როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები – უცხოური პრესა

75
spot_img

როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები“ (ავტორი – დანილა გალპეროვიჩი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ნატოში ფინეთის სრულუფლებიანი წევრობა, რომელიც გასულ კვირას ოფიციალურად განხორციელდა, ვლადიმერ პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარი უნდა იყოს – მიუნხენის ცნობილი გამოსვლიდან, სულ მცირე 16 წლის განმავლობაში, იგი მუდამ ცდილობდა ნატოს გაფართოება დაემუხრუჭებინა, პირიქით კი გამოუვიდა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისათვის (Голос Америки) მიცემულ ინტერვიუში, როცა ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხო, ასეთი კომენტარი გაუკეთა კრემლის „წარმატებას“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისაკენ გაფართოების „დამუხრუჭებასთან“ დაკავშირებით: ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი ბიძგი მისცა ორი ტრადიციულად ნეიტრალური სახელმწიფოს ლტოლვის გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების მიზნით. შვედეთი სამხედრო ბლოკებს 1809 წლიდან თავს არიდებდა და ის, რომ სტოკჰოლმმა აზრი შეიცვალა, ამაში, რასაკვირველია, პუტინის „მიღწევა“ ნამდვილად არის: კრემლმა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით შვედეთის თითქმის ორსაუკუნოვანი ტრადიცია გააუქმა. ფინეთი, რომელიც ნეიტრალური იყო მთელი 80 წლის განმავლობაში, უკვე ნატოს წევრია. ორივე ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტება დაინახეს. თომას ჰენდრიკ ილვესი დარწმუნებულია, რომ სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობისა და რუსეთის არმიის სარდლობის მოქმედება იყო მთავარი მოტივი იმისა, რომ ფინელებმა და შვედებმა რუსეთში საშიში მეზობელი დაინახეს – „ბუჩაში და სხვა ქალაქებში რუსების მიერ ჩადენილმა ბოროტებამ – მკვლელობებმა, გაუპატიურებებმა, წამების საკნებმა და სხვა საშინელებებმა შვედებს და ფინელებს ნატოსადმი მიერთება გადააწყვეტინათ. ისინი მიხვდნენ, რომ მოწოდებები „მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ“ და „ხელი-ხელს ჩავკიდოთ“ მეტად აღარ მუშაობს“. შვედეთს 200 წლის განმავლობაში მართლაც შეგნებულად არ სურდა სამხედრო ბლოკებში გაერთიანება. კაცმა რომ თქვას, ეს იმპერიული რუსეთის იმპერიული დიპლომატიის შედეგი იყო. ფინეთი კი, იმის გამო, რომ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, მცირე გამონაკლისი პერიოდის გარდა, სხვა ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთის (სსრკ-ს) მიმართ მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა. დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. პუტინის პოლიტიკური კარიერის მკვლევრებს კარგად ახსოვთ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის ლიდერს თვითონაც სურდა ნატოს წევრი გამხდარიყო და ალიანსის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიეღო, ხოლო რუსეთის სამხედრო სარდლობა 2000-იან წლების დასაწყისიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

მაშინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ნატოში არაფერს საშიშს არ ხედავდა. პუტინის ტონი ერაყის ომის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ მისი მოქმედების რადიკალური ცვლილება საქართველოში და უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ გამოიკვეთა – როცა კრემლმა ჩათვალა, რომ დასავლეთს რბილი თუ მკაცრი ხელით სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმის შეცვლა აქვს განზრახული. როგორც ოსლოში (ნორვეგია) არსებული მსოფლიოს პრობლემების კვლევითი საერთაშორისო ინსტიტუტის (PRIO) წამყვანი მენიერ-თანამშრომელი პავლე ბაევი ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ვლადიმერ პუტინს ძალიან აღელვებდა რაკეტების განლაგება რუსეთთან ახლოს (რუმინეთში), ასევე რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ნატოს გემების ცურვა (მაგალითად, ნორვეგიის ფიორდებში და შავი ზღვის აკვატორიაში). თუმცა ექსპერტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს, პრინციპში, ნატოს გაფართოებისა მაინცდამაინც არ ეშინოდა. უბრალოდ, იგი ამ ფაქტს საფრთხობელასა და მუქარის სახით იყენებდა იმავე დასავლეთის წინააღმდეგ. მას ამ მხრივ საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავდა – მას უსმენდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ექსპერტები, პოლიტიკოსები და ა.შ.“. თომას ჰენდრიკ ილვესიც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის თეზისს – „ნატოს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს“ – დასავლეთში საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა: იცით, დასავლეთში ბევრი სასარგებლო იდიოტია, რომელსაც კრემლის პროპაგანდისა სჯერათ… მაგრამ საჭიროა გავიხსენოთ, რომ 2021 წლის დეკემბრამდე ვლადიმერ პუტინი ფაქტობრივად, ეთანხმებოდა ნატოს გაფართოებას, შემდეგ კი მან იმ ქვეყნების ალიანსიდან გამოსვლა მოითხოვა, რომლებიც მას ახლახან შეუერთდნენ“. ახალ კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროპაგანდა, როცა ნატომ თავისი მიჯნები რუსეთთან ბევრად გაზარდა, შეიძლება კრემლის არსენალიდან გაქრეს, რათა არ გაახსენოს რუსეთის მოსახლეობას, თუ ვინ ცდილობდა გაფართოების დამუხრუჭებას და რამდენად წარმატებით განახორციელა დანაპირები. განა მოეწონებათ რუსებს იმის გახსენება, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება კი არ დაამუხრუჭა და შეწყვიტა, არამედ პირიქით, უფრო დააჩქარა.

წყარო