Home Blog Page 2252

“თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან”

თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო  მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანს სამხედრო გენერლები მას შემდეგ მართავენ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.

“დიდმა შვიდეულმა“ ვლადიმერ პუტინს უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების განხორციელებას”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ უნდა დაუმტკიცოს ვლადიმერ პუტინს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების ხორცშესხმას.

ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინამ ზამთარში რუსული შეტევა და ენერგეტიკული კრიზისი სწორედ „დიდი შვიდეულის“ მხარდაჭერით გადაიტანა და აუცილებელია, რომ ეს დახმარება გაგრძელდეს, პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომის გამო დაღლილობისა და გამოფიტვის მიუხედავად, უკრაინაში მისი მიზნები არ შესრულდება.

“ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ჩონჩხად გადაიქცა“.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი ვერ იღებს.

„ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს. პრობლემა ისაა, რომ საკვებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იწოვს ორგანიზმი“,– განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზეც ისაუბრა.

გიული ალასანიამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მაგალითიც მოიყვანა.

„იქ ასე არის მითითებული, რომ გონივრულ ვადაში მოხდეს, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, არ ვიცი მართალი გითხრათ. ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება. საუბარია იმაზე, რომ შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს“, – განაცხადა ალასანიამ.

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. დღეს მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. ძმათა სასაფლაოებზე კი დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ.

პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და უკრაინის ომის დასრულება მოითხოვეს.

პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია „ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ“ ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო პოპულისტური პოლიტიკური პარტიის, „უფლება, პატივისცემა, პროფესიონალიზმის“ მიერ.

დემონსტრანტებმა მაღალი ინფლაცია და ენერგეტიკის ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „როცა უსამართლობა კანონი ხდება, წინააღმდეგობა მოვალეობად იქცევა“, „ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის“, „საერთო გაფიცვა“, „მიეცით მშვიდობას შანსი“, „არავითარი ომი“, „გამოდით ნატო-დან“, „ცრუ ხელისუფლება და მედია“.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა, დავიცვათ მშვიდობიანი გადაწყვეტა ჩვენს კონტინენტზე. მსოფლიო ძალები ჭადრაკს თამაშობენ, უკრაინა მხოლოდ ერთი უჯრედია და ყველაზე ბოლო, რაც მათ აინტერესებთ, არის ჩვეულებრივი უკრაინელებისა და რუსების ცხოვრება, რომლებიც ყოველდღე კვდებიან“, – თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, იინდრჟიხ რაიხლმა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

„17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

“სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 418-ე დღე

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.

„გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, – აცხადებენ უწყებაში.

გენერალური შტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია.

„ბახმუტის მიმართულებით რუსები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლები არ წყდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, ამ მიმართულებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მარინკას მიმართულებით, მარინკას დასახლების მიდამოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ბევრი შეტევა მოიგერიეს. ამ მიმართულებით რუსებმა კრასნოგოროვკა, მარინკა, გეორგიევკა, მაქსიმილიანოვკა, პობედა და ნოვომიხაილოვკა დაბომბეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.

უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით „ეს 300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს. ქალაქი სლავიანსკი 14 აპრილს დაიბომბა.

უკრაინა კანადიდან რუსეთის ჩამორთმეულ ქონებას მიიღებს, კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად”, – წერს დენის შმიგალი „ფეისბუქზე“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.

“რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება”

რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, ლი შანფუსთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ბოლო ვიზიტი მოსკოვში ძალიან პროდუქტიული იყო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში კარგად ვითარდება, მათ შორის სამხედრო კუთხით.

„რუსეთი და ჩინეთი, სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით, რეგულარულად ცვლიან სასარგებლო ინფორმაციას და ატარებენ ერთობლივ წვრთნებს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 136 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
აკვრაში შოთამ 162 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 298 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შოთა მიშველიძემ კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოსალოდნელია დაძაბული საქმიანი მოლაპარაკებები, თუმცა, დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, რადგან შანსი გექნებათ, გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

კურო

ნურავის შეჰპირდებით ისეთ რამეს, რაც თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან და საეჭვო პროექტებთან, რათა თავიდან აიცილოთ მნიშვნელოვანი დანაკარგები.

ტყუპები

დღეს დასრულებული საქმეების გადახედვა მოგიწევთ, ამან შესაძლოა, თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ხასიათზეც აისახება, ეცადეთ, ჯოხი თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე არ გადატეხოთ.

კირჩხიბი

ამ ეტაპზე, ოპტიმიზმი ყველაზე მეტად ჰჭირდებათ, პოზიტიური განწყობა, თავდაჯერებულობა და მომავლის იმედი, ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატების საწინდარია.

ლომი

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ. თქვენ ამას შეძლებთ.

ქალწული

ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციებში. აარიდეთ თავი საეჭვო გარემოებებს, მალე ბურუსი გაიფანტება. ყველა და ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ სხვადასხვა საკითხების განხილვა პირად თუ სამსახურებრივ საქმეებში, რაც შემდეგ, დიდი ალბათობით, აისახება თქვენს ურთიერთობებზე .

მორიელი

შეეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მოულოდნელობებს, შესაძლოა, მოიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი შესაძლებლობები.

მშვილდოსანი

მოუფრთხილდით ნერვებს, ნუ იქნებით სულსწრაფი და ყველაფერი დალაგდება. თქვენ შეძლებთ ვითარების გამოსწორებას ოჯახისა და მეგობრების მხარში დგომით და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.

თხის რქა

ნუ იქნებით სულსწრაფი პირად ურთიერთობებში, დამშვიდდით, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ემოციებს. ახლა თავშეკავება უფრო მოგებიანია.

მერწყული

დღეს, ამაოდ შეეცდებით, თანამოაზრეების მოძიებას, ამ პერიოდში, არ არის ხელსაყრელი სხვადასხვა სიახლეების წამოწყება. ამიტომ, გონივრულად გადაანაწილეთ თქვენი ხარჯები.

თევზები

იყავით თავდაჯერებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიუხედავად სხვადასხვა უსიამოვნო ამბებისა და მოთოკეთ ემოციები. ნუ იქნებით გარშემომყოფებთან ზედმეტად პრეტენზიული.

რეზნიკოვს უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ გადადგომა სურს

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მას სურს გადადგეს მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს, – ამის შესახებ RBC-Ukraine La Razon-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს ჩემი ოცნებაა! და მით უმეტეს, ჩემი ცოლის ოცნება.  ტიროდა, როცა მინისტრად დავნიშნე, ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ველოდებით გამარჯვების დღეს, რადგან ეს საშუალებას მომცემს ხელი მოვაწერო გადადგომის შესახებ განკარგულებას.დავბრუნდი კერძო სექტორში. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან, ძალიან რთული იყო“, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.