„როცა დარწმუნდა, რომ ამერიკელებისადმი ნდობა აღარ შეიძლება, საუდის არაბეთი სულ უფრო მეტად დრეიფობს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ – რუსეთისა და ჩინეთისაკენ”, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „დი ცეიტის“ (Die Zeit) მიერ დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „მემკვიდრე პრინცი ორიენტაციას ჩინეთისაკენ იღებს“ (ავტორი – მაიკლ ტუმანი).
ეს ჩანს იმაში, რომ ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, რაც მის გაძვირებას იწვევს და ამით ძირს უთხრის დასავლეთის მცდელობას – წაართვას რუსეთს „შავი ოქროს“ ექსპორტით მიღებული შემოსავლები. და ეს საუდელების რაიმე „კაპრიზი“ და მხოლოდ ეკონომიკური მოგების ძიება, არამედ სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრა, რომელსაც შეუძლია ისეთ სიტუაციამდე მიყვანა, როცა ახლოაღმოსავლური სახელმწიფო ჩინეთ-რუსეთის ალიანსის განუყოფელი ნაწილი გახდება“, – ხაზს უსვამს სტატიის ავტორი. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: ამ კვირაში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს მოხდა OPEC-ის – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის – წყალობით, რომელიც საუდის არაბეთის „თხოვნით“ „შავი ქოროს“ მოპოვება შეამცირა. რუსეთმა ეს უფრო ადგრე განახორციელა – რადგან ნავთობის ამოღების შემცირებით ფასები მატულობს, კრემლს ასეთი სიტუაცია აწყობს. „ყველაზე კარგი წინამძღვრები იმისათვის, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისში ჩავარდეს, ისაა, რომ ნავთობზე ფასები შემცირდეს. და თუ ამას ინფლაციას დავამატებთ, მივიღებთ შხამიან ნარევს. ცუდი ისაა, რომ ამით არამარტო დასავლეთი დაზარალდება, არამედ „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანაც, რომლებსაც საკუთარი ნავთობი არ აქვთ და მის იმპორტს ახდენენ. არადა, მთელი 40 წლის განმავლობაში სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო. 1980-იან წლებში ცივი ომის გამწვავების დროს, საუდის არაბეთმა მკაფიო პოზიცია დაიკავა: ერ-რიადმა მაქსიმალურად გაზარდა ნავთობის მოპოვება, რის შედეგადაც „შავი ოქრო“ გაიაფდა.
დასავლეთის ეკონომიკა განვითარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცუდ სიტუაციაში ჩავარდა საბჭოთა კავშირი: მოსკოვის საექსპორტო შემოსავლები ძალიან შემცირდა. ეს იყო ერთ-ერთი ის ფაქტორთაგანი, რომელმაც საბჭოთა ქვეყანა მნიშვნელოვნად დაასუსტა, ბოლოს კი კრიზისი დაიწყო და დაიშალა. დღეს კი პირიქითაა – ერ-რიადი დასავლეთს ხელს უშლის სურვილის განხორციელებაში – მოუსპოს ვლადიმერ პუტინს ენერგორესურსების ექსპორტით შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ, რომ ნავთობზე ფასები აკონტროლონ – მასზე ისეთი ფასი დააწესონ, რომელიც აღარ უნდა გაიზარდოს (კრემლის საზარალოდ), მაგრამ საუდის არაბეთი ძველებურად ამერიკის დამჯერი აღარ არის, რაც რუსეთის სიხარულს იწვევს…
ერ-რიადის პოლიტიკური კურსის ცვლილება „რაღაც კაპრიზი“ არ არის. საუდელების და ამერიკელების ურთიერთობა საკმაო ხნის წინათ გაფუჭდა: ერ-რიადს, რომელიც მაინც და მაინც დიდად არ ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე, აღიზიანებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის გამუდმებული საყვედურები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტების წინააღმდეგობრივი განცხადებებისა და მათი „მიხვეულ-მოხვეული“ მოქმედების ფონზე საუდელები დარწმუნდნენ, რომ ვაშინგტონისადმი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. ბოლო ხანს კი, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ იბნ სალმანის ძალაუფლების განმტკიცების პირობებში, ერ-რიადი სულ უფრო შორდება ვაშინგტონს. იბნ სალმანი ფხიზელი თვალით უყურებს თავისი ქვეყნის საექსპორტო სტატისტიკას და ხედავს, რომ დღეს-დღეობით არაბული ენერგორესურსების მთავარი შემსყიდველი ამერიკა კი აღარ არის, არამედ ჩინეთია. ამიტომ თავის საგარეო პოლიტიკაში ერ-რიადი „ცისქვეშეთზე“ ორიენტირებას ცდილობს. საუდელები ფულს აბანდებენ ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობსაცავების მშენებლობაში – ამ ყველაფერს კი თან გეოპოლიტიკური ცვლილებებიც ახლავს: 2022 წლის დეკემბერში, მოსკოვურ ვიზიტამდე, სი ძინპინი საუდის არაბეთს ეწვია, მას მემკვიდრე პრინცმა მდიდრული მასპინძლობა გაუწია. ორიოდე თვის შემდეგ კი, მარტში, პეკინმა სუნიტური ერ-რიადი და შიიტური თეირანი შეარიგა, რომლებიც იემენის ამბებში ჩარევის გამო ერთმანეთს „ემდურებოდნენ“. „ცისქვეშეთის“ ეს საშუამავლო ნაბიჯი ამერიკისადმი დარტყმას ნიშნავდა. ახლა ერ-რიადი ფიქრობს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს „დიალოგში მონაწილე პარტნიორის“ სტატუსით. ყველაზე ძლიერი არაბული სახელმწიფო სულ უფრო იხრება ჩინეთისაკენ. დასავლეთს უკვე აღარ უნდა ჰქონდეს საუდელების იმედი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად – ერ-რიადს საკმაო ხანია მოსკოვთან თბილი ურთიერთობები აქვს: იბნ სალმანი, OPEC-ის გაფართოებულ შემადგენლობასთან – OPEC+-თან ერთად, კრემლთან ათანხმებს ენერგორესურსების მოპოვების საკითხს. სხვათა შორის, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის მიხედვით, საუდელი ლიდერი არ არის დაინტერესებული რუსეთის საექსპორტო შემოსავლების შემცირებით – მას ხომ ამით თვითონაც მოგება ექნება.. ამჟამად დასავლეთს არ შეუძლია საუდის არაბეთს რაიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტი შესთავაზოს: არც ევროკავშირს და არც ამერიკას არ შეუძლია საუდელების ნავთობის დიდი რაოდენობით ყიდვა. ამასთანა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ როგორმე ერ-რიადის რუსულ-ჩინური დრეიფი დაამუხრუჭონ და დაარწმუნონ, რომ ნეიტრალური მოთამაშის როლში ყოფნა მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. და თუ საუდის არაბეთი რუსეთ-ჩინეთის ალიანსის განუყოფელ ნაწილად იქცევა, ეს დასავლეთისათვის და მთელი მსოფლიოსათვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება“.
წყარო