების ხანის შემდეგ გაყინული ნიადაგით არის დაფარული. შესაბამისად, ამ ზონაში ბრწყინვალედ არის შემონახული იმ პერიოდის გაყინული ცხოველები.

ოქროს მომპოვებლებს იქ ასევე ნაპოვნი აქვთ მუმიფიცირებული მგლის ლეკვი და საოცრად კარგად შემონახული ჩვილი მამონტის სხეული

იმის გამო, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურა იზრდება, გაყინული ნიადაგები დნება და ასეთი აღმოჩენები მომავალში ალბათ უფრო გახშირდება. სამწუხაროდ, ამ პროცესში გარემოში თავისუფლდება უძველესი ვირუსები და მიკრობებიც.

აღმოჩენილი ციყვი ეკუთვნის არქტიკული მიწის ციყვის სახეობას, რომელიც იუკონში დღემდე ბინადრობს. ისინი უფრო ტყის ვირზაზუნებს ჰგვანან, ვიდრე ხის ციყვებს.

ეს არსებები ზამთრის ძილისთვის სოროებს მიწაში თხრიან. იუკონში დღემდე შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის მრავალი ასეთი სორო.

მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – ანი წითლიძე

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, რომ სამშაბათს, 18 აპრილს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შექმნას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება, რასაც გამოეხმაურა ანი წითლიძე და თქვა, რომ მიესალმება ამ ინიციატივას და ახლა დაპირისპირების ნაცვლად, მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს სამშაბათის სესიაზე და შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, – აღნიშნა ანი წითლიძემ.