რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, ლი შანფუსთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ბოლო ვიზიტი მოსკოვში ძალიან პროდუქტიული იყო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში კარგად ვითარდება, მათ შორის სამხედრო კუთხით.
„რუსეთი და ჩინეთი, სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით, რეგულარულად ცვლიან სასარგებლო ინფორმაციას და ატარებენ ერთობლივ წვრთნებს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.