“სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

60
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 418-ე დღე

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.

„გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, – აცხადებენ უწყებაში.

გენერალური შტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია.

„ბახმუტის მიმართულებით რუსები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლები არ წყდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, ამ მიმართულებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მარინკას მიმართულებით, მარინკას დასახლების მიდამოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ბევრი შეტევა მოიგერიეს. ამ მიმართულებით რუსებმა კრასნოგოროვკა, მარინკა, გეორგიევკა, მაქსიმილიანოვკა, პობედა და ნოვომიხაილოვკა დაბომბეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.

უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით „ეს 300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს. ქალაქი სლავიანსკი 14 აპრილს დაიბომბა.

უკრაინა კანადიდან რუსეთის ჩამორთმეულ ქონებას მიიღებს, კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად”, – წერს დენის შმიგალი „ფეისბუქზე“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.