რუსეთ-უკრაინის ომის 414-ე დღე
რუსულმა ჯარებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით – ბახმუტის, ავდიივკას, ლიმანსა და ბახმუტის მიმართულებებით 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსემა წინსვლა სცადეს ბელოგოროვკას ტერიტორიაზე. პარალელურად, მათ დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ნევსკოეს, კუზმინოსა და ბელოგოროვკას დასახლებები, ასევე დონეცკის ოლქის ტორსკისა და სპორნოეს დასახლებები.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რაიონში გრძელდება. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ. მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება ვასიუკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ნოვომარკოვო, გრიგოროვკა, ბოგდანოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ნოვოდმიტროვკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა, სევერნოე და ჟელეზნო“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრანის გენშტაბის ცნობით, ავდიივკასა და მარიკას მიმართულებებზე ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს. უწებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, ამ მიმართულებით, 13 დასახლება, მათ შორის კერამიკი, ნოვოკალინოვოე, კრასნოგოროვკა, სტეფნოიე, პერვომაისკოე, გეორგიევკა, პობედა, დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და რუსეთი აანაზღაურებს ზარალს, მათ შორის ოლიგარქებისა და ოფიციალური პირების ხარჯზე. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.
„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. მსოფლიომ რუსეთის აქტივების მიხედვით იცის, რა გამოსავალი არსებობს ამისთვის. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. მთელი ეს აქტივები უნდა იყოს გამოყენებული მათი ზარალის კომპენსაციისთვის, ვისაც რუსეთმა ტკივილი მოუტანა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აღნიშნა, რომ ომი ყველაზე ძვირი უნდა აღმოჩნდეს აგრესორისთვის.
ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.
პრეზიდენტის განმარტებით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მრავალი სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც დასაგმობია და რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
„თუ დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვისთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული.
მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, ანა ბიერდემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.
“მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკის აღსადგენად! ვაშინგტონში ახლახან გაფორმდა ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან“, – წერს შმიგალი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება კიევის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიის ქალაქებში ელექტროქსელებისა და გათბობის სისტემების აღდგენას.
ამასთან, უკრაინის პრემერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დონორთა კოორდინაციის უწყებათაშორისი პლატფორმის („Financial Ramstein“) ფარგლებში ერთობლივი მუშაობის საკითხები განიხილეს.